"ლაზიკა" ქალაქს არა მხოლოდ ადგილმდებარეობის გამო დავარქვით, მეგობარი გვყავს ლაზარე, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში და შინაურობაში ლაზიკას ვეძახით"
"ქალაქის პროექტზე უარის სანაცვლოდ 8-დან 10 მილიონ დოლარამდე მთავაზობდნენ "
"ქართველებმა რამდენიმემილიონიანი პროექტი მრავალმილიარდიანად გადააკეთეს"
ენდრიუ მურდზა: "უკვე მივიღე გადაწყვეტილება - მალე საქართველეოს მოქალაქე გავხდები! რომ უკეთესად მოვახერხო ჩემი ინტერესების დაცვა, არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ საქმიანობასაც"
ქართველი ემიგრანტის, დავით კარტოზიასა და ამერიკელი მილიონერის, ენდრიუ მურდზას ინტერვიუმ დიდი ინტერესი გამოიწვია. ინტერვიუს ჩაწერამდე, ბუნებრივია, დავით კარტოზიასა და ენდრიუ მურდზას ვთხოვეთ დოკუმენტური მასალის წარმოდგენა და წარმოგვიდგინეს კიდეც ბიზნესპროექტი. გარდა ამისა, გავეცანით ამერიკელი ბიზნესმენის ნოტარიულად დადასტურებულ რამდენიმე წერილს. პროექტის დაბეჭდვა გაზეთში შეუძლებელია მისი დიდი მოცულობის გამო - 32 გვერდისგან შედგება და დაწვრილებით არის გათვლილი ყულევსა და ანაკლიას შორის, პალიასტომის ახლოს ქალაქის მშენებლობის დეტალები. ბიზნესგეგმაში დაწვრილებით არის აღწერილი, სად უნდა აშენებულიყო 30000 კაცზე გათვლილი ეკოქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით; წარმოდგენილია ქალაქის მაკეტები, შედგენილია ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაჯდებოდა ქალაქის მშენებლობა და სხვ.
გარდა ამისა, დავით კარტოზიამ გაგვაცნო ელექტრონული ფოსტით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წევრთან მიმოწერა და ვიდეოფირი, რომელიც ამ საკითხზე მათ შეხვედრებს ადასტურებს.
ეიბ ჰოპერი (ბიზნესმენი): "ეს პროექტი განმარტებებით გადასცეს საქართველოს ხელისუფლების ჩინოვნიკებს საქართველოს საელჩოს მეშვეობით. შეთანხმება ასეთი იყო: პროექტი უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური და არ უნდა გავრცელებულიყო კომპანიის უნებართვოდ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს შეთანხმება დაარღვია. ამის მოწმე თავად ვარ. ამ შეხვედრაზე იმასაც დაგვპირდნენ, რომ გვექნებოდა სრული კარტ-ბლანში ამერიკული მასალების გამოყენებისთვის საქართველოში ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. საქართველოს მთავრობა კრედიტის მოცემის გარანტიასაც იძლეოდა. ბიზნესგეგმა დავხვეწეთ და გადავეცით აშშ-ში საქართველოს ელჩ ბათუ ქუთელიასა და მის ეკონომიკურ მრჩეველს ნიკა რევაზიშვილს. ვესაუბრეთ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელსაც. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან მოვაწყვეთ დამატებითი შეხვედრები. დაგეგმილი იყო კონსულტაციები ამერიკელ კონგრესმენებთანაც.
ინტენსიური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრამდე გაგრძელდა. 2010 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ჩემს სახლში მივიღე. ამის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს. ამ პროექტის შექმნა რამდენიმე მილიონი დაჯდა, საქართველოში პროექტის დასაწყებად და წინასწარი სამუშაოების ჩასატარებლად 155.000 დოლარი დაიხარჯა, ხოლო ხამანწკების პალიასტომის ტბაში ჩასაშვებად და სპეციალური ბუდეების გასაკეთებლად 86 ათას დოლარზე მეტია დახარჯული. აღარაფერს ვამბობ სხვა ხარჯებზე. ქართველებმა იდეა მოგვპარეს და ეს რამდენიმემილიონიანი პროექტი თავიანთი ფანტაზიით მრავალმილიარდიან პროექტად გადააკეთეს".
გრეგორი დანი (ამერიკელი ბიზნესმენი): "ამ წერილით ვადასტურებ, რომ თავად ვიყავი 2010 წლის 16 დეკემბერს ბიზნესსადილის მონაწილე დავით კარტოზიას სახლში, მერილენდში. ჩვენ აღვუწერეთ საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიას ფოთში ახალი ქალაქის მშენებლობის ტექნოლოგია და მიზნები. შეხვედრის შემდეგ ქუთელიამ გვითხრა, რომ ეს საუცხოო იდეა იყო. 2011 წლის 30 დეკემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ეიბ ჰოპერის სახლში, სენტერვილში. შეხვედრას ელჩი ვერ დაესწრო, სამაგიეროდ, მოვიდა ნიკოლოზ რევაზიშვილი. წარვუდგინეთ დოკუმენტები და ფოთში ქალაქის მშენებლობის დეტალები. შეხვედრის შემდეგ ფოსტით გავუგზავნეთ ჩვენი ბიზნესგეგმის ქსეროასლი საქართველს საელჩოს ვაშინგტონში".
დავით კარტოზია: - თვალს ვადევნებ "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარებს. ვისაც ჩემი ბრალდებები გაზვიადებული ჰგონია, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. 32-გვერდიანი პროექტი, სადაც უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი ყველა ნიუანსი, მგონი, გამოდგება საქართველოს მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ პალიასტომზე ქალაქის გაშენების იდეა ჩვენი კომპანიისა იყო.
- ხელისუფლების მიერ წამოწყებულ "ლაზიკას" პროექტში ჩართვას ითხოვთ?
- არა, ამ ჯოჯოხეთურ პროექტში ჩართვა როგორ შეიძლება? იმას ვჩივი, რომ იდეა მოგვპარეს და ის უბედურების მომტან პროექტად აქციეს. ვინმეს თუ ჰგონია, იმიტომ ვყვირი, კომპენსაციის მიღება მინდა, ცდება. ჩემი მიზანი ახლა ის არის, ამ დანაშაულებრივ პროექტს როგორმე შევუშალო ხელი. თუ ეს პროექტი განხორციელდა, კოლხეთის დაბლობი დაიქცევა. ჩვენი კომპანია ეკოპროექტებს ახორციელებს და არა ისეთს, როგორიც საქართველოს ხელისუფლებას განუზრახავს. ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ კომპანია Oyster King ILnc, რომელმაც ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ჩესაპიკის ყურის გაწმენდა დაისახა მიზნად. კომპანიას გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავს აშშ-ის მთავრობის თითქმის ყველა ეშელონში. მოკლე ხანში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, რასაც ამტკიცებს უამრავი გამოხმაურება მასმედიაში. შემუშავებულია სპეციალური კანონი ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად სერიოზული იყო ეს პროექტი. ვინაიდან მე და ჩემი ოჯახის წევრები სულითა და ცნობიერებით ქართველები ვართ, ამერიკული პროექტის პარალელურად შევადგინეთ ამ ბიზნესგეგმის საქართველოსთვის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც მიესადაგებოდა და უპასუხებდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ამიტომ შეიქმნა პროექტი "ლაზიკა", თორემ ბიზნესში პრობლემა არც მე და მით უმეტეს, ენდრიუ მურდზას არა გვაქვს.
ხამანწკების მრეწველობის განვითარება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საკონსერვო ქარხნების ქსელის აშენებას, ეკოტურიზმის განვითარებას, პირველ ეტაპზე დაახლოებით 30000-კაციანი დასახლების აშენებას მოითხოვდა. ამ პროექტით იქმნება ერთიანი ჯაჭვი, რომელიც წარმოშობს პატარა ქალაქის დაარსების აუცილებლობას, რომელიც უნდა პასუხობდეს დღევანდელ სტანდარტებს. კერძოდ, იქნებოდა ეკლესიები, ბაგა-ბაღები, სკოლები (შესაძლოა სხვა საგანმანათლებლო სეგმენტები), სუპერმარკეტები, თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრები, კინო, თეატრი, ბიბლიოთეკა, ყველა ასაკის ადამიანის შესაფერისი გასართობი და შემეცნებითი დაწესებულებები. ამ პროექტში გათვალისწინებულია პლანეტაზე არსებული ენერგეტიკული და სუფთა წყლის კრიზისული მდგომარეობა, ეს ქალაქი პასუხობდა დედამიწის ხვალინდელი დღის აუცილებელ ყველა მოთხოვნას.
ქალაქ "ლაზიკაში" არც ერთ შიგაწვის ძრავას არ უნდა ემუშავა, რაც თავისთავად გამორიცხავდა ნავთობპროდუქტის გამოყენებას და გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას.
დაწყებული გვქონდა მოლაპარაკება ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის "ჯენერალ მოტორსთან". ეს შეუძლია დაადასტუროს "ჯენერალ მოტორსის" წარმომადგენელმა. იმავეს დადასტურება და პალიასტომის ტბის მახლობლად ეკოქალაქის მშენებლობის პროექტის საქართველოს საელჩოში წარდგენა, მოლაპარაკებების მიმდინარეობა შეუძლია დაადასტუროს მსოფლიო ბანკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკლ ბელკანდასმა. როგორც ჩანს, იდეის წართმევა თავიდანვე ჰქონდათ განზრახული. საქმე ის არის, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად,
მე და ბატონ ენდრიუს ცალ-ცალკე, საქართველოს ხელისუფლების ჩინოსნებისაგან გვქონდა სრულიად მიუღებელი შემოთავაზებები, კერძოდ, რომ პროექტი დაიწყებოდა უახლოეს მომავალში იმ შემთხვევაში, თუკი ნიკოლოზ რევაზიშვილს წილის სახით მივცემდი მილიონ დოლარს, ბათუ ქუთელიას კი 2 მილიონს დასაწყისისთვის და ბიზნესის განვითარების შემთხვევაში 10%-იან წილს.
ამ და სხვა სახის წინადადებებს ბატონ ენდრიუსთანაც "ათანხმებდნენ" და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ".
ენდრიუ მურდზა: "ერთხელ საქართველოს საელჩოში მარტო, დავითის გარეშე დამიბარეს. უკანა კარიდან გამიყვანეს და სადღაც პატარა რესტორანში დავსხედით. მითხრეს, აჯობებს, ქალაქზე უარი თქვაო, შემომთავაზეს, მხოლოდ ხამანწკების მეურნეობა გამეკეთებინა პალიასტომზე და ქალაქის აშენების იდეა დამევიწყებინა. ქალაქის პროექტზე უარის სანაცვლოდ 8-დან 10 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ, ოღონდ ეს არ უნდა სცოდნოდა დავით კარტოზიას".
დავით კარტოზია: - ბუნებრივია, ამას მე ვერ მიბედავდნენ, იცოდნენ, ჩემთვის მთავარი ხამანწკების მოყვანა კი არა, ქალაქის აშენება იყო, გაჭირვებულ მოსახლეობას რომ ამოესუნთქა. ხამანწკების წარმოების ბიზნესი ამერიკაშიც დიდი წარმატებით ვითარდება, არც ფულის პრობლემა გვაქვს და არც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა გვაკლია.
მოკლედ, რევაზიშვილის ყოველი სიტყვა შეშფოთებისა და დაუყოვნებლად ჩვენი განხილვის საგანი ხდებოდა. გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი. დავიწყეთ ბანკებში ინფორმაციის მოძიება და დავადგინეთ, რომ პროექტ "ლაზიკაზე" არაფერი იცოდნენ. ამ დროისთვის საქართველოს ელჩი შეიცვალა და ბატონი თემურ იაკობაშვილი დაინიშნა, რომელსაც სამჯერ შევხვდით იმ იმედით, რომ ჩვენთვის მიუღებელ წინადადებებს აღარ მოვისმენდით. სამივე შეხვედრაზე მივიღეთ დადებითი პასუხი, მაგრამ სტრატეგიის სხვადასხვა კონცეფციით. მაგ. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 2011 წლის ნოემბერში გაიმართა, ესწრებოდნენ თემურ იაკობაშვილი, დავით რაქვიაშვილი, მე - დავით კარტოზია, ჩემი ვაჟი გიორგი კარტოზია და მსოფლიო ბანკის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ბელკანდასი. საქართველოს მხარემ გამოთქვა სურვილი პროექტის განხორციელებაში წილობრივი მონაწილეობისა 100.000.000 ამერიკული დოლარის ოდენობით. ამავდროულად აღგვითქვეს, რომ ერთ კვირაში მოამზადებდნენ სამუშაო პროცესის წარმართვისთვის საჭირო დოკუმენტაციას. რამდენიმე დღეში დაგვიკავშრდა საელჩოს წარმომადგენელი და შეგვატყობინა, რომ იანვრის მიწურულს დაგეგმილი იყო სააკაშვილის ჩამოსვლა ამერიკაში და მას ბათუ ქუთელიასთან ერთად ჩვენს ჯგუფთან შეხვედრა უნდოდა. 4 დეკემბერს სააკაშვილმა "ლაზიკას" მშენებლობის შესახებ საზეიმო განცხადება გააკეთა. მეორე დღესვე დაგვირეკა საელჩოს წარმომადგენელმა, მოგვილოცა "ლაზიკას" მშენებლობის დაწყება და დასძინა, პრეზიდენტის შემონათვალი აუცილებელი შეხვედრის შესახებ.
27 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე მიგვიწვია. პრეზიდენტთან შეხვედრის იმედით დანიშნულ დროს მივედით, მაგრამ სააკაშვილი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. სამაგიეროდ, ტყეშელაშვილთან საუბარი უკიდურესად დაძაბულად წარიმართა. პირდაპირ განვაცხადე, რომ პროექტი მოპარულია და ამას არავის ვაპატიებდი. ტყეშელაშვილმა ამ სერიოზული ბრალდების მტკიცებულებები მოგვთხოვა და ჩვენც წარვუდგინეთ.
ტყეშელაშვილი იძულებული გახდა, ეღიარებინა სიმართლე და ჩვენთან მოლაპარაკების ტაქტიკა შეეცვალა. იქვე სამჯერ ისაუბრა პრეზიდენტთან. მეორედ საუბრის შემდეგ გვითხრა, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ინფორმირებულია და დავალებული აქვს მიიღოს სასწრაფო ზომებიო. მესამე სატელეფონო საუბრის შემდეგ კი გვითხრა, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჩამოვა დელეგაცია თქვენს ჯგუფთან შესახვედრადო.
შეხვედრის დღე, დრო და ადგილი შეგვითანხმა. ეს იყო 15 თებერვლის დღის 3 საათი. დამშვიდობებისას ტყეშელაშვილმა დაგვიტოვა სავიზიტო ბარათი და გვთხოვა, დავკავშირებოდით 3 დღის შემდეგ, მაგრამ ნომრებზე არავინ პასუხობდა.
იგივე განმეორდა მისამართზე, რომელიც ტყეშელაშვილმა მოგვცა და სადაც წერილი გავგზავნეთ, - არავინ გვიპასუხა(?!).
"ლაზიკა" ჩვენს ქალაქს არა მხოლოდ ადგილმდებარეობის გამო დავარქვით, მეგობარი გვყავს სახელად ლაზარე ზაქარიაძე, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში და შინაურობაში ლაზიკას ვეძახით. როცა პროექტის სახელწოდებაზე მიდგა საქმე და ვფიქრობდით, რა დაგვერქმია პალიასტომზე გასაშენებელი ეკოქალაქისთვის, სწორედ მაშინ მოგვივიდა აზრად, ლაზიკა გვეწოდებინა.
- რატომ არ დააპატენტეთ პროექტი?
- საერთაშორისო საპატენტო ბიუროში უკვე მოლაპარაკებული ვიყავით, მაგრამ რადგან საქართველოს მთავრობამ მხარდაჭერა აღგვითქვა და ასეთ მზაკვრობას ვერც კი წარმოვიდგენდით, პროექტ "ლაზიკას" დაპატენტება საჩქაროდ არ მივიჩნიეთ. თანაც ძალიან გვინდოდა ეს უნიკალური პროექტი საერთაშორისო საპატენტო ბიუროში საქართველოდან წამოსულიყო და მისი პატენტი საქართველოს საკუთრება ყოფილიყო. ასეთი ქალაქის აშენების ნებართვას უკვე უამრავი ქვეყანა გვთხოვს, რამდენიმე დღის წინ ასეთი თხოვნა ნიგერიიდანაც მივიღეთ.
როგორ ფიქრობთ, ელექტრომობილების საქართველოში შემოყვანის იდეა, რომელიც ასევე გაახმაურა პრეზიდენტმა, საიდან იყო?
- 11 მილიონი დოლარი რაში დაიხარჯა?
- უამრავი მეცნიერი, ლაბორატორია იყო ჩართული ამ საქმეში. ჩატარდა უამრავი კვლევა, წყლის, ჰაერის, ადგილმდებარეობის, შემუშავდა ქალაქის კონცეფცია, ბიზნესგეგმა. ეს ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს. კვლევები და პრაქტიკული სამუშაოები ჩავატარეთ, მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა კოლხეთის დაბლობის გამოკვლევაზე. "ლაზიკასთვის" გაკეთდა სპეციალური სამშენებლო ბლოკები (ამ ბლოკების გამოგონებას 45-წუთიანი გადაცემა მიუძღვნა ამერიკის ფედერალურმა ტელევიზიამ). ხამანწკების გარსი, რომელიც ნარჩენია და საკვებად არ გამოიყენება, სუფთა კალციუმია. ის უნდა დაფშვნილიყო და მისგან კეთდება ბლოკი. ეს იყო აბსოლუტურად უდანაკარგო წარმოება. ბლოკი მდგრადობაზეც გამოვცადეთ. ათჯერ მეტი სიმტკიცით გამოირჩევა, ვიდრე სამშენებლო ბლოკი ან აგური, თანაც გაცილებით იაფი ჯდება.
- როცა პატენტი არ არსებობს, როგორ დაამტკიცებთ, რომ "ლაზიკას" იდეა თქვენი იყო?
- უამრავი მოწმე მყავს, მათ სიმართლეშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ქალაქის მშენებლობის იდეას კარგად იცნობს მსოფლიო ბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკლ ბელაკანდასი. ის ამ ფაქტს ყველგან ადასტურებს და მომავალშიც დაადასტურებს.
სხვათა შორის, თავიდანვე გამაკვირვა იმან, რომ საქართველოს მთავრობას 100 მილიონით უნდოდა შემოსვლა იმ პროექტში, რომელიც სულ 60 მილიონი ჯდებოდა. მგონი, გასაგებია ყველაფერი.
ენდრიუ მურდზა: "ამ სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე მივიღე გადაწყვეტილება. მალე საქართველეოს მოქალაქე გავხდები! რომ უკეთესად მოვახერხო ჩემი ინტერესების დაცვა, არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ საქმიანობასაც. უკვე ვამზადებ სპეციალურ წერილს, რითაც საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მონიჭების თხოვნით მივმართავ".
P.S. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს ყოფილ ელჩს ამერიკაში ბათუ ქუთელიას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასევე ვეცადეთ დავკავშირებოდით ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა ქართველ ჩინოვნიკებსაც. საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე დაკავშირებას კვლავაც შევეცდებით და კომენტარის შემთხვევაში მას სიამოვნებით შემოგთავაზებთ.