საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ევროპის გადასარჩენად გაორმაგდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ევროპის გადასარჩენად გაორმაგდება

დიდი ოცეულის ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსები თითქმის ორჯერ, 430 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ. როგორც აღინიშნა, ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე ოცეულს უბრალოდ სხვა გზა არ რჩებოდა. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ G20-ის ეს მოულოდნელი და საკმაოდ სერიოზული ხელგაშლილობა ნათლად მოწმობს, რომ კრიზისი ღრმავდება და მისი დასასრული ჯერ კიდევ აშკარად ძალიან შორსაა.


როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსები ხელმისაწვდომი იქნება მისი ყველა წევრისათვის და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული რეგიონისათვის. თუმცა, აშკარაა და ამას არც არავინ უარყოფს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს სახსრები ევროპული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებად იქნება მობილიზებული. სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდის ინიციატორი სწორედ ევროკავშირი გახლდათ. ფონდის ფული ამა თუ იმ ქვეყანას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კრედიტის სახით გამოეყოფა.


როგორც ცნობილია, დიდი ოცეული საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდაზე ადრეც მსჯელობდა, მაგრამ მაშინ გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ თავდაპირველად ევროპისაგან გადაიდგმებოდა აქტიური ნაბიჯები. ჰოდა, ევროკავშირმაც მოინდომა და დაახლოებით ერთი თვის წინ ევროპის სტაბილურობის ფონდის მოცულობა მნიშვნელოვნად, 1 ტრილიონ ევრომდე გაზარდეს.


შემდეგ ევროპას მხსნელად მოევლინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, რომელმაც დიდი ოცეულის სამიტზე გამოსვლისას თავისი სიტყვა თითქმის მთლიანად ევროპული ეკონომიკის პრობლემებს მიუძღვნა. ქალბატონმა თავმჯდომარემ ძალიან ბევრი ისაუბრა ევროპული კრიზისის გამწვავებაზე, მასთან დაკავშირებულ რისკებზე, ნავთობის გაძვირებაზე, რაც ევროპული ეკონომიკის აღდგენას ხელს ძალიან უშლის და ა.შ. მაშინ ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავდა, ლაგარდი ცდილობდა ოცეული ევროპის გადასარჩენად ფულის გაღებისათვის დაეყოლიებინაო.


როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდას მხარი იაპონიამ დაუჭირა. როგორც ცნობილია, ამომავალი მზის ქვეყანა უკვე კარგა ხანია რეცესიაში იმყოფება და მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკათა რეიტინგში მეორე ადგილიც დაკარგა. ასე რომ, დახმარება იაპონიასაც ძალიან სჭირდება.


ძლიერი განვითარებადი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ბრაზილია და ინდოეთი, აგრეთვე ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი და რუსეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების გაზრდაში თავიანთი მონაწილეობის საკითხს მომავალში შეათანხმებენ. ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია როგორც მათი შესაძლო ღვაწლი, აგრეთვე ისიც, თუ რა ხეირს უნდა ელოდონ ეს ქვეყნები ფონდიდან სამომავლოდ.


აღსანიშნავია, რომ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ქალბატონ ლაგარდს ევროპისადმი ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ცხადია, ის ფაქტია, რომ მან დიდი ოცეული საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების გაზრდისა და ევროპის დახმარების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ თუ მისი მცდელობა ვერ გაამართლებს, მაშინ ქალბატონ თავმჯდომარეს თავს კრიტიკის საშინელი ქარ-ცეცხლი დაატყდება.


ცხადია, ეს ლაგარდსაც მშვენივრად ესმის. ამიტომაც მან სიფრთხილე გამოიჩინა და ესპანეთს და იტალიას მოუწოდა უახლოესი ორი წლის განმავლობაში კაპიტალის ბაზარზე გასვლაზე არც იფიქრონ. ევროპის ცენტრალურ ბანკს კი ურჩია ძირითადი საპროცენტო განაკვეთი შეამციროს. თუმცა, ევროპის მთავარმა ბანკირმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ლაგარდის რჩევის გაზიარებას არ აპირებს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ლაგარდი წინასწარი პირობების გარეშე არავის არაფერს მისცემს და გამოუყოფს.


საერთოდ, არა მარტო დიდი ოცეული და ლაგარდი, არამედ ბაზრის თითქმის ყველა ანალიტიკოსი მიმდინარე წლის მთავარ ეკონომიკურ პრობლემებად ევროპაში არსებულ ვითარებას და ნავთობის ფასის ზრდას ასახელებს. მოგეხსენებათ, “შავი ოქროს” გაძვირებას ხელს არსებული პოლიტიკური ვითარება უწყობს. ევროპის მდგომარეობას ყველაფერთან ერთად ისიც ართულებს, რომ რისკებისაგან დაშინებული კონტინენტის ბანკები არა და არ ჩქარობენ რეგულატორისაგან მიღებული ფული რეგიონის ეკონომიკაში ჩადონ.


მოკლედ, დიდი ოცეული და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან ძნელ ამოცანას შეეჭიდნენ. მოგეხსენებათ, ბევრმა ანალიტიკოსმა ევროპის გადარჩენის საკითხი უკვე შეუსრულებელ მისიად ჩათვალა. ძნელი სათქმელია, რა შედეგებს გამოიღებს დიდი ოცეულის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მცდელობა. ყოველ შემთხვევაში, ამას მიმიდინარე წელს ნამდვილად ვერავინ გაიგებს.