განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა საშენი მასალების ხარისხთან დაკავშირებით. არ არსებობს სტანდარტი და შესაბამისად, არავინ იცის მავანი დეველოპერი რა კვეთის და სიმტკიცის არმატურას იყენებს ზემაღალი კორპუსის წამოსაჭიმად; ანდა როგორი ხარისხის ცემენტს ანიჭებს უპირატესობას. მშენებელთა ერთი ნაწილი მოსახლეობას მხოლოდ იმით ამშვიდებს, რომ ჯერჯერობით არც ერთი კორპუსი არ დანგრეულა და დაზიანებულა.
თუმცა, ამიერიდან სიტუაცია ცოტათი შეიცვლება. სამშენებლო ბაზარზე ხარისხის კონტროლი გაძლიერდება. ამ პროცესს უზრუნველყოფს სამშენებლო და ტექნიკური ლაბორატორია, რომლის გახსნაც აჭარაში იგეგმება. ამიერიდან სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ხარისხს სპეციალური სამსახური გააკონტროლებს.
ლაბორატორია სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების, ასევე სხვადასხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების ფიზიკო-მექანიკურ პარამეტრებს შეისწავლის და სათანადო რეკომენდაციებს მოამზადებს.
პროექტის ავტორების განცხადებით, ლაბორატორია სამშენებლო რისკებს შეამცირებს და მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნაკეთობებისა და სხვა მოწყობილობების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხარისხიანი პროდუქტების შექმნას შეუწყობს ხელს.
სამშენებლო სფეროს ექსპერტები მსგავსი ტიპის ლაბორატორიის შექმნას მიესალმებიან. ამით სამშენებლო ბაზარზე არსებული რისკები გაქარწყლდება. მათივე ვარაუდით, ლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ სამშენებლო დანადგარებისა და მასალების ასორტიმენტი შემცირდება, მაგრამ, ეს მხოლოდ დაბალხარისხიან პროდუქციაზე მოახდენს გავლენას.
სამშენებლო სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილის განმარტებით, ხარისხის კონტროლი საქართველოში აქამდეც ხდებოდა და სპეციალური ლაბორატორიის შექმნის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება. მსგავსი პროექტი სამშენებლო ბაზარს კიდევ უფრო დაიცავს და დღესდღეობით არსებულ რისკებს მოხსნის.
“სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების გაკონტროლება აუცილებელია და ასეთი ტიპის ლაბორატორია აქამდეც უნდა ყოფილიყო. ცხადია, ამით მაღალი რისკი მოიხსნება და დაცულობას კიდევ უფრო გააძლიერებს. არის ერთი მომენტიც, ლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ სამშენებლო დანადგარებისა და მასალების ასორტიმენტი შემცირდება, მაგრამ ეს არ შეეხება მაღალხარიხიან პროდუქტს, პირიქით, უხარისხო პროდუქციის გამოშვებას შეამცირებს და ამ მხრივ ბაზრის დაცვას უზრუნველყოფს. სჯობს, შემცირდეს, ვიდრე რისკი არსებობდეს.
სავარაუდოდ, მოხდება სამშენებლო ნაწარმის გაძვირება, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მომხმარებელი დაზარალდეს, სავარაუდოდ, ფასი 2-5 პროცენტის ფარგლებში მოიმატებს. ცვლილება მხოლოდ ამ ლაბორატორიის საქმიანობაზე არ იქნება დამოკიდებული, სამშენებლო ბიზნესში გაძვირება ისედაც მოსალოდნელია და ამას ადრეც ვამბობდი”, - აცხადებს ფალავანდიშვილი.
მისი ინფორმაციით, ხარისხის კონტროლი თბილისში ადრეც ხდებოდა, მაგრამ არა ლაბორატორიის დონეზე. “მიუხედავად იმისა, რომ ხარისხთან დაკავშირებული რისკი დღემდე აქტუალურია, არ მქონია ინფორმაცია, რომ რომელიმე შენობა გაიბზარა ან დაინგრა. ამ მხრივ მყიდველთან პრობლემა არ გვქონია”, - აღნიშნავს ფალავანდიშვილი.