ქართული ჯანდაცვის მძიმე ჯვარი

ქართული ჯანდაცვის მძიმე ჯვარი

 

ჯანმრთელობის დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობითაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მოდის, ვითარების არსებითად გამოსწორება ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება. ის ახალი საავადმყოფოები, რომლებიც, ძირითადად, კერძო კომპანიებმა ააშენეს და რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ზარ-ზეიმით ხსნის, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კვლავაც მიუწვდომელია. საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავაც უდიდეს პრობლემად რჩება პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე გაწეული მინიმალური დანახარჯებიცაა. შესაბამისად, ქვეყანაში ავადმყოფობა ისევ არის ოჯახის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზი. კერძო დაზღვევის მწირი გავრცელება, სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი, ხარვეზები ექიმთა უწყვეტი განათლების პროცესში, დედაქალაქსა და რეგიონებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს შორის უთანასწორო დაზღვევის შემთხვევები სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში მოხვდა და ამ საკითხებს ცალკე თავი დაეთმო, რომელშიც ლაპარაკია, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფუფუნებაა.

ქვეყნისთვის ჯანდაცვის პრიორიტეტულობის მთავარი მაჩვენებელი ჯანდაცვის სფეროზე მთლიანი დანახარჯია. მსოფლიოში აღიარებული სტანდარტით, ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის წილი საერთო დანახარჯების 15% მაინც უნდა იყოს. თუმცა, საქართველო ამ მხრივ, არა მხოლოდ ევროპის, დსთ-ის ქვეყნებსაც კი ჩამორჩება. 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხა 396 მილიონ 748 ათასი ლარია, რაც საერთო დანახარჯების მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ჯანდაცვაზე ოჯახის კატასტროფულ დანახარჯებს ე.წ. ჯიბიდან გადახდის პრაქტიკაც ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით საქართველო ჯიბიდან გადახდის მაჩვენებლით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ყველაზე მეტ თანხას კი მოქალაქეები წამლებში ხარჯავენ. ბიუჯეტიდან დარგის დაფინანსებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი და ხარჯების შეფარდება მთლიან შიგა პროდუქტთან ცხადყოფს, არის თუ არა ეს სფერო პრიორიტეტული ხელისუფლებისათვის. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე შეადგენს მთლიანი შიგა პროდუქტის 1,5%-ს, მაშინ, როდესაც საშუალოდ მსოფლიოში აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ია, მათ შორის დაბალ განვითარებულ ქვეყნებში - 2,2%, საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებში - 3,5% და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კი - 6,7%. ანუ გამოდის, რომ ამ ინდიკატორით, ჩვენ დაბალგანვითარებულ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით.

ჩვენი გაანგარიშებით, საქართველოს მთავრობას წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე ჯანდაცვისთვის დაახლოებით 53 დოლარი, ანუ დაახლოებით 85 ლარი აქვს გაწერილი. ესტონეთში მოსახლეობის ერთ სულზე ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი - 640 დოლარია (1.038 ლარი), ლიტვაში - 523 დოლარი (847 ლარი), რუსეთში - 243 დოლარი (393 ლარი). აზერბაიჯანში - 140 დოლარი (226 ლ), სომხეთში კი - 133 დოლარი (215 ლ).
საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების ძირითად წყაროდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რჩება მოსახლეობის კერძო დანახარჯები - ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი საერთო დანახარჯების 40%-ზე მეტია. 

2011 წლის მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო დაზღვევით სულ 1408465 ადამიანი სარგებლობს. სახელმწიფო სუბსიდირებული პროგრამებით აზღვევს 857.142 ადამიანს, მათგან 763.311 სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში მედიკამენტებზე ხელი არა მხოლოდ დაუზღვეველ, არამედ მოსახლეობის დაზღვეულ ნაწილსაც კი ძნელად მიუწვდება. საქმე ის არის, რომ მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებს სჭირდებათ, ხშირად არ არის შეტანილი სადაზღვევო ნუსხაში და ამის გამო ადამიანები მკურნალობას ვერ ახერხებენ. ცალკე თემაა ექიმთა კვალიფიკაცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ფასი. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ 2001-2010 წლებში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მოცულობა 9.2- ჯერ გაიზარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ერთი შეხედვით საგრძნობი პროგრესის მიუხედავად, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, რაც შეიძლება არასწორად გათვლილ პოლიტიკას და საბიუჯეტო თანხების განაწილებასაც დავაბრალოთ. დღეს უკვე გახმაურებული გზავნილების მიხედვით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ჯანდაცვის სფერო და სოციალური საკითხები იქნება. უკვე ცნობილია, რომ სახელისუფლებო ძალა სექტემბრიდან პენსიონერთა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევას გეგმავს. ამასთანავე, პენსიონერების პარალელურად, სახელმწიფოსგან ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებენ 6 წლამდე ბავშვები. კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მომავალ არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, ისინი საყოველთაო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას შესთავაზებენ ქვეყნის მოსახლეობას. კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, კობა დავითაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი უკვე დათვლილი აქვთ და ამ პროექტის განსახორციელებლად 885 მილიონი ლარია საჭირო.

ცნობისათვის

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მსოფლიოს იმ ათი ქვეყნის მონაცემები, რომლებიც ყველაზე დიდ ფინანსებს ხარჯავენ ჯანდაცვის სფეროში. ამ რეიტინგის მიხედით: აშშ სამედიცინო მომსახურებისთვის მოსახლეობის ერთ სულზე ხარჯავს 7.960 დოლარს (12.895 ლ); ნორვეგია - 5.352 დოლარს (8.670 ლ); შვეიცარია - 5.344 დოლარს (8.657 ლ); ჰოლანდია - 4.914 დოლარს (7.960 ლ); ლუქსემბურგი - 4.808 დოლარს (7. 788 ლ); კანადა - 4.478 დოლარს (7.254 ლ); დანია - 4.348 დოლარს (7. 043 ლ); ავსტრია - 4.298 დოლარს (6.962 ლ); გერმანია - 4.218 დოლარს (6. 833 ლ); საფრანგეთი კი - 3.978-ს (6.444 ლ).