სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს (2011 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის) ერთი რიგითი ოჯახის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები 405,8 ლარს შედაგენს, საიდანაც ყველაზე ცოტა ფულს - 14,6 ლარს - ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ხარჯავს. ოჯახის ხარჯებიდან საოჯახო მოხმარების საქონელზე 15,3 ლარი მოდის, 15,9 ლარს კი ერთი რიგითი ოჯახი განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე ხარჯავს. აქადან გამომდინარე, საერთო ხარჯში დაახლოებით 3% უჭირავს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენას, ხოლო 4%-განათლებას და კულტურას.
ოჯახის ხარჯებში ყველაზე დიდი წილი - 168,5 ლარი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე მოდის, რომელსაც 47,5 ლარით სათბობისა და ელექტროენერგიის ხარჯები მორჰყვება.
ცხადია, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოყვანილი ციფრები რეალობასთან ძლიერ შორსაა და ამაზე ღიად ექსპერტულ წრეებშიც საუბრობენ. ფაქტია, რომ 406,8 ლარით ერთ შინამეურნეობის წევრებს მხოლოდ იმის საშუალება ექნებათ, რომ შიმშილით სული არ ამოხდეთ და მის კვების რაციონში მხოლოდ ისეთი პროდუქტი შევიდეს და თანაც მცირე რაოდენობით, როგორიცაა პური, შაქარი, მარილი, ცხიმი, კარტოფილი და ბურღულეული. განათლების მიღებასა და საოჯახო მოხმარების საგნების შეძენაზე ხარჯების გაწევისთვის კი ფული, პრაქტიკულად, აღარ დარჩებათ.
ხარჯები არსებობისთვის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს ერთი რიგითი ოჯახის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები 405,8 ლარს შეადგენდა, რაც 2003 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. "ვარდების რევოლუციამდე" ერთი შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულდი ხარჯები სულ რაღაც 219,8 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მთლიან ხარჯებს, თუ 2003 წელს ოჯახის ხარჯები სულ რაღაც 269,5 ლარს შედგენდა, 2010 წელს 499,2 ლარი შეადგინა.
2003 წელს სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე ერთი ადამიანი თვეში 31,2 ლარს ხარჯავდა, 2004 წელს - 34,8 ლარს, 2005 წელს - 35,6 ლარს, 2006 წელს - 39 ლარს, 2007 წელს კი - 42,5 ლარს. რაც შეეხება 2008 წელს, სურსათის, სასმელისა და თამბაქოს მოხმარებაზე ერთი ადამიანი, საშუალოდ, 48,4 ლარს ხარჯავდა. 2009 წელს ყველა ამ პროდუქტზე ერთი ადამიანი 45,3 ლარს, ხოლო 2010 წელს 46,2 ლარს ხარჯავდა.
საარსებო კალათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელია, რომელზეც ერთი საშუალო ქართველი საკმაოდ მცირე თანხას ხარჯავს. მაგალითად, 2003 წელს ერთი ადამიანი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე თვეში, საშუალო 3,6 ლარს ხარჯავდა, 2004 წელს კი - 3,8 ლარს. 2005, 2006 და 2007 წლებში ტანსაცმელსა და ფეხსაცმელხე დახარჯულ თანხას შორის განსხვავება ძალიან მცირეა. თუ 2005-06 წლებში ერთი ადამიანი ჩაცმაზე მხოლოდ 4 ლარს ხარჯავდა, 2007 წელს ამ დანახარჯმა თვეში მხოლოდ 4,2 ლარი შეადგინა. 2008-09 და 2010 წლებში ამაზე ერთი ადამიანი, საშუალოდ, 4-5 ლარს იმეტებდა.
არც ისე მცირე თანხას ხარჯავდა და ხარჯავს რიგითი ქართველი გათბობასა და ელექტროენერგიაზე. ოფიციალური მონაცემებით, ერთი რიგითი ქართული ოჯახი თვეში 2003 წელს ამ მხრივ 20 ლარს ხარხავდა, 2004 წელს კი - 21,8 ლარს. გათბობასა და ელექტროენერგიაზე დახარჯული თანხის რაოდენობამ 2005 წლიდან უკვე 26,1 ლარი შეადგინა, 2006 წელს - 29,9. რაც შეეხება 2007 წელს, ერთი საშუალო ქართველის ოჯახი ენერგომოხმარებაზე უკვე 36,3 ლარს ხარჯავდა, 2008 წელს კი ეს ციფრი, საშუალოდ, 43,4 ლარამდე გაიზარდა, 2009 წელს - 44,3 ლარამდე და 2010 წელს კი 47,5 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, ანუ რამდენ ლარს ხარჯავს როგორც ერთი ადამიანი, ასევე ერთი შინამეურნეობა თვეში, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ასე გამოიყურება (ამ მონაცემებში შედის სურსათი, სასმელი, თამბაქოს ნაწარმი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების საქონელი, ჯანმრთელობის დაცვა, სათბობი და ელექტროენერგია, ტრანსპორტი, განათლება, კულტურა და დასვენება, ასევე სხვა ტიპის სამომხმარებლო ხარჯები):
2003 წელს ერთი ადამიანის სამომხმარებულო ფულადი ხარჯები საერთო ჯამში 58,6 ლარი იყო, ერთი ოჯახისა - 219,8 ლარი. უკვე 2004 წლიდან სამომხმარებლო ხარჯები, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაშინ ერთი ადამიანი 64,9 ლარს ხარჯავდა თვეში, ერთი ოჯახის სამომხმარებლო ხარჯები კი 245,7 ლარს შეადგენდა.
2005 წელს ერთი ადამიანის სამომხმარებლო ხარჯებმა 70,6 ლარი შეადგინა, 2006 წელს - 77,6 ლარი, 2007 წელს - 88 ლარი, ხოლო 2008 წელს კი ერთი ადამიანის სამომხმარებლო ხარჯებმა თვეში 105,2 ლარს მიაღწია. 2009 წელს ერთი ადამიანის სამომხმარებლო ხარჯი 108 ლარამდე გაიზარდა, 2010 წელს კი-111,6 ლარი იყო.
რაც შეეხება ერთ შინამერნეობას, ანუ ერთ ოჯახს - 2005 წელს სამომხმარებლო ხარჯებისთის მას 265,4 ლარი სჭირდებოდა, 2006 წელს - 295,1 ლარი, 2007 წელს - 327,5 ლარი, ხოლო 2008 წელს ამ ციფრმა უკვე 389,8 ლარს მიაღწია. 2009 წელს ერთი წინამეურნეობის ხარჯებმა 398,1 ლარი შეადგინა, 2010 წელს კი - 406,8 ლარი.
ეს არის სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები, არადა, რეალურად, ერთ შინამეურნეობას სამომხმარებლო ხარჯებისთვის 406,8 ლარზე მეტი რომ სჭირდება, ეს უბრალო არითმეტიკული გათვლებითაც კი აშკარაა.
რეალური გაანგარიშება
ავიღოთ ერთი რიგითი 4-სულიანი ქართული ოჯახი, სადაც 2 ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან და რომელთაც უმაღლესში სასწავლებლად ათასობით ლარი არ სჭირდებათ. თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, 2010 წელს ამ ყველაფრისთვის ოჯახი თვეში სულ რაღაც 15,9 ლარს ხარჯავდა. არადა, მაშინაც კი, თუ ბავშვი სახელმწიფო სკოლაში სწავლობს და ოჯახი მის განათლებაში ოფიციალურ გადასახადს არ იხდის, წიგნებისთვის და რვეულებისთვის გაწეული რეალური ხარჯი 15,9 ლარს ბევრად აღემატება.
მართალია, წიგნს ოჯახი სასწავლო წლის დასაწყისში ყიდულობს, თუმცა რვეულს, კალამს, ფანქრებს და სხვა სასკოლო ნივთებს ყოველთვიურად იძენს, ამაში კი საშუალოდ 20-30 ლარის დახარჯვა უწევს, ანუ ოჯახს 2 ბავშვისთვის სასკოლო ნივთების შეძენა 40-60 ლარი უჯდებათ.
ასევე რეალობასთან შორს დგას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე გაწეული ხარჯი, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით სულ რაღაც 14,6 ლარს შეადგენს. კერძოდ, 4-სულიან ოჯახს სეზონზე მინიმუმ ერთი წყვილი ფუხსაცმელის შეძენა მაინც უწევს, 43,8 ლარით კი დღეს თბილისში არა თუ 4, არამედ ერთ წყვილ ფეხსაცმელსაც ვერ იყიდი.
იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჰქონდეს პური, შაქარი და ცხიმი. 4-სულიანი ოჯახი დღეში, საშუალოდ, 2-3 პურს ყიდულობს, ამისათვის მას ყოველდღიურად 1,8 ლარი სჭირდება, თვეში ეს, დაახლოებით, 55 ლარია. ერთ ოჯახს, საშუალოდ, ერთ თვეში 2 ბოთლი ზეთი სჭირდება. ზეთი, საშუალოდ, 4 ლარი ღირს, თვეში ცხიმის ეს საშუალება ოჯახს 8 ლარი დაუჯდება. რაც შეეხება კვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს შაქარს, 4-სულიან ოჯახს ერთი კილოგრამი შაქარი ერთი კვირა ეყოფა, თვეში კი ამისათვის სულ რაღაც 8 ლარის დახარჯვა მოუწევს. საერთო ჯამში, გამოდის, რომ ერთი რიგითი ქართველის ოჯახი შაქრის, პურისა და ზეთისთვის თვეში, დაახლოებით, 70 ლარს ხარჯავს.
თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრი თამბაქოსაც მოიხმარს, ამისათვის ამ ოჯახს თვეში დამატებით 60 ლარის ხარჯი აქვს. საერთო ჯამში კი მათი ხარჯები უკვე 140 ლარს აღწევს.
ცხადია, რომ კვების რაციონი მხოლოდ პურის, შაქრისა და ზეთისაგან არ შედგება. ოჯახს, თუ იქ მოზარდები ცხოვრობენ, სჭირდება კარაქი და კვების ისეთი პროდუქტი, რომელიც იმ ასაკის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, რძის ნაწარმზე გაწეული ხარჯი, შეიძლება, თვეში, საშუალოდ, 70-80 ლარამდე ავიდეს. ოჯახის ხარჯი კი 210 ლარამდე იზრდება.
ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბურღულეული - ბრინჯი, წიწიბურა, ასევე მაკარონი, ყველა ერთად კი ოჯახს სულ მცირე 40 ლარი დაუჯდება. კვების რაციონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია კარტოფილი, რომელიც რიგითი ქართველის ოჯახში თითქმის ყოველთვის გამოინახება. 4-სულიან ოჯახს კი თვეში, საშუალოდ, 20 კილოგრამი კარტოფილი სჭირდება, საერთო ჯამში, დაახლოებით, 20 ლარის. ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ერთად კი უკვე 270 ლარამდე აღწევს.
ამას გარდა, ოჯახს კვირაში ერთხელ აუცილებლად სჭირდება ხორცის ნაწარმი, რაც ქართულ ბაზარზე უკვე ძალიან ძვირი ღირს. კვირაში მინიმუმ 2 კგ ხორცის და ხორცპროდუქტების გამოყენების შემთხვევაშიც კი თვიური ხარჯი 120 ლარს შეადგებს, საერთო ხარჯი კი უკვე 390 ლარს სცილდება.
ეს არის ის მინიმუმი, რაც ადამიანის კვების რაციონისთვის და ზოგადად მისი არსებობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ექსპერტები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არარეალურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ერთ ჩვეულებრივ 4-სულიან ქართულ ოჯახს თვეში ნაცვლად 406,8 ლარისა, 660-670 ლარი სჭირდება, ესეც იმ შემთხვევაში თუ მისი წევრები, უბრალოდ, არსებობენ.
"ელემენტარული არითმეტიკული გამოანგარიშებითაც რომ ვიხელმძღვანელოთ, ეს 14,6 ლარი ოთხსულიან ოჯახს ნამდვილად ეყოფა იმისათვის, რომ მისმა ყველა წევრმა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინოს. არარეალურია ის, რომ განათლებაზე მხოლოდ 15,9 ლარი ეხარჯება და საერთოდაც, არარეალურია ის, რომ ოჯახმა თვეში 406,8 ლარი იკმაროს.
აქ მთავარია, თუ რამდენად სწორად და შედეგზე ორიენტირებულად ხდება დათვლა. თუ გვინდა, რომ მივიღოთ რეალური მაჩვენებელი, დათვლის მეთოდიკაც უნდა იყოს რეალობასთან მიახლოებული, მაგრამ თუ გვინდა, რომ მივიღოთ შეკუმშული ციფრი, რა თქმა უნდა, მისი დათვლაც რეალური მაჩვენებლებით ვერ მოხდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ზვიად კანდელაკმა.