კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პრესკლუბს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა 13 ოქტომბერს სტუმრობდა. თუმცა, რიგი მიზეზების გამო, დაგვიგვიანდა ჟურნალისტებთან ხაინდრავას შეხვედრის ტექსტური ვარიანტის გამოქვეყნება. ახლა კი გთავაზობთ, ხაინდრავას იმ პასუხებს, რომელიც მან ჟურნალისტების დასმულ კითხვებზე გასცა.
თქვენ განაცხადეთ, რომ პოლიტიკიდან წახვედით, ახალხანს დაფუძნდა ახალი „ქართული პარტია“, სადაც თქვენი მეგობრები არიან, ხომ არ გადაიფიქრეთ და ხომ არ აპირებთ ისევ აქტიურად ჩაერთოთ პოლიტიკურ პროცესებში?
– მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს, ხოლო ის, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის და საკუთარი თავისთვის. ეს არ არის პოლიტიკურ პროცესი და რაც არ არსებობს იმის მონაწილე ვერ იქნები.
მართალია პოლიტიკაში არ ვარ, მაგრამ ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ამ ჭირის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ბოლომდე ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო და იმის მიუხედავად, როგორ ინტერპრეტაციას აძლევს ჩემს წასვლა–მოსვლას სახელისუფლებო მედია.
რაც შეეხება ახალ პარტიას, იქ არიან ჩემი მეგობრები და ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ ამ პარტიას დაარქვეს „ქართული პარტია“. მე მივეჩვიე, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ყველანაირი პარტია – ვაშინგტონის, ბრიუსელის, მოსკოვის, ევროკავშირის, ჩინეთის და რა ვიცი, ყველანაირი, მაგრამ არასოდეს მინახავს ქართული პარტია. ღმერთმა ქნას, რომ ეს ნამდვილად ქართული პარტია იყოს და ქართული ინტერესების გამტარებელი. ყველა დანარჩენი მოქმედი პარტია, ან რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, ან – ამერიკის, ხოლო ერთიც და მეორეც, ვთვლი, რომ საქართველოსთვის დამღუპველია.
რუსებს აქვთ თავიანთი პოლიტიკისთვის დამახასიათებელი გამოთქმა, რაც 9 საუკუნეა არ შეცვლილა – „сила есть - ума не надо“. რუსეთი სულ ამ გზით დადის და ზარბაზნით და ტანკით ამყარებს თავის ძალას. რაც შეეხება ამერიკას, ქალბატონი კლინტონის უკანასკნელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის ცინიზმი საქართველოსთან მიმართებაში, რაც ისმის ამერიკის ადმინისტრაციისგან. მესმის, რომ ცუდი მემკვიდრეობა დახვდა ქალბატონ კლინტონს, მაგრამ ის ან არ კითხულობს საკუთარი უწყების ანგარიშებს, რაც საეჭვოა, ან რჩება ერთი – ის ცრუობს ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით.
კლინტონს, რომ წაკითხული ჰქონოდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის იმ სიცრუეს არ იტყოდა, რაც თქვა. თუმცა, იმის წარმოდგენა, რომ ის არ კითხულობს საკუთარი უწყების დასკვნებს, ძნელი დასაჯერებელია. როგორც ჩანს, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან, საქართველოს მოსახლეობაში ხედავს საზარბაზნე ხორცს, ხოლო ქვეყნის ტერიტორიას, როგორც სტრატეგიულ ტერიტორიას, რომლის დაპატრონება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზესახელმწიფოსთვის, რომელსაც იმპერიული ამბიციები გააჩნია.
თქვენ ყოველთვის ადანაშაულებდით ამ ხელისუფლებას ნარკოტრასის მფარველობაში, თუმცა მყარი არგუმენტები არასოდეს მოგვისმენია.
– ინფორმაცია, რომელსაც მე ვაჟღერებდი საქართველოში, ეს არ არის ჩემი ინფორმაცია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს ეს ინფორმაცია. ეს არის ევროკავშირის, გაეროს სპეციალური კომისიების და იმ ფონდების ანგარიშები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა და საქართველო განცალკევებულად არ განიხილიება, ის განიხილება საერთო კონტექსტში. ამ ინფორმაციებით შეგიძლიათ შეიტყოთ, რომ საქართველოზე ყოველწლიურად გადის 9 ტონა ჰეროინი, აქედან 1,5 ტონა რჩება საქართველოში და ხდება მისი გასაღება.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 250 ათასიდან 300 ათასამდე ნარკოტიკის მომხმარებელია დარეგისტრირებული. ვინც, მეტ–ნაკლებად იცნობს ამ პრობლემას, იცის, რომ ამ ადამიანებს, მათ ნაწილს მაინც (დაახლოებით 70%), ყოველდღიურად სჭირდება ნარკოტიკი. ვინმე ჩათვლის, რომ მერაბიშვილმა არ იცის ამის შესახებ?
ნარკოტრასა არ შეიძლება ქვეყანაში უპატრონოდ იყოს და იმ 7,5 ტონა ჰეროინსაც ვიღაცა კურირებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამას ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს შსს, ისევე, როგორც ნარკოტიკების გავრცელება ხდება მათი მფარველობით. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ: საქართველოში ნარკოტიკს ყოველთვის აქვს ერთი და იგივე ფასი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ წყარო არის ერთი. სხვა შემთხვევაში, ფასი იქნებოდა სხვადასხვა, ისე, როგორც – დანარჩენ მსოფლიოში. შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში 5 ათასი დანაშაული იყო ნარკოტიკთან დაკავშირებული და აქედან, გასაღების ფაქტი იყო – 9. ეს ფაქტები ყველაფერი ერთად რომ დაალაგოთ, ამას დიდი ჭკუა და ექსპერტობა არ სჭირდება, რომ მიხვდე რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ის, რომ ნარკოტიკი საღდება მერაბიშვილის უწყების მიერ, ეს დიდი ხანია ვიცი და ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი მანკიერება, რაც ამ უწყებიდან მოდის, ეს არის დამანგრეველი უწყება და რატომ ამაყობენ ამით ჩემთვის გაუგებარია. საერთოდ, მიკვირს ქართული ჟურნალისტიკის, რომელიც ყველაფერზე წერს და რატომღაც ყოველთვის ავიწყდება, რომ არსებობს ასეთი პერსონა – მერაბიშვილი, რომლის პიარმა რუსეთში უკვე ზღვარს გადააცილა და იქაც კი დაისვა საკითხი, როდემდე შეიძლება ამ მტრული ქვეყნის „ხერხემლის“ წარმოდგენა ასეთი ფორმით.
რაც მთავარია, ჩემთვის გასაკვირია, რა ენაზე აძლევს მერაბიშვილი ინტერვიუს, რადგან მან რუსული ისე იცის, როგორც მე ბულგარული. ისეთი გამართული რუსულით იწერება რუსულ პრესაში მისი ინტერვიუები, მაინტერესებს მის მაგივრად ვინ წერს და ვინ აკეთებს რედაქტირებას. რატომ არ კითხულობთ რა ხდება და რატომ იბეჭდება ამ ადამიანის ინტერვიუები რუსულ პრესაში ასე ინტენსიურად?
თქვენ განგვიმარტეთ.
– მე არაერთხელ მითქვემს, რომ მერაბიშვილი არის რუსეთის რეზიდენტი და ის ახორციელებს რუსეთის ინტერესებს. ჩრდილო კავკასიელებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების ინიციატივა, რომელიც აბსოლუტურად დამღუპველია, სწორედ მის მიერ არის ინსპირირებული და სხვის მიერ გაჟღერებული. საერთოდ, რა პრინციპით შეიძლება ამის გაკეთება ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მთელი რუსეთის მოქალაქეებში განსაზღვრო რომელია ჩრდილო კავკასიის მოქალაქე, როცა მათ ყველას რუსული პასპორტები აქვთ.
ეს არის ექსპანსიის კიდევ ერთი გზა. ალანიაში, ერთადერთ ოსეთში, რუსების მიერ ინსპირირებული ძალიან ცუდი მოძრობები შეინიშნება, რომელიც მოითხოვს თრუსოს ხეობას, ბაკურიანის მისდამოებს და ა.შ. ეს ღიად ცხადდება და ჩვენ, რომ სახელისუფლებო მედიის გამო ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს გარშემო არაფერი ხდება. ეს ინიციატივა არის მერაბიშვილის მხრიდან გაღებული კარი, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩრდილოკავკასიელია, თავისუფლად შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე. რისთვის არის ეს საჭირო, ჩემთვის გაუგებარია.
იმდენად აბსურდული არგუმენტები კეთდება ამ უწიგნური ადამიანების მხრიდან – მალაშხიების და კიდევ, ის ლიდერი რომ ჰყავთ ერთი, როგორც მახსოვს ნარკოტიკების გამო, პანკისის ხეობაში ორი კვირა „ბატარეაზე“ რომ ჰყავდათ მიბმული – პეტრე ცისკარიშვილი, მათ რომ მოუსმინო, ეს ყველაფერი თითქოს, რუსეთის დასასუსტებლად ხდება. ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა თუ გვინდოდა, „კავკასიური სახლისთვის“ შეგვეწყო ხელი, ის ორგანიზაცია აკეთებდა ამისთვის შესანიშნავ საქმეებს. ის კი, რასაც მერაბიშვილი აკეთებს სხვა რამაა, მეტსაც გეტყვით, რუსეთში ისეთი რეკლამა ხდება ამ ადამიანის, რომ დარწმუნებული ვარ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ ხდება სააკაშვილისთვის, ეს მერაბიშვილისთვის ხდება. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უკვე დიდი ხანია ყარს და მის პოლიტიკურ ასპარეზზე დატოვებას, მისი არც მოსკოველი პატრონები აპირებენ და არც ვაშინგტონელი, მაგრამ ის სისტემა, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული, ერთი ქვეყნისთვისაც სასარგებლოა და მეორესთვისაც.
იმის თქმა გინდათ, რომ მომავალ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილს ისეთივე მხარდაჭერა არ ექნება თეთრი სახლიდან, როგორც ბუშის დროს ჰქონდა?
– მე ვხედავ, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ობამა ხელს არ ართმევს სააკაშვილს და არ ხვდება, რადგან ეს ძალიან ვნებს მის რეპუტაციას. რაც შეხება საქართველოსთან დამოკიდებულებას, ამერიკის ელჩსაც ხშირად შევყავართ შეცდომაში და თავგზას გვიბნევს. გვახსოვს, მისი განცხადებები კონდოლიზა რაისთან დაკავშირებით, რომ ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. მაშინ ბათუმში ვიყავი და ეს ვიზიტიც ვნახე, რომელიც 9 წამი გაგრძელდა – რაისი ჩამოვიდა ტრაპიდან და გაფრინდა. 9-წამიანი ვიზიტი თუ ასეთი მნიშვნელობის არის არ ვიცი, როგორც ჩანს, ურთიერთობების ახალი ათვლა ისწავლა ბატონმა ბასმა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამის შემდეგ, არავითარი განმარტების გაკეთება არ იკადრა. იგივე იყო კლინტონის უკანასკნელი განცხადებაც. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი კლინტონი მოიმკის ამ სიცრუის შედეგებს, ოღონდ - ამერიკაში, როცა არჩევნები მოვა.
ხელისუფლების შესაცვლელად რომელი გზა უფრო რეალურად გეჩვენებათ?
– ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოში ორი და სამი გზა არ არსებოს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გზაა. არჩევნები გზა არ არის, რადგან სააკაშვილს ძალაუფლება უკანონოდ აქვს უზურპირებლი და ამისთვის ყველაფერი დადო სასწორზე, რომელსაც არაფრის ფასად არ დათმობს. ამიტომ, არჩევნების გზას მე პოლიტიკურ დემაგოგიას ვეძახი, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე სიარული, მერამდენე მცდელობაა სააკაშვილთან მოლაპარაკების? ეს არის დროის გაყვანის და დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნის ტაქტიკა, რაც ცალსახად აწყობს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ვინც ამაში მონაწილეობს, მიამიტი არ ვარ მჯეროდეს, რომ ეს მათ უნებლიედ მოსდით – ძალიანაც „ნებლიედ“ მოსდით, რადგან რაღაც ინტერესები დგას ამის უკან. მე ვეჭვობ და საფუძვლიანად, რომ ეს ინტერესები ვაშინგტონიდან მოდის. იქედან ვიღაცეებს ეუბნებიან: მოიცადეთ, ამ რადიკალებს ნუ უსმენთ, მოვა დრო, სააკაშვილი აღარ იქნება და თქვენ ჩაანაცვლებთ მას. ვინ „თქვენ“ ეს მალე გაირკვევა.
პირადად სააკაშვილმა თავისი საათი ამოწურა, მაგრამ სხვა საქმეა სისტემა. სისტემა არის საკმაოდ მოხერხებულად აწყობილი და იგი ამერიკასაც აწყობს და რუსეთსაც. ამიტომ, როგორ იქნება ამ სისტემაში გადანაწილებული ძალები, რომ ტოტალური კონტროლი დარჩეს და განხორციელდეს, ეს სხვა თემაა. ამისთვის ახლა მიდის ბრძოლა, ვინც წავა ე.წ. მოლაპარაკებების გზით, ის თავის პირდაპირ თანამშრომლობას ამ ამერიკულ–რუსულ ინტერესებთან გაამჟღავნებს, თუმცა ეს არ ადარდებთ.