შპს “აკას” ადვოკატის როინ მიგრიაულის განცხადებით, შპს “აკას” ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა, “მერსედესმა” საქართველოში ინვესტირება შეწყვიტოს. “მერსედესი” ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოს ბიუჯეტში, ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ამ საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა, მან ინვესტიციების განხორციელება შეწყვიტოს. გერმანელებს ძალიან ბევრი შეკითხვა უჩნდებათ, შეიძლება, ხმამაღლა ითქვას, რომ შოკში არიან”, - განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ სასამართლო პროცესი სამართლებრივი ნორმების დარღვევით წარიმართა.
“მინდა, კიდევ ერთ საკითხს შევეხო. დავით ძოწენიძის შპს “აკას” პარტნიორად ცნობა 2012 წლიდან მოხდა, ამიტომ მას დივიდენდებზე მოთხოვნა უნდა განეხორციელებინა სწორედ ამ დროის შემდეგ წარმოებიდან მიღებული შემოსავლებიდან, ის კი ჩვენი გაანგარიშებით დივიდენდებს 2003 წლიდან ითხოვდა და სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა”, - აღნიშნა მიგრიაულმა.
რაც შეეხება თითქმის მილიონი ლარით დაჯარიმებულ დიზაინერ მაკა ასათიას, იგი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. ასათაინის ადვოვატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, ის ესაუბრა ასათიანს, რომელმაც თავის მხრივ განუცხადა, რომ მისი საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში, შესაძლოა, “შარს გადაეყაროს”, რასაც დიმიტრი გაბუნიაც ეთანხმება.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” მაკა ასათიანის პირადი ქონებით ფინანსდება და არა შპს “მერსედესით” წილით. “ასათიანი, რომ არა “მაესტრო” ვერ იფუნქციებდა. კიწმარიშვილმა ვერ შეასრულა დავალება, მან არხი ვერ გათიშა”, - აღნიშნა გაბუნიამ.
მისი აზრით, ბიზნესმენ და დიზაინერ მაკა ასათიანზე პოლიტიკური რევანში განახორციელდა. “საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაია შოშიაშვილი იყო მიკერძოებული, სასამართლოს მოსამზადებელი დროის დანიშვნიდან 11 საათში, მან სასამართლო პროცესი დანიშნა.
სასამართლო პროცესზე მოხდა აბსოლუტური იგნორირება ადვოკატის უფლებების, პროცესი ცალსახა მიკერძოებით ხორციელდებოდა. სასამართლო არ უნდა იყოს ინსტრუმენტი ადამიანის განსხვავებული აზრის დევნისა. აქედან გამომდინარე, ასათიანი არ აპირებს დაკისრებული ჯარიმის გადახდას. დავით ძოწენიძე არის მარიონეტი ვიღაცის ხელში, რომლებსაც სურთ ასათიანის ბიზნესის ჩაძირვა”, - განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლოში სარჩელი დავით ძოწენიძემ შპს “აკას” წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც “მერსედესის” ერთადერთი დისტრიბუტორია საქართველოში. ძოწენიძე თვლის, რომ მას ეკუთვნის შპს “აკას” 20%. ადვოკატების თქმით, არსებობს დოკუმენტაცია რომლის მიხედვითაც 1998 წელს ძოწენიძემ განაცხადა, რომ მას არ ექნებოდა პრეტენზია შპს “აკას” წილზე. მაკა ასათიანს, მის დას და დედას კომპანიის 80% ეკუთვნის.
გაბუნიას თქმით, მათ, შესაძლოა, მაღალ ინსტანციაში გასაჩივრება ვერ მოახერხონ და სასამართლომ დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვოს, რაც ასათიანის 80% დაკარგვას ნიშნავს.