“ახალი სადაზღვეო პაკეტებით, დამატებით 800 ათასი ადამიანის დაზღვევა მოხდება, რადგანაც სახელმწიფოს ამ დროისთვის მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ჰყავს დაზღვეული. მთლიანობაში 2,1-2,3 მლნ ადამიანი დაეზღვევა.
შემოდგომიდან სახელმწიფო სადაზღვეო პაკეტებით 60 წელს გადაცილებული ქალები და 65 წელს ზემოთ მამაკაცები ისარგებლებენ. ახალ სადაზღვეო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო კვლავინდებურად გააგრძელებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებასაც.
“1-ლი სექტემბრიდან სახელმწიფო დააზღვევით, უკლებლივ ყველა ასაკით პენსიონერი და 0-იდან 5 წლის ჩათვლით ბავშვები ისარგებლებენ. ასაკით პენსიონერების კატეგორიაში შედიან მამაკაცები 65 წლიდან, ხოლო ქალები 60 წლიდან. მთავრობის დადგენილებით, განვსაზღვრეთ, რა ტიპის მომსახურებას მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იქნებიან დაზღვეული.
საკმაოდ კარგი სადაზღვეო პაკეტის შედგენა მოხერხდა. ასაკით პენსიონერებში ხშირად არის ონკოლოგიური და გულის პრობლემები და შესაბამისად საკმაოდ კარგი ლიმიტია ამ მიმართულებით ჩადებული. საუბარია ამ მიმართულებით 15 ათასი ლარის მომსახურებაზე. მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვახორციელებდით, ისევ განხორცილდება, თუმცა ამჯერად საუბარია 60-იდან 64 წლამდე მამაკაცებისთვის, რადგანაც 60 წელს ზემოთ ქალებისთვის სადაზღვევო პაკეტი უკვე იარსებებს”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება 0-იდან 5 წლის ჩათვლით ბავშვების დაზღვევას, როგორც მინისტრი განმარტავს, ყველაზე პრობლემური დაბადებიდან 28-ე დღეა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს გართულებებს და მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, სამედიცინო ჩარევა დროულად მოხდეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა ერთი მხრივ მიესალმება ხელისუფლების ინიციატივას, თუმცა იქვე ამბობს, რომ ხელისუფლება ამას ამომრჩეველთა გულის მოსაგებად აკეთებს.
მისი აზრით, ამ პროექტის განხორციელება პრობლემებს ფინანსურ უზრუნველყოფის კუთხითაც შემქნის. კითხვები იმასთან დაკავშირებითაც არსებობს თუ რამდენად რეალური იქნება ეს თანხები და სადაზღვეო კომპანიების ჩაძირვას ხომ არ გამოიწვევს.
“მთავრობის ახალი ინიციატივა რა თქმა უნდა, მისასალმებელია იმიტომ, რომ ის მართლაც, ყველაზე დაუცველი ფენების დაზღვევაზეა გათვალისწინებული. გასაგებია, ხელისუფლება ამას ახლა რატომ აკეთებს, საარჩევნო პერიოდია და ამით ამომრჩევლების გულის მოგება უნდათ.
ერთი პრობლემა არსებობს, რაც ამ პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული. რამდენად რეალური იქნება ეს თანხები და სადაზღვეო კომპანიებს ხომ არ ჩააგდებენ, ხომ არ აიძულებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც თვითონ სადაზღვეო კომპანიებს ძვირი დაუჯდებათ?” - კითხულობს პაპავამ.
იგი სადაზღვეო კომპანიების გაკოტრებასაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუკი სადაზღვევო კომპანიებს აიძულებენ თავიანთ თავზე აიღონ ის, რისი უზრუნველყოფაც რეალურად არ შეეძლებათ.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში დადგინდება, რა დაუჯდება სახელმწიფოს თითო მოქალაქის დაზღვევა, თუმცა მანამდე თბილისში აუქციონი ჩატარდება, ხოლო რეგიონებში სადაზღვევო პოლისის დაანგარიშება ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.
“ბუნებრივია, ყველა სადაზღვევო კომპამნიას აქვს თავისი ფინანსური გათვლები, თუ რა დაუჯდებათ მათ მომავალში ამ ტიპის პროგრამაში მონაწილეობა. აუქციონის შემდეგ დადგინდება ფასი, ასევე გაანგარიშებული იქნება ექსპერტების მიერ თუ რა დაჯდება რეგიონებში დაზღვევა.
დღეს, საშუალოდ, სახელმწიფოს ერთი დაზღვეული 10-11 ლარი უჯდება. დღეისთვის მრავალი ახალი საავადმყოფო გვაქვს და გვიბრუნდება რწმენა ჯანდაცვის სისტემის მიმართ. შესაბამისად, მკვეთრადაა გაზრდილი მიმართვიანობა. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებისა და ჩვენი გათვლებითაც, სადაზღვევო პოლისის ფასი ცოტა მაღალი იქნება, ვიდრე ადრე იყო”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აუქციონი თითოეულ სადაზღვევო პოლისზე 14 ლარიდან დაიწყება. “შემდგომ აუქციონის პირობებიდან განისაზღვრება, თუ რა რაოდენობის თანხა დასჭირდება პროგრამას ბიუჯეტიდან. ჩვენ ფინანსური პრობლემა არ გაქვს. მთავარია, რომ ფასი შეესაბამებოდეს არსებულ მოთხოვნასა და ჯანდაცვის სექტორის მომსახურეობის დონეს”, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება რეგიონებს, ისინი დღემდე გადანაწილებული იყო თითოეულ სადაზღვევო კომპანიაზე და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება. “რაიონები თითოეულ სადაზღვევო კომპანიაზეა გადანაწილებული, როდესაც საუბარია სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე და ამ სქემით გავყვებით და თითეულ რაიონში ისევ ის სადაზღვევო კომპანია იქნება მზღვეველი”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.