სარკოზიმ მედვედევს დოვილში 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების აუცილებლობა კონკრეტულად მოთხოვა

სარკოზიმ მედვედევს დოვილში 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების აუცილებლობა კონკრეტულად მოთხოვა

დოვილში სარკოზი-მერკელ-მედვედევის შეხვერის პერიპეტიებზე “ინტერპრესნიუსი” საფრანგეთის საზოგადოებრივი “რადიო ფრანსის” ბრიუსელის ბიუროს ქართველ ჟურნალისტს, გიორგი ფოფხაძეს ესაუბრა, რომელიც ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

 

ბატონო გიორგი, დოვილის შეხვედრას ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და თბილისშიც სხვადასხვაგვარად აფასებენ. რამდენადაც ვიცი, თქვენ მერკელი-სარკოზი-მედვედევის დოვილის შეხვედრას აშუქებდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

– დოვილი ძალიან ლამაზი და საინტერესო ქალაქია. სხვათა შორის, კოკო შანელის პირველი კოლექცია დოვილში შეიქმნა და შემდეგ მოიარა მსოფლიო. ეს ქალაქი იმითაც არის ცნობილი, რომ აქ არის გადაღებული საკულტო ფილმი “ქალი და მამაკაცი”, რომელიც ქართველმა მაყურებელმა იცის. დოვილი, ცნობილი სასმელის “კალვადოსის” ქალაქია და ამ რეგიონსაც კალვადოსი ჰქვია. დოვილი ასევე ცნობილია კაზინოებით და ფილმების ფესტივალით, რომელიც ამ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ სარკოზიმ სწორედ ამ ქალაქში გადაწყვიტა მიეღო გერმანიისა და და რუსეთის კოლეგა პრეზიდენტები.

 

2008 წლის შემდეგ დოვილის შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების გარკვევის აუცილებლობით იყო განპირობებული. ევროკავშირმა და ნატომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეიმუშავეს, რომელიც ნოემბრისათვის დაგეგმილ ლისაბონის ნატოს სამიტზე უნდა იქნას მიღებული. ახალი კონცეფცია ითვალისწინებს იმ რისკებს, რომლის წინაშეც დგას ევროპა და მსოფლიო. ეს პირველ რიგში ტერორიზმის პრობლემა, ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე ისეთი ქვეყნებისგან თავდაცვაა, რომლებსაც “გარიყულ ქვეყნებს” უწოდებენ. სარკოზისა და მერკელის მიზანი პირველ რიგში იყო ის, რომ რუსეთთან თანამშრომლობის ახალი გზები გამოენახათ.

 

სარკოზი მერკელთან და მედვედევთან შეეცადა განეხილა ევროპული უსაფრთხოების საკითხები. დოვილის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ცივილიზებული არაბული სამყაროს წარმომადგენლებმა გააფრთხილეს პრეზიდენტი სარკოზი იმის შესახებ, რომ “ალ-ქაიდა” საფრანგეთსა და ბელგიაში ახალ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. ამის ფონზე ნატო-ს ახალი სტრატეგია მიზნად სწორედ ევროპის დაცვასა და დაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს. ევროპელებს მიაჩნიათ, რომ ამ სისტემაში რუსეთი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. ამაში თავად რუსეთი უნდა იყოს დაინტერესებული, ვინაიდან თავის ტერიტორიაზე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის კონფლიქტები აქვს, რომელთაც ახლა დაღესტანიც დაემატა, რომლის ფანატიკოსი ლიდერები მიზნად იმირატის შექმანს ისახავენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ევროპისკენ შემობრუნება და ევროპული უსაფრთხოების პროცესებში ჩართვა.

 

ბევრი თვლის, რომ პარიზი და ბერლინი მოსკოვს რესურსების გამო “შეეკრა” და რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამ თვალსაზრისით, თქვენი შთაბეჭდილება როგორია?

– არავითარ შემთხვევაში, და იცით რატომ? ევროსტრუქტურები 27 ქვეყნის გაერთიანებაა, სადაც წამყვანი როლი საფრანგეთსა და გერმანიას ეკისრებათ. იგივე ნატოში, შტატების შემდეგ, კონტინენტურ ევროპაში ყველაზე მთავარი მოთამაშე სწორედ საფრანგეთი და გერმანიაა. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირშიც და ნატოშიც დიდი მოთამაშეა, მაგრამ კონტინენტურ ევროპაზე გერმანიისა და საფრანგეთის ხვედრითი წონა ძალიან დიდია. არანაირად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბერლინმა და პარიზმა მოსკოვთან თავისი თამაში წამოიწყეს. პირიქით, ეს ორივე ქვეყანა რუსეთთან დიალოგში სწორედ ამ ორი ორგანიზაციის პოზიციებს ახმოვანებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთისთვის რა უფრო მისაღები იქნება – მას ლუქსემბურგი და ბელგია რომ დაელაპარაკება თუ – საფრანგეთი და გერმანია?

 

ამერიკა, საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან მიმართებაში ერთიან თამაშს თამაშობენ იმისათვის, რომ რუსეთი კონტროლს დაექვემდებაროს და საშიში აღარ იყოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთთან შეხვედრის მოსაწყობად პარიზი და ბერლინი ვაშინგტონთან კონსულტაციებს გადიოდნენ. აშშ და ევროპელები ცდილობენ, რუსეთი გარკვეულ ჩარჩოში მოაქციონ და კონტროლს დაექვემდებაროს. თუ ასე არ იქნა, შესაძლებელია რუსეთი უმართავი გახდეს. დასავლეთისთვის უკონტროლო და დაუმორჩილებელი რუსეთი უფრო საშიშია, ვიდრე ისეთი რუსეთი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ჩარჩოებში იქნება მოქცეული.

 

პრესკონფერენციაზე, მაშინ როცა მედვედემა რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაწესებაზე დაიწყო საუბარი, მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მარტო საფრანგეთისა და გერმანიის პრეროგატივა არაა და ამ საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს და ეს ასე მალე არ მოხდება. თუ რუსეთი ევროპულ სისტემაში არ შევა, შესაძლოა, ძალიან უკონტროლო გახდეს. თუ რუსეთი ევროპული სტრუქტურების მხრიდან მეტად იქნა კონტროლირებადი, იგი ისე ნამდვილად ვეღარ მოიქცევა, როგორც 2008 წლის აგვისტოში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ევროპელები “გარიყულ ქვეყნებზე” საუბრობენ, ამაში ქვეცნობიერად რუსეთსაც მოიაზრებენ.

 

დოვილში საქართველოზეც გაკეთდა განცხადებები, სარკოზის განცხადებაც არაერთგვაროვნად შეფასდა. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– დოვილში, ჯერ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, შემდეგ სარკოზი-მედვედევის, ხოლო შემდეგ მერკელ-მედვედევის პირისპირ შეხვედრები. სარკოზის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აუცილებელია რუსეთმა ევროკავშირის დამკვირებლები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაუშვას, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ სარკოზი-მედვედევის პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი საკმაოდ მწვავედ და დეტალურად იქნა განხილული. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მედვედევს სარკოზის განცხადებაზე თანხმობა არ განუცხადებია და ვერც განაცხადებდა, ვინაიდან მან ეს ყველაფერი, რაც დოვილში მისმინა, პუტინს უნდა მოახსენოს და მასთან შეათანხმოს. ყველამ იცის, რომ იგი ნომინალური პრეზიდენტია.

 

პრესკონფერენციაზე სარკოზი სულ სხვა თემაზე საუბრობდა, მაგრამ უცბად, იგი გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდა, მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა და თქვა – იცით რა? ახლა საჭიროა საქართველომ განაცხადოს თანხმობა თავდაუსხმელობის შესახებ და ჩვენ კი ვთხოვთ რუსეთის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აუცილებელიად მოხდეს ევროკავშირის დამკვირებლების დაშვება. სარკოზი-მედვედევის შეხვედრაზე ამ თემაზე რომ არ ემსჯელათ, სარკოზი ამას, უბრალოდ, ვერც იტყოდა. დიპლომატიურ ენაზე სარკოზის განცხადება ძალიან ბევრს, კერძოდ, იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ სარკოზიმ მედვედევს დოვილის შეხვედარზე 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების აუცილებლობა კონკრეტულად მოსთხოვა. მე კარგად ვიცნობ სარკოზის, დიდი ხანია ვაშუქებ მისი მონაწილეობით მოვლენებს, მის წინასაარჩევნო კამპანიასაც ვაშუქებდი და ამ პოლიტიკოსის ბუნება შესწავლი მაქვს. სარკოზი საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა და არ არის ის ადამიანი, რომელსაც დანაპირებს რომ არ შეუსრულებენ, ის ამას ვინმეს შეარჩენს. მას, როგორც ამბიციურ პოლიტიკოსს 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობა აწუხებს და მის შესრულებას ითხოვს.

 

თუ აშშ-და დასავლეთმა შეძლო რუსეთის დასავლურ სტრუქტურებში “შეთრევა”, მსოფლიო ეკონომიკაში ჩართვა, თქვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა უფრო მარტივი იქნება?

– რა თქმა უნდა. საერთოდ, რუსეთთან საუბარი მარტივი არ არის. ამერიკა და ევროპა ძალიან კარგად ხვდებიან, ვისთან აქვთ საქმე. დასავლეთში იციან, რომ როცა მედვედევს ესაუბრებიან, ესაუბრებიან პუტინის მარიონეტს. მას დოვილშიც ეტყობოდა, რომ იგი პრეზიდენტი არაა და გადაწყვეტილებებს არ იღებს. საქმეს ის უფრო გაართულებს, თუ რუსეთი რაღაც ჩარჩოში არ მოექცა. თუ მასთან საუბარი არ დაიწყო, ძალიან ძნელი იქნება შედეგის მიღწევა.

 

ალბათ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რუსეთში 2012 წლის არჩევნებზე ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი?

– დასავლეთის მოქმედება რუსეთის მიმართ სწორედ ამაზეა გათვლილი. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ 2012 წელს კრემლში პუტინი დაბრუნდება. ამიტომ, დასავლეთი პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებამდე აყალიბებს რუსეთისადმი დამოკიდებულების პოზიციებს და ამას ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი შეთანხმებულად აკეთებენ. შეიძლება ითქვას, ახლა დასავლეთი პუტინის კრემლში დაბრუნების პერიოდისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. წინასწარ ხდება იმის გათვლა, თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რუსეთში იმ შემთხვევაში, როცა რუსეთი მარტო პუტინის ამარა დარჩება. დასავლეთში ესმით, რომ რუსეთი საშიშია და შესაძლოა, ირანზე მეტადაც.