საწვავზე ფასების განუხრელმა ზრდამ და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობამ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა. გარდა ამისა, გაიაფებულია მეორადი მანქანები, თუმცა ამას ავტობაზრის გამოცოცხლებისათვის დადებითი შედეგი არ მოუტანია. საქართველოში იქმნება კაზუსური სიტუაცია, როდესაც მანქანის შეძენა კი აღარ არის ფუფუნება, არამედ უკვე შეძენილ ავტომობილში საწვავის ჩასხმა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 600 ათასი მანქანა მოძრაობს, მათგან რეალურად “მოძრავი” ნახევარზე ცოტა მეტი თუ იქნება. ფინანსური პრობლემების გამო, ადამიანები ავტომობილით გადაადგილებას ერიდებიან. ისინი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მგზავრობენ საკუთარი მანქანით. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით თვალშისაცემი რეგიონებშია. სწორედ ფინანსური პრობლემებია მიზეზი იმისა, რომ ავტოაუქციონებზე გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია. აუქციონების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ თუ ადრე დღეში 25 ავტომობილის რეალიზაციას ახერხებდნენ, დღეს ეს მაჩვენებელი 2-3 ავტომობილამდეა შემცირებული. განსაკუთრებული პრობლემა ზამთრის სეზონზე შეიქმნა, როდესაც ავტოდილერთა თქმით, კომპანიები დაიხურა კიდეც. მიზეზად მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირება, საწვავის გაძვირება, ასევე იაპონიიდან და ამერიკიდან შემოყვანის ხარჯების ზრდა სახელდება. რაც შეეხება ფასს, იმპორტიორთა უმეტესი ნაწილის განცხადებით, ფასები ზამთრის პერიოდიდან მოყოლებული სტაბილურობას ინარჩუნებს. ხოლო სამომავლოდ, მოქმედი კომპანიების ნაწილი ფასების შემცირებას ელოდება, ნაწილი კი - ზრდას. მეორადი ავტომობილების იმპორტიორ კომპანია “სტრადა ავტოში” ავტომობილებზე ფასები ზამთრის შემდეგ გაზაფხულის პერიოდშიც გაიაფდა. ფასების შემცირება ძირითადად იაპონიიდან იმპორტირებულ მანქანებზე - “მიცუბიში”, “ნისანი”, “ტოიოტა” დაფიქსირდა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, შესაძლოა ავტომობილები კვლავ გააიაფონ ბაზარზე დაბალი მოთხოვნის გამო. “დღეისთვის მოთხოვნა შემცირებულია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. უხლოეს მომავალში100 ახალ ავტომობილს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. თუ მოთხოვნა გაიზრდება, შესაძლოა ფასები მცირედით გაიზარდოს”, - ამბობენ “სტრადა ავტოში”. “მეგა ავტოს” ხელმძღვანელის ვანო ველთაურის განცხადებით კი,ბოლო თვეების განმავლობაში ავტომობილებზე ფასს სტაბილურად ინარჩუნებენ. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად ფასებიც. “ზამთრის პერიოდში გარკვეული ცვლილებები იყო, რაც ავტომანქანებზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. გარდა ამისა,იმავე პერიოდისთვის იაპონურ, ევროპულ და ამერიკულ მანქანებზე თანაბრად მოხდა ფასების ვარდნა. დღეისთვის, ქართულ ბაზარზე მოთხოვნა შედარებით გაზრდილია. ფასებმაც გარკვეულად მოიმატა,თუმცა, ძველ ნიშნულს ჯერ ვერ დაუბრუნდა. “შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში ავტომანქანებზე ფასების შემცირება მოხდეს, რადგან იაპონიაში გაზაფხულობით ყოველთვი სიაფდება მანქანები. მოსალოდნელია, ევროპული მანქანები სგაიაფებაც. ამდენად, თუ საქართველოში მოთხოვნა გაიზრდება,იმპორტიორები გააქტიურდებიან, ქართულ ბაზარზე კვლავ ჭარბი პროდუქცია შეიქმნება, რამაც შეიძლება ფასის შემცირება გამოიწვიოს”, - ამბობს ვანო ველთაური. |