2009-2011 წლებში საქართველოში მოქმედ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, არასრული ინფორმაციით, 131 გარდაცვალების შემთხვევა მოხდა. 2009 წელს - სამუშაო ადგილზე 37 ადამიანი გარდაიცვალა და 50 დაშავდა. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, 2010 წელს გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა - 81 გარდაცვლილი და 168 დაშავებული. რაც შეეხება 2011 წელს, ამ მხრივ სრული სტატისტიკა არ არსებობს. პროფკავშირებს მხოლოდ იმ საწარმოებიდან აქვთ ინფორმაცია, სადაც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები არსებობს.
"საწარმოო შემთხვევების კლება არ შეინიშნება, პირიქით, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც, თუ შრომის დაცვის ინსპექცია სათანადო დონეზე არ იმუშავებს", - უთხრა "მთელ კვირას" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის მთავარმა ტექნიკურმა ინსპექტორმა ნიკა კაკაშვილმა. მისივე თქმით, პროფკავშირებს 2011 წლამდე ინფორმაციებს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ შსს აწვდიდა. თუმცა 2011 წლის მონაცემებთან დაკავშირებით მათ მიერ გაგზავნილ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს.
"პასუხი მხოლოდ გამოძიების დაწყებაზე მოგვწერეს. როგორც შსს-ს მიერ გამოგზავნილ მონაცემებშია მითითებული, 170-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე (შრომის დაცვა) 55 საქმეზეა აღძრული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს მონაცემები ქვეყნის მასშტაბით მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით", - ამბობს კაკაშვილი.
მისივე თქმით, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მხოლოდ იმ საწარმოებში მოიპოვა მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ, სადაც პირველადი ორგანიზაციები აქვს.
"ამ არასრული მონაცემებით, 2011 წელს 15 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა", - ამბობს კაკაშვილი.
მისივე თქმით, უბედური შემთხვევების გამომკვლევი კომისიის დასკვნებში ხშირ შემთხვევაში მითითებულია, რომ უბედურ შემთხვევებს მუშების შეცდომები იწვევს. თუმცა, კაკაშვილი მიიჩნევს, რომ "ეს ერთ-ერთი ხერხია, რათა საწარმოს ადმინისტრაციამ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს".
"13 სასიკვდილო შემთხვევიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დამსაქმებელი დადანაშაულებული. დანარჩენ შემთხვევებში კვლევა დამთავრებული არ არის, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევების გამოძიებაც კი არ არის დასრულებული.
"კვლევის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. დასკვნების შედეგად კი უმრავლეს შემთხვევაში დასაქმებულის ბრალეულობა იკვეთება", - ამბობს კაკაშვილი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საწარმოებში შრომის უსაფრთხოების საბჭო იყოს, თუმცა, აუცილებელია, საბჭო პარიტეტული წესით იყოს დაკომპლექტებული, ანუ თანაბარი რაოდენობით იყოს როგორც დასაქმებულები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
"2006 წლამდე საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია და არქმშენინსპექცია (ზედამხედველობას უწევდა მხოლოდ სამშენებლო საქმიანობას) არსებობდა. 2011 წელს ეს ორი სამსახური გაერთიანდა და ერთიანი ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია შეიქმნა, რომელიც ზედამხედველობას მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებს უწევს და უბედური შემთხვევების დროს გამოკვლევაში მონაწილეობს.
"შრომის ინსპექცია, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, საქართველოში მოქმედ ყველა საწარმოში პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა, ამის გარდა, მონაწილეობდა უბედური შემთხვევის გამოკვლევაშიც. როგორც მთავრობა აცხადებს, ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია შრომის ინსპექციის უფლებამონაცვლეა, რაც არასწორია, რადგან ისინი მხოლოდ გარკვეულ სფეროებს უწევენ ზედამხედველობას და არა მთლიანად საქართველოს მასშტაბით არსებულ საწარმოებს.
"მნიშვნელოვანია, საწარმოებს თავისი ტექნიკური ინსპექცია ჰყავდეს, რათა ადგილზე დროულად მოხდეს საფრთხის გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება", - აცხადებს კაკაშვილი.
ცნობისათვის, "შრომის უსაფრთხოების საბჭოს" შექმნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შდწ) 2011 წლის მოთხოვნაა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენცია დამსაქმებელს შახტებსა და მაღაროებზე ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების წესრიგში მოყვანას ავალდებულებს, თუმცა, საქართველოში კონვენციის რატიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
კაკაშვილის თქმით, საქართველოს შრომის კოდექსით, დასაქმებულების დაშავების შემთხვევაში მათი უფლებები დაცული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსის 35-ე მუხლით (უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება) - დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს; ასევე ვალდებულია, დასაქმებულს გონივრულ ვადაში მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რაც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე.
ამ კანონის არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც საწარმოებში აღნიშნული კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს დააწესებს.
სამუშაო პროცესში გარდაცვალების შემთხვევაში შრომის კოდექსი არანაირ კომპენსაციას არ ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს მეტალურგთა, მაშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ინფორმაციით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საწარმოს ადმინისტრაციებმა დაღუპულთა ოჯახებს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კომპენსაცია დაუნიშნეს.
2010 წლის 13 ივნისს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროში მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მაღაროელის ნოდარ კუტალაძის ოჯახს საწარმოს ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კომპენსაცია დაუნიშნა. გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილები სრულწლოვანების ასაკამდე საკომპენსაციო თანხას ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით მიიღებენ.
თუმცა, არის ფაქტებიც, როდესაც უბედური შემთხვევის გამოძიება დასრულებული არ არის. შესაბამისად, გარდაცვლილთა ოჯახებს დაკრძალვის ხარჯების გარდა, საწარმოს ადმინისტრაციისგან კომპენსაცია არ მიუღიათ.
ჯერ კიდევ დაუდგენელია, რამ გამოიწვია 2 მაღაროელის დაღუპვა 2011 წლის 6 ნოემბერს ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროს მეოთხე მომპოვებელ უბანზე. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი "სამთო დარტყმა" იყო. ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ტყიბულის მაღაროში ერთი მეშახტე დაიღუპა. 2011 წლის იანვარში მომხდარ აფეთქებასაც ერთი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა; შარშან, მარტსა და აგვისტოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 8 მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 2009 წლის დეკემბერში დამცავი ჯებირის ჩამოშლას ერთი მაღაროელი ემსხვერპლა. ბოლო ორი წლის მანძილზე მაღაროში სულ 12 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. როგორც კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლები ამბობენ, მაღაროელები სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ.
აღსანიშნავია, რომ 28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა.