“სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის” თავმჯდომარის ელიზავეტა ფიოდოროვას განცხადებით, დაზარალებულებს ბანკებიდან აღებული კრედიტების გამო უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.
მისი თქმით, წერილს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფლის მეურნეობის კორპორაციას გაუგზავნა, რეაგირება არ მოჰყოლია. ფიოდოროვას განცხადებით, პრეზიდენტისა და მინისტრის დაპირების მიუხედავად, დავალიანების ჩამოწერა ამ დრომდე არ მომხდარა.
“ბანკებმა გადავადებაზე უარი გვითხრეს, პირადად მე უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე მემუქრება და ყოველთვიურად უკვე საურავს ვიხდი, პრეზიდენტის ბრძანებულება კი ჰაერში დარჩა”, - აცხადებს ფიოდოროვა.
მისი თქმით, კორპორაციამ მას პირადად მისწერა, რომ ისინი ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნას უარყოფენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, იმ პირებს, ვისაც 1 ჰექტრამდე ფართობი ჰქონდა, ხელისუფლებამ დავალიანება ჩამოაწერა, თუმცა ფიოდოროვა ჩამოწერის ფაქტს უარყოფს.
როგორც ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ “კომერსანტ.გეს” განუცხადა, ის ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და არ შეხვედრია ადამიანი, ვისაც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დავალიანება ჩამოეწერა.
2 თვის წინათ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულებმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს პრეზიდენტს.
“დანაპირების ასრულების მოლოდინში პირისპირ აღმოვჩნდით ბანკებთან. დრო ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს, რადგან თითოეულ ჩვენგანს, სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ მოწოდებული უვარგისი სათესლე მარცვლისა და მისგან აღმოცენებული უვარგისი ნაყოფის გამო, ბევრ შემთხვევაში მოსავალი საერთოდ ვერ მივიღეთ.
მოგეხსენებათ, “სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში მოხდა კრედიტების გაცემა და ამ კრედიტების უზრუნველსაყოფად ყველა ჩვენგანს საცხოვრებელი სახლი აქვს ბანკში ჩადებული.
ბატონო ბრეზიდენტო, უმორჩილესად გთხოვთ, შეისწავლოთ ჩვენი პრობლემები და “სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის” განხორციელების მიზნით აღებული ვალების ჩამოწერა მოახდინოთ. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენს თხოვნას დადებითად გადაწყვეტთ”, - აღნიშნული იყო წერილში.
ამ თხოვნას შედეგად ის მოჰყვა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჰიბრიდული პროგრამის ჩავარდნა გლეხებს დააბრალა, კორპორაციამ ვალები არ ჩამოაწერა, ხელისუფლება აშკარა ტყუილზე გადავიდა, ხოლო ბანკები სიმინდით დაზარალებულებს მიადგნენ.
საერთო ჯამში, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაში მონაწილე 30 000 ფერმერიდან მინიმუმ 20 000 დაზარალდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს სოფლის მეურნეობის კორპორაცია: მათი განცხადებით, პროგრამაში მონაწილე 90% კმაყოფილია და კორპორაციამ მხოლოდ 30 საჩივარი მიიღო.
ელიზავეტა ფიოდოროვას განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდის დაზარალებულები მთავრობის ახალ ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებენ, თუმცა ექპერიმენტი ისედაც არ იქნება. საქმე ისაა, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესლი საქართველოში აღარც შემოვა. მართალია, ცენტრალურ სტრუქტურებში ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ, მაგრამ აშკარაა, რომ იმპორტი გაჭიანურდა და ვეღარ მოხერხდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ მიმართულებით განცდილი კრახის აღიარება უჭირთ, თუმცა არ იტეხენ იხტიბარს და აცხადებენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესლს საქართველოში მოგვიანებით შემოიტანენ. კონკრეტულად, რომელი კომპანია უზრუნველყოფს იმპორტს და რა რაოდენობით შემოვა, სამინისტროში არ საუბრობენ. გოროზიას უწყების მწირი, უარგუმენტო პოზიცია ასეთია: “სახელმწიფოს მხრიდან ჰიბრიდული სიმინდის შემოტანა არ იგეგმება. იმპორტს კერძო ბიზნესი განახორციელებს, ხოლო ჩვენ ამ სეგმენტს კონკურენციას ვერ გავუწევთ”.