თანაც არა უბრალოდ იზრდება, არამედ, დასავლეთის ფინანსურ სისტემას სერიოზულად უპირისპირდება. ისლამური ფინანსური ბაზრები პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში მოკრძალებით წარმოჩნდა, ახლა კი ტრილიონობით დოლარის ღირებულების უდიდეს ინდუსტრიას წარმოადგენს. ანალიტიკოსთა შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ისლამურ ფინანსებს ერთობ ნათელი მომავალი აქვს, რასაც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მშვენიერი დემოგრაფიული სიტუაცია და მუსულმანურ სამყაროში შემოსვლების ზრდა განაპირობებს.
წამყვანი დასავლური ბანკები ისლამურ ობლიგაციებს მასიურად ყიდულობენ და ისლამურ ფინანსებთან სამუშაოდ სპეციალურად ქმნიან შვილობილ კომპანიებს. არამუსულმანურ ფინანსურ ცენტრებში – ლონდონში, ნიუ იორკში, სინგაპურსა და ჰონკონგში სპეციალურად მიიღეს კანონები, რომ ისლამური ბანკებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტებისათვის მუშაობა გაეადვილებინათ.
და მაინც, რა ნიშნავს ეს დასავლური ფინანსური სისტემისათვის? შეიძლება თუ არა მის ალტერნატივად მოიაზრებოდეს ისლამური ფინანსური სისტემა?
თავად ის ფაქტი, რომ ამგვარი კითხვა შეიძლება დაისვას, უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისლამურ ფინანსებს ზედაპირულად უწოდებდნენ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის სისტემას, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა რესურსების არაადეკვატური და არაეფექტური მობილიზაცია და მათი გამოყენება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ძირითადი ცენრატალური ბანკები დღეს სწორედ ამგვარ პოლიტიკას იყენებენ, როცა სურთ მასშტაბური “რაოდენობრივი მოდუნების” ეფექტს მიაღწიონ.
არსებობს ისლამური ფინანსების ორი მთავარი მცნება: ფინანსური ოპერაციებისას პროცენტების ამოღებაზე აბსოლუტური აკრძალვა და კრედიტორებისა და მევალეების მაღალი მორალური სტანდარტები. საინტერესოა, რომ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის სისტემის საუკეთესო ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია ლეგენდარული ეკონომისტის ჯონ კეინის “ზოგად თეორიაში”.
კეინმა დაასკვნა, რომ მხოლოდ ძალიან დაბალ, ან ნულოვან საპროცენტო განაკვეთს შეუძლია განაპირობოს დასაქმების გამუდმებული ზრდა და კაპიტალის განაწილება. ცხადია, მხოლოდ კეინის მიერ ამგვარი პოლიტიკის მოწონება არ ნიშნავს, რომ იგი სწორია, მაგრამ მისი ანალიზი, რომელზე საუბარიც, ცხადია, ძალიან შორს წაგვიყვანს, იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ იგი სერიოზულად აუცილებლად აღვიქვათ.
აღსანიშნავია, რომ, მართალია, ისლამური ფინანსური სისტემა პროცენტებს კრძალავს, მაგრამ მოგება როდია აკრძალული. მოგება გახლავთ შედეგი, რომელიც მიიღება ფინანსებისა და მეწარმეობის ურთიერთშერწყმით. შინაარსობრივად, ეს გახლავთ მოგებისა და რისკების გაყოფის სისტემა, რომელიც სრულიად არის დაფუძნებული აქციონერული დაფინანსების საფუძველზე.
ამგვარად, ისლამური ფინანსები დღეს დომინირებად სისტემებთან, რომლებიც პროცენტულ ვალებზეა დაფუძნებული, კონტრასტულია. თუმცა, სულ უფრო და უფრო მეტი ეკონომისტი თანხმდება, რომ ვალებზე დაფუძნებულ დაფინანსებას მეტი არასატაბილურობა ახლავს, ვიდრე აქციონერულ დაფინანსებას. და საერთოდ, რელიგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა აშკარად ნაკლებად რისკიანია.
ისლამური ფინანსური სისტემის მეორე მცნებიდან გამომდინარე, თუ ადამიანები თავიანთ ეთიკურ ღირებულებებს მკაცრად დაიცავენ, ისლამურ საბანკო სისტემაში ნაკლები სუბიექტური პრობლემა იქნება. სუბიექტური რისკი ხომ ყველა სისტემაში არსებობს და ხშირად სახელმწიფო კერძო პირების რისკებს შთანთქავს ხოლმე.
ფაქტია, რომ ქრისტიანულმა მორალმა დასავლური კაპიტალიზმის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა, მაგრამ დასავლურმა კაპიტალიზმმა ფასეულობათა ეროზია განიცადა, როცა ფინანსურმა სექტორმა საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დააყენა. თუ შარიათის კანონებზე დაფუძნებული ეთიკური ღირებულებები ისლამურ ფინანსებში ეფექტური იქნება და რისკების მინიმუმამდე დაყვანა მოხდება, ისლამური ფინანსირება თანამედროვე სისტემის სერიოზული ალტერნატივა შეიძლება გახდეს.
მაგრამ ამას, ცხადია, დრო და გამოცდა სჭირდება. თანაც, ამ დროისათვის არ არსებობს ისლამური სარეზერვო ვალუტა და კრედიტორი ბოლო ინსტანცია. სამაგიეროდ, ისლამური სამყარო უდიდეს ბუნებრივ რესურსებს ფლობს, რომელიც მის სავაჭრო და ფინანსურ მოღვაწეობას ხელს უწყობს.