საქართველოს უმეტეს რეგიონებში, განსაკუთრებით კი დასავლეთში საქართველოში, დღესაც პოპულარობას არ კარგავს მიწის მამა-პაპური მეთოდებით დამუშავება. ხვნა-თესვის დროს ისევ აქტიურად გამოიყენება გუთანი, როგორც მრავალი ათეული წლის წინათ. ერთ სოფელზე გაწერილი თითო-ოროლა ტრაქტორი მოსახლეობისთვის მიუწვდომელია.
ამას ადასტურებს სოფლად გაჭრილი ოპოზიციაც. ““ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ჩოხატაურის რაიონში სოფლების შუაფარცხის, ბურნათის და კოხნარის მოსახლეობას შეხვდა და დაასკვნა, რომ გლეხებს ე.წ. პრეზიდენტის ტრაქტორებით სარგებლობის რიგი, საუკეთესო შემთხვევაში, ივნის-ივლისში თუ მოუწევთ.
“გლეხები ე.წ. პრეზიდენტის ტრაქტორებით რეალურად ვერ სარგებლობენ. ტრაქტორების რაოდენობა იმდენად შეზღუდულია, ხოლო მასზე მოთხოვნა იმდენად დიდი, რომ გლეხებს ტრაქტორით სარგებლობის რიგი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ივნის-ივლისის პერიოდში თუ მოუწევთ; ანუ მაშინ, როცა მიწა უკვე დიდი ხნის მოხნული და დათესილი უნდა იყოს და ტრაქტორის საჭიროება პრაქტიკულად აღარ არის”, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
გლეხები პრეზიდენტის ტრაქტორებზე მეტად უფულობაზე წუწუნებენ. “ჯერ მხოლოდ მიწის დახვნა მოვახერხე, 2 ჰექტარია და 240 ლარამდე დამეხარჯა. სიმინდის დასათესად კიდევ 160 ლარი დამჭირდება. საკარმიდამო ნაკვეთები კვლავ გუთნით იხვნება. გაჭირვებული მოსახლეობა გუთანს ყანებშიც იყენებს. ამით ნაკლები ეხარჯებათ, მაგრამ გაცილებით მძიმე შრომის ფასად”, - ამბობს ზუგდიდის რაიონის მცხოვრები თორნიკე შელია.
სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტ თამაზ კუნჭულიას განმარტებით, საქართველოში შემოსული სამექანიზაციო ტექნიკა არასაკმარისია და გლეხს ამის გამო საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება უგვიანდება. ამასთან, ცალკე თავსატეხს საწვავის მაღალი ფასი ქმნის.
“საქართველოში ყოველ წელიწადს 3000-3300 სხვადასხვა სახის სამექანიზაციო ტექნიკა შემოდიოდა. ბოლო დროს ტექნიკის შემოყვანას შპს “მექანიზატორი” უზრუნველყოფს. ეს ძალიან კარგია და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ პრობლემა მაინც არის. აგროტექნიკის რაოდენობა არასაკმარისია და ამის გამო გლეხები სამუშაოებს აგროკულტურისთვის განკუთვნილ პერიოდში ვერ ასწრებენ. ნათქვამია, გაზაფხულის 1 დღე მთელ წელიწადს იტევსო და მართლაც ასეა. ყველა ჯიშს თავისი აგროტექნიკა აქვს და ეს აუცილებლად არის გასათვალისწინებელი.
სიმინდის კარგი მოსავალი რომ მივიღოთ, აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაითესოს, მაქსიმუმ 10 მაისამდე. გლეხისთვის ცალკე პრობლემაა უსახსრობაც, გაძვირებული საწვავის ყიდვა ბევრს არ შეუძლია. ამიტომ თითქმის ყველა ცდილობს, მხოლოდ ოჯახისთვი სსაკმარისი მოსავალი მიიღოს, რაც საერთო მოსავლიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.
ცხადია, დაუმუშავებელი მიწების რაოდენობა წლიდან წლამდე ამის გამოც მატულობს. ქვეყნის მასშტაბით, 300 ათასი ჰექტარია დამუშავებული, მიწების 60 პროცენტი კი დაუმუშავებელია”, - აცხადებს კუნჭულია.