IFC-ის კვლევით გულმოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე აცხადებს, რომ დღეს ბიზნეს საგადასახადო წნეხთან მიმართებაში პრეტენზია აღარ აქვს, რადგანაც სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და მათი მიდგომა ბიზნესის მიმართ უფრო ლიბერალური გახდა. მისი აზრით, ბიზნეს საგადასახადო წნეხზე უფრო მეტად კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებს
“გასული ორი წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში საკმაოდ სერიოზული რეფორმები განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ბიზნესპროცედურები და ზოგადად საკმაოდ ლიბერალური გახდა საგადასახადო კანონმდებლობა. IFC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში ბიზნესი სხვა ტიპის პრობლემებს ასახელებს, როგორიცაა მათი პროდუქციის მოთხოვნის ზრდა ან კლება, ბაზარზე კონკურენცია. მხოლოდ 3-5%-ი ასახელებს, რომ მათი ბიზნესის კლების, ან ზრდის მიზეზი იყო საგადასახადო კანონმდებლობა ან საგადასახადო წნეხი. ასევე ბიზნესმენთა უმეტესობის აზრით, კომუნალური გადასახადები უფრო მეტი ტვირთია ბიზნესისთვის ვიდრე საგადასახადო გადასახადი. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ის ძველი მიზეზები, რომელიც საგადასახადო ტვირთით იწყებოდა თითქმის შეიცვალა და ბიზნესი პრობლემად სხვა ფაქტორებს ასახელებს”, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
თუმცა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჯაბა ებანოიძე ამბობს. შეიძლება ბიზნესს გადასახადები წელში აღარ წყვეტს, მაგრამ სანაცვლოდ ეს ფუნქცია ჯარიმებმა შეითავსა. მაგალითად, სტატისტიკის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებისას მეწარმეების 90% ფინანსურად ჯარიმდება, თუმცა მედიაციის საბჭო შემდეგ საჩივრების 70%-ს ამართლებს.
აუდიტორული კომპანია “კაპტო ჯგუფის” მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საჩივრების 70%-ის დაკმაყოფილება საგადასახადო ინსპექტორების პროფესიულ სისუსტეზე მიუთითებს, რაც შემოსავლების სამსახურში როტაციით არის გამოწვეული. ახალ კადრებს პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ, რაც გამამართლებელ საჩივრებს ამრავლებს.
აუდიტორული კომპანია “ბიდიოს” ხელმძღვანელ ზურაბ ლალაზაშვილის განმარტებით კი, საგადასახადო ინსპექტორი მედიაციის საბჭოს მიდგომებს არ იცნობს და შემოწმებისას მათ არ ითვალისწინებს. მეორე მხრივ, კოდექსის ახალი მუხლი შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის დარიცხული ჯარიმის მოხსნის საშუალებას აძლევს, თუმცა საგადასახადო ინსპექტორს შემოწმებისას ამის უფლება არ აქვს.
“ახალი ეკონომიკური სკოლის” ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორი დაჯარიმებისას რისკს ერიდება. “როცა ის აჯარიმებს მეწარმეს, შიშობს, რომ გავამართლო, მერე შეიძლება მე მომხვდესო. ამიტომაც აჯარიმებს. მერე მედიაციის საბჭომ იფიქროს, არის დასაჯარიმებელი თუ არაო. ინსპექტორი პასუხისმგებლობას ვერ იღებს”, - ამბობს შეშელიძე.
ინსპექტორების კვალიფიკაციის შეფასებას არ ეთანხმება შპს აუდიტურ კონცერნ “ცოდნისას” მმართველი პარტნიორი ფრიდონ ალშიბაია. მისი შეფასებით, დაჯარიმებულთა 70%-ის გამართლებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი - საგადასახადო ინსპექტორები მართლაც ვერ იღებენ თავის თავზე მეწარმის გამართლების პასუხისმგებლობას და ხშირად მოქმედებენ პრინციპით: “მე დავარიცხავ და თუ რამეა, საბჭო მოუხსნის”. მეორე - მეწარმეების მიმართ ბოლო დროს მიდგომა უფრო ლიბერალური გახდა.
ასეა თუ ისე, საქართველოში ბიზნესს ან მგელი (მაღალი გადასახადები) ერჩის ან მგლისფერი ძაღლი (მაღალი ჯარიმები). ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ვერ გაუმჯობესდა და ვერც ბიზნესი განვითარდა. საინტერესოა, როგორ იქცევიან ასეთ შემხვევაში უცხოეთში. გაირკვა, რომ ამერიკელები მაღალი გადასახადების თავიდან აცილების მიზნით საკუთარ მოქალაქეობაზეც ამბობენ უარს.
მდიდარი ამერიკელების რაოდენობა, რომლებმაც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი თქვეს, 7-ჯერ გაიზარდა. 1780-მდე უცხოელმა შარშან ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა, 2008 წელს კი ეს მაჩვენებელი 235 იყო. 6 მილიონზე მეტი ამერიკელი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, დაფიქრდა, რამდენად მიზანშეწონილია ამერიკული პასპორტის ფლობა.
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი წლიურ მონაცემებს არ აქვეყნებს, თუმცა მიუთითებს, რომ საშუალოდ ყოველწლიურად 1,1 ათასი ადამიანი ამბობს უარს ამერიკის მოქალაქეობაზე.