დასატბორად განწირულ სოფლების სიაშია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი მარადიდი. დიდია ალბათობა, რომ იგი წყლით დაფარვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. სოფელში ჰიდროელექტროსადგური შენდება და შესაძლო საფრთხეებზე მოსახლეობა და “ქრისტიან-დემოკრატები” საუბრობენ. როგორც სოფელში ყოფნისას ქდმ-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიაზ ზოსიძემ აღნიშნა, ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ სოფელი წყლით დაფარვის საფრთხის ქვეშ დადგება.
“მარადიდი არის საზღვრისპირა სოფელი, ამ სოფელში ცხოვრება ისედაც ძნელია, რადგან მიწა არის მწირი. ამას ემატება ისიც, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აქ უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგური. ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ათეულობით ოჯახი ძალიან ცუდ დღეში ვარდება. გარდა ამისა, ცალკეული დამქაშები, არავინ არ იცის, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან თუ - კერძო კომპანიის, სთავაზობენ მიზერულ თანხას იმ მიწებში, რომელსაც ეს ხალხი ფლობს”, - აღნიშნა ნიაზ ზოსიძემ.
მდინარე ჭოროხის ნაპირებთან მცხოვრები მარადიდის მოსახლეობა კი აღნიშნავს, რომ მათთან უცნობი თურქული კომპანიის წარმომადგენლები მიდიან და მიწების აღწერას აწარმოებენ. “გაზომეს ყველაფერი და სურათებიც გადაიღეს. 1 კვადრატულ მეტრში გაძლევთ 20 ლარსო, მაგრამ ეს თანხა ძალიან ცოტაა. ერთ მტკაველ მიწას არ დავთმობ და არც ჩემ გაშენებულ ხეხილს არ მოვაჭრევინებ. ოთხი შვილის პატრონი ამ მიწის კმაყოფაზე ვარ”, - აღნიშნა სოფელ მარადიდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
100-კომლიანი სოფელი მარადიდი თურქეთს ესაზღვრება. სოფლიდან თურქეთის ტერიტორიამდე 500 მეტრია. როგორც მარადიდის მოსახლეობა აცხადებს, მათთვის შეთავაზებული საკონპენსაციო თანხა მცირეა. სოფელი ითხოვს, რომ ინვესტორმა ნარგავებიან ტერიტორიაზე ერთ კვადრატულში 50 დოლარი გადაიხადოს, ნარგავების გარეშე მიწის ნაკვეთებში კი - 50 ლარი.
ჰესების მშენებლობის მანიით შეპყრობილი ხელისუფლების გამო, მარადიდის გარდა, კიდევ ბევრ სოფელს ემუქრება დატბორვა. მაგალითად, ხუდონჰესის გამო სოფელი ხაიში საერთოდ აღარ იარსებებს, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხე ნამახვანჰესის აშენებას მოჰყვება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარის, მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით, “ნამახვანის” კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდება, დაახლოებით, 800 ადამიანს გაასახლებენ. დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა (10 კვ.კმ), აქედან 654 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება. 270 ჰექტარი კი - ტყეებია.
“ასევე ზიანი მიადგება ხვამლის ნაკრძალს, რომელიც ტვიშის რეზერვუარიდან 100 მეტრშია. აქ ისეთი მღვიმეებია, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი კულტურული დატვირთვა აქვს. რეზერვუარები შეიქმნება რიონის გასწვრივ, 27 კილომეტრზე, ეს ნიშნავს, რომ მდინარის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება. ასევე შეიცვლება კლიმატი, გააქტიურდება ქარები”, - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.
მისი თქმით, მშენებლობის პროექტში არ ჩანს სეისმოლოგიური და ეკოლოგიური რისკები. რეგიონი სეისმურად აქტიურია და ამ ტერიტორიაზე ჰესები 7-8-ბალიან მიწისძვრას უნდა უძლებდნენ. უმნიშვნელოვანესი ბიძგებიც კი მეწყერებს გამოიწვევს, მეწყერები კი ამ რაიონს ისედაც არ აკლია. ნამახვანის კასკადის ქვემოთ კი გაიზრდება ეროზია. აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით, თურქმა, ამჟამად უკვე ყოფილმა ინვესტორებმა იმის პირობაც კი დადეს, რომ მეწყერების თავიდან ასაცილებლად ტერასებს გააშენებდნენ.
თუმცა, მოსახლეობის საბედნიეროდ, ეს საკითხი გარკვეული დროით შეჩერდა. საქმე ისაა, რომ ნამახვანის ამშენებელმა ორივე ინვესტორმა (თურქებმაც და კორეელებმაც) მიატოვა პროექტი და ახლა ხელახალი კონკურსია გამოცხადებული.
ენერგეტიკის მინისტრი მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ნორმების დაცვით ეს პროცესი 9 თვე გრძელდება და ახალი კონტრაქტორი წლის ბოლოსთვის იქნება ცნობილი; ანუ თუ მორიგი ინვესტორი წლის ბოლომდე მაინც გამოჩნდა, მშენებლობა 2013 წლის შემოდგომამდე მაინც ვერ დაიწყება. და საერთოდაც დაიწყება თუ არა, ეს კიდევ საკამათო საკითხია.