იყიდება თუ არა მერაბ კოსტავას ეზო და რა კავშირი აქვს გიგი თევზაძესა და თედო პაატაშვილს არაბ ინვესტორებთან

იყიდება თუ არა მერაბ კოსტავას ეზო და რა კავშირი აქვს გიგი თევზაძესა და თედო პაატაშვილს არაბ ინვესტორებთან

 

ჩემთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბავია, რომელიც პრივატიზების ერთი ჩვეულებრივი ისტორია, ან რიგითი, უძრავი ქონების გაყიდვის მცდელობის ფაქტი, ნამდვილად არ არის. ამბავი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ეზოს შესაძლო პრივატიზებას ეხება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კოსტავას ეზოს შეძენა თურქ ინვესტორებს სურთ, სხვა ინფორმაციით კი არაბი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. ... 23 წლის წინ, ჩემ მეგობრებთან ერთად, მერაბ კოსტავას პანაშვიდზე მისულმა, იმ აღმართის ავლა ვერ შევძელი, სულიერად ძალიან გამიჭირდა. 23 წელია, ამ თემას ჩუმად, გულში ვინახავ. მხოლოდ ერთხელ, ზუსტად 21 წლის წინ, ბარიკადებით ორად გახლეჩილი რუსთაველის გამზირის გამო, 17 წლის ასაკში შევეხე მერაბის სახელს და 1991 წელს, გაზეთში ,,თბილისი'', ჩემი პირველი სტატია გამოქვეყნდა კიდეც: ,,ქართველები შეარიგე, მერაბ!'' მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვიღაცას ამ ქვეყანაში, მერაბ კოსტავას ეზოს პრივატიზება უნდა, ან შეუძლია გაყიდოს. ჩემთვის, კოსტავას გარდაცვალებიდან დღემდე, ზუსტად 23-ჯერ დადგა 9 აპრილი და 26 მაისი, მაგრამ 2012 წლის 9 აპრილამდე, ვერც ერთ წელს და ვერასდროს გავბედე იმ აღმართის ავლა, მის სახლ-მუზეუმში შესვლა, ან თუნდაც მისი ნივთების დათვალიერება. წელს ეს მოვახერხე, უფრო ზუსტად, შევძელი და იმ დღის ემოციაც მთელი ცხოვრება გამყვება...

კოსტავას ეზოს პრივატიზების პრეისტორია  

თბილისში, ზანდუკელის ქუჩა #1-ში, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკა და რამდენიმე კერძო სახლია განთავსებული. წლების წინ, ეს ტერიტორია შპს ,,მეცხრე ტალღამ'' შეიძინა, რომლის ერთ-ერთი მეწილე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, პირველი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის _ ,,ქარტია 91''-ის თავმჯდომარე, თედო პაატაშვილი იყო. ,,მერაბ კოსტავას საზოგადოების'' წევრი, ვაჟა ადამია, რომელიც ზანდუკელის #1-ში, იმავე ეზოში ცხოვრობს, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს: ,,2005 წლის ზაფხულში, ჩემთან მოვიდა ,,ქარტია-91''-ის თავმჯდომარის, თედო პაატაშვილის წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა, რომ მათ აქვთ ნაყიდი მეტრო-სადგურ ,,რუსთაველის'' ბაქანი-სახურავი, დაშენების უფლებით. მე და ჩემ ძმას შემოგვთავაზეს გარკვეული ფართობი, რაზეც უარი ვთქვით იმ მოტივით, რომ ეს არის ისტორიული ეზო. აქ არის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, აქ დაირწა ეროვნული მოძრაობის აკვანი _ ზვიადი და მერაბი იქ მოღვაწეობდნენ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, ხოლო 1987 წელს, როდესაც მერაბი ციხიდან გამოვიდა, პირველი მიტინგი იმ ეზოში გაიმართა... მშენებლობა მოიცავდა იმ ტერიტორიასაც, რომელზეც რუსთაველის ძეგლი დგას, ამიტომ იმხანად ეს მშენებლობა შეჩერდა. 2009 წელს, საპყრობილეში ჩემი ყოფნისას, ეს თემა კვლავ განახლდა. ჩვენ ეზოს, კოსტავას ქუჩის მხრიდან, მინის პავილიონი ჰქონდა მიშენებული, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. თავის დროზე, მინის პავილიონის მიშენების უფლება თედო პაატაშვილმა მოიპოვა''. თედო პაატაშვილი მეტრო-სადგურ ,,რუსთაველის'' სახურავზე მართლაც აპირებდა 50-სართულიანი სავაჭრო ცენტრის აშენებას, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კონკურსში გაიმარჯვა კიდეც, ეს პროექტი დღემდე შეჩერებულია. თედო პაატაშვილის სახელს უკავშირდება 1999 წელს გახმაურებული სკანდალიც, რომლის მიხედვითაც, უშიშროების მაშინდელი მინისტრი ვახტან ქუთათელაძე, მისი ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორი იყო, რომელიც სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად ინვესტორების მოძიებაში უნდა დახმარებოდა. 

,,ილიაუნი'' ბიბლიოთეკის გაყიდვას არ გეგმავს 

ზანდუკელის #1-ის მაცხოვრებლები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ისინი საკუთარი სახლების პრივატიზებას არ დაუშვებენ. მეტიც, ეს მათი კერძო საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, მათი კერძო საკუთრება მიითვისოს. კოსტავას ეზოს მაცხოვრებლებმა არ იციან, კონკრეტულად ვინ და რას აპირებს, ისინი იმასაც დაუფარავად აცხადებენ, რომ ტერიტორიის შეძენის სურვილით, მათ ეზოში არც თურქი და არაბი ინვესტორები გამოჩენილან. მიუხედავად ამისა, მოარული ხმებისა თუ ჭორის დონეზე იციან, რომ კოსტავას ეზოს შეძენა უცხოელ ინვესტორებს მართლაც სურთ და ისიც იციან, რომ იქ დიდი სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავენ. ,,ვერსია'' ბიბლიოთეკის ერთ-ერთ თანამშრომელსაც გაესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია კოსტავას ეზოს შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, დაგვიდასტურა. კოსტავას ეზოშივეა განთავსებული პედაგოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი, ამორტიზებული შენობაც. ამ ინსტიტუტის თანამშრომელმა, მზია გაგნიძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას უარყო ინფორმაცია შენობის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ინსტიტუტიც და ბიბლიოთეკაც ამჟამად ,,ილიაუნის'' ბალანსზე ირიცხება, ,,ვერსია'' რექტორს, გიგი თევზაძეს დაუკავშირდა: ,,დიახ, ეს შენობები ჩვენ ბალანსზეა, მაგრამ ჩვენ ბიბლიოთეკის გაყიდვას ნამდვილად არ ვაპირებთ. რომც გვინდოდეს, მაინც ვერ გავყიდით, რადგან ეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციაა. არც ერთ ინვესტორს არ მოუმართავს ჩვენთვის ბიბლიოთეკის შეძენის გამო, რადგან როგორც გითხარით, შენობა კი ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ მისი გაყიდვა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია''. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში ზანდუკელის #1-ში განთავსებული შენობა-ნაგებობები არ იძებნება. საბედნიეროდ, ოფიციალურად, არც ,,ილიაუნის'' ბალანსზე არსებული შენობების და მით უფრო, არც მერაბ კოსტავას სახელობის სახლ-მუზეუმის გაყიდვა იგეგმება. ,,ვერსიამ'' სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ კოსტავას ეზოთი არაბი და თურქი ინვესტორების დაინტერესება მხოლოდ თედო პაატაშვილს შეეძლო. იმის გამო, რომ წლების წინ 50-სართულიანი სავაჭრო ცენტრის აშენება ვერ შეძლო, გამორიცხული არ არის, ახლა არაბი ან თურქი ინვესტორები დააინტერესა. წყაროს ინფორმაციით, მეტრო-სადგურ ,,რუსთაველის'' სახურავზე, არ შეიძლება ცათამბჯენის აშენება. მეტიც, გეოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ზოგადად, რუსთაველის, ან თუნდაც ჭავჭავაძის გამზირი, ცათამბჯენებს ვერ აიტანს. ერთია, 21-ე საუკუნის გამოწვევა და თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ სულ სხვაა გეოდეზიური დასკვნა, რომელიც ნებისმიერი შენობის ასაშენებლად მიღებულ ნებართვას უნდა ახლდეს. 

თედო პაატაშვილი კოსტავას ეზოს ყიდვას არ აპირებს 

,,ვერსია'' შპს ,,მეცხრე ტალღის'' ერთ-ერთ მფლობელს, თედო პაატაშვილს დაუკავშირდა და მის სახელთან დაკავშირებული ყველა ჭორი პირადად გადაამოწმა: 

_ ბატონო თედო, კოსტავას ეზოში სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავდით, ახლა რა ხდება ამ პროექტთან დაკავშირებით? 

_ რადგან მერაბ კოსტავას ეზოზეა საუბარი, უნდა გითხრათ, რომ დამოუკიდებლობის აქტზეც მაქვს ხელი მოწერილი და საქართველოს კონსტიტუციაზეც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მერაბის დამკრძალავი კომისიის წევრი ვიყავი, მას პირადად ვიცნობდი და მისი უმცროსი მეგობარი ვიყავი. არანაირი ურთიერთობა მერაბ კოსტავას ეზოსთან არ მაქვს, 1996 წელს შევიძინე მეტრო-სადგურ ,,რუსთაველის'' სახურავი და შუშის შენობა ,,სერვიტუტი''. აქედან გამომდინარე, ორი საერთაშორისო კონკურსი ჩავატარე, პირველი კონკურსი 1997 წელს ჩატარდა და მასში 102 არქიტექტურული ჯგუფი მონაწილეობდა, მათგან 6 უცხოური იყო. მეორე კონკურსი 2005 წელს ჩატარდა, რომლის ჟიურის თავმჯდომარე იყო გიგი უგულავა, ამ კონკურსში 62 არქიტექტურული ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის, 6 უცხოური. საუბარი იყო მეტრო ,,რუსთველის'' სახურავზე, რადგან ჯერ კიდევ 1962 წელს, საბჭოთა საქართველოს მთავარი არქიტექტორი, ივანე ჩხენკელი ზუსტად ამ ადგილის განვითარების გეგმაზე საუბრობდა. სამწუხაროდ, გიგი უგულავამ არაფერი გაგვაკეთებინა და არც შეგვხვდა. არადა, თითოეული კონკურსის ორგანიზებასა და პრემიებში 120 000-დან 160 000 ლარამდე გადავიხადეთ. 

კოსტავას ეზოს პრივატიზებას თქვენ სახელს რატომ უკავშირებენ? 

_ რაც შეეხება უშუალოდ მერაბ კოსტავას ეზოს, მინდა გითხრათ, რომ არც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს და არც ,,ნაციონალური მოძრაობის'' ხელისუფლებაში ყოფნისას, არ ყოფილა საუბარი უშუალოდ მერაბ კოსტავას სახლის პრივატიზებაზე. ჩვენ მიერ ჩატარებულ ორივე კონკურსში, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ეზოში მდებარე ბიბილიოთეკის შენობაც შეიყვანა. როგორც იცით, ამ ეზოში ჯერ არის ბიბლიოთეკის შენობა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი, თაღითაა გამოყოფილი ვაჟა ადამიას სახლი, ამის შემდეგ არის პატარა შადრევანი, სკვერი და მის წინ მდებარეობს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, რომელიც ჩემი აზრით, მხოლოდ მერაბის სახელობის კი არა, მთლიანად, ეროვნული მოძრაობის სახელობის სახლ-მუზეუმი უნდა იყოს. არც ერთ პროექტში არ შედიოდა გზის იქითა მხარე, ანუ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, მაგრამ ეს პროექტები მაინც არ განხორციელებულა. რა ხდება ახლა ამ ეზოში, არ ვიცი, მაგრამ ადრე მქონდა მოლაპარაკებები ვაჟა ადამიასთანაც და ბიბილიოთეკის დირექტორთანაც, თუ ეს პროექტი განხორციელდებოდა. სამწუხაროდ, პროექტი არ განხორციელებულა და ჩვენც მოტყუებულები აღმოვჩნდით. მერაბ კოსტავას სახლი და ზოგადად, ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. მეც მესმის ჭორები, რომ გაიყიდა ბიბლიოთეკა, კოსტავას სახლიც, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების უპირობობიდან გამომდინარე, რომელიც ყველაფერს იკადრებს, ოღონდ ფული იშოვოს, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი გაყიდეს კიდეც. იმედი მაქვს, ეს უსინდისო მთავრობაც კი, ამ სახლს ვერ გაყიდდა, რადგან მერაბ კოსტავას სახლია, ამას გიგი უგულავასნაირი კაციც კი ვერ გაბედავდა. კოსტავას სახლთან შეხება არ მქონია, რადგან ჩემ პროექტებში საუბარი იყო მხოლოდ ,,რუსთაველის'' მეტროს სახურავზე, მაგრამ თუ ქალაქი თანახმა იქნებოდა, ბიბლიოთეკის შენობაც ჩაერთვებოდა. 

ბატონო თედო, ვახტან ქუთათელაძე თქვენი მეწილე იყო? 

_ არა, ვახტანგ ქუთათელაძესთან ბიზნეს-ურთიერთობა არ მქონია და არც მაქვს.