ორიოდე დღის წინ თბილისში, სასტუმრო «რადისონში» სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა (ბურების) პირველი კონგრესი გაიმართა. მასში 60-მდე ფერმერი მონაწილეობდა. დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას განცხადებით, სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა კავშირსა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობები ორი წლის განმავლობაში წარმატებით ვითარდება, რამაც საქართველოს ეკონომიკას რამდენიმე მილიონი ლარი მოუტანა. რა ბედენაა ეს რამდენიმე მილიონი ლარი, როცა ამ ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს უზარმაზარი შენობა რუსთაველის პროსპექტზე ერთი ბინის ფასად _ 700 ათას ლარად გაყიდა?
დავითაიას მოადგილემ, ნიკა ავალიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკელ ფერმერებს მიწები უკვე შეუსყიდიათ და მალე დიდი აგრომეურნეობის წამოწყებასაც აპირებენ. კონგრესის გამართვა კი თურმე საქართველოში სამხრეთ აფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და გამოცდილების გაზიარება ყოფილა.
გამოცდილებას რაც შეეხება, სამხრეთ აფრიკაში თეთრი კოლონისტების ჩასვლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ მიწაზე ჯერ დევნილად იქცა, შემდეგ კი სულაც აპარტეიდის მსხვერპლი შეიქნა. მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ დაიბრუნეს სამხრეთაფრიკელებმა საკუთარი მიწა-წყალი და ძალაუფლება. ახლა იმ კოლონისტთა შთამომავლები საქართველოს მოადგნენ და «გამოცდილების გაზიარებას» გვპირდებიან.
ბურებისთვის მიწების მიყიდვის და ხელისუფლებისგან ყოველმხრივი ხელშეწყობის შესახებ «საქართველო და მსოფლიო» პროფესორ პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, რას უნდა მოასწავებდეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი ყურადღება ბური ფერმერებისადმი? მიწებს გამალებით ყიდულობენ, ამ ყველაფერთან ერთად კი საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად მიწის ნაყოფიერი ფენის – ჰუმუსის გატანაც კი ნებადართულია...
_ საქართველო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ არის, შევიწროებულ ბურებს რომ დაეხმაროს და დაასახლოს. სინამდვილეში ეს ღონისძიება ერთ-ერთი ელემენტია ფართო პროგრამისა, რომელიც მდგომარეობს საქართველოს მოსახლეობის შეცვლაში (რომ შეიქმნას საზოგადოება მოზაიკური პრინციპით, რომლის მართვა უფრო ადვილი იქნება) _ ქართველების განდევნაში ეკონომიკური გაჭირვების ორგანიზების გზით და ახალი, უცხო მოსახლეობის შემოყვანაში, რომელიც
ა) სავსებით გულგრილი იქნება საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ეროვნული ინტერესებისადმი, მაშასადამე, ადვილად მიმართვადი საქართველოს ამ ინტერესთა საწინააღმდეგო მოქმედებისკენ;
ბ) ერთგული ხმის მიმცემი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური გუნდისთვის.
უფრო ფართო პერსპექტივაში აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი მოსამზადებელი ზომაა ქართველი მოსახლეობის მასობრივი განდევნისა ყველა საწარმოდან, რომელთა საკუთრება იქნება უცხოელების ხელში.
ეკონომიკის ძირითადი სიმძლავრეების (მიწის ჩათვლით) გასხვისებას უცხოელებზე საქართველოს პირობებში მხოლოდ ეკონომიკური უძლურება, მასობრივი სიღატაკე და გარდაუვალი სახელმწიფოებრივი კატასტროფა მოჰყვება.
ხელისუფლების აღნიშნული ზრახვა მიმაჩნია უგუნურებად. უგნურია ხელისუფლება იმდენად, რამდენადაც არ ითვალისწინებს
_ ქართველი გლეხობისთვის, რომელიც დღეს ღატაკია მისი წარმატებული შრომისთვის ხელოვნური დაბრკოლებების (პირველ ყოვლისა _ მიწისა და სარწყავი წყლის მაღალი გადასახადის, საწვავის არარეალისტურად ძვირი ფასის, კრედიტის ხელმიუწვდომლობის, მისთვის ბაზრის ხელოვნურად დახშობის) და არა სამეურნეო გამოცდილების გამო, სამხრეთ აფრიკელთა გამოცდილების უმნიშვნელობას;
_ ქართველ გლეხებთან ახალმოსულთა სრული ყოფითი და ზნე-ჩვეულებითი (აგრეთვე, ენობრივი) უცხოობის ფაქტორს, რომელიც პერსპექტივაში არ შესუსტდება შემოსულთა დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათასი ოჯახი) გამო: შემოსულებს სოციალურად თავისი თვითკმარი საზოგადოება ექნებათ, ადგილობრივებს _ თავისი, რასაც თვალნათლივ მოწმობს საქართველოში რუსეთის მიერ შემოსახლებულ (1837) და რუსეთის მიერვე გასახლებულ (1941) გერმანელ კოლონისტთა მაგალითი.
არის მოსაზრება, რომ ბურების ჩამოსახლების მიზეზი პრეზიდენტის მეუღლის სურვილია _ დაეხმაროს თანამემამულეებს, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტორს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. შევხედოთ ამ საკითხს ფართოდ. ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა. ზოგჯერ ომი მიმდინარეობს სულ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის (მაგალითად, ახლახან ამტყდარი კონფლიქტი ტაილანდსა და კამბოჯას შორის) გამო.
ვითარებას ართულებს ნიადაგის ეროზიის პროცესი, რაც უკანასკნელ პერიოდში ანთროპოგენური ექსპანსიისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ცნობილია, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, ჰუმუსის ფორმირებას 2-7 ათასი წელი სჭირდება, ხოლო დაჩქარებული ეროზიის პირობებში, რასაც, ძირითადად, ადამიანის ფაქტორი იწვევს, ეს ფენა შეიძლება 10-30 წელიწადში სრულიად განადგურდეს. ამასთან, ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც ძლიერ წვიმას ან ქარიშხალს ერთ დღეშიც კი მოუსპია ნაყოფიერი ნიადაგები. საქართველოში ეროზიის ზემოქმედებას განიცდის 1 მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო სავარგული. სავარგულები სულ უფრო ნაკლები რჩება. სადღეისოდ დედამიწის ხმელეთის სასოფლო სამეურნეო ათვისება 30%-ს მიუახლოვდა და, თუ არ ჩავთვლით უდაბნოების ათვისების ჯერჯერობით უპერსპექტივო შესაძლებლობას, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ რეზერვები ამოწურულია. უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობის სავარგულები კაცობრიობის უმთავრეს რესურსად იქცევა. ცხადია, განსაკუთრებით ძვირად ფასობს მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ჰარმონიულადაა უზრუნველყოფილი სარწყავი წყლითა და მზის ენერგიით. სწორედ ამგვარ რესურსს ფლობს საქართველო და ამ დროს უმოწყალოდ მიმდინარეობს ქართული მიწის განიავება, რადგან იმას, რაც ხდება, ვერანაირად უწოდებ «პრივატიზაციას».
ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე _ მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი _ არაკონკურენტუნარიანია უცხოელებთან მიმართებით. ამ უკანასკნელებს შესაძლებელია მიწის ეს ნაკვეთი სხვა, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის უნდოდეთ (აგარაკების აგებით დაწყებული და სხვა, ხრიოკ ქვეყნებში წასაღებად ნაყოფიერი ზედაფენის მოჭრით დამთავრებული). საკამათო არც ისაა, რომ მოქალაქეობის არმქონე პირებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ საქმის წამოსაწყებად, ვიდრე ადგილობრივებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და მოწყვლად დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციატევადი დარგი და აქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს.
_ ორ წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარი მიიღო საქართველოს ეკონომიკამო, ტრაბახობს პაპუნა დავითაია, მაგრამ იმას აღარ ამბობს, რომ ქართველი გლეხი მიწის გარეშე რჩება და მას უცხოელები ეპატრონებიან...
_ იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის ზოგიერთი სახელმწიფო, ისრაელი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით. საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის შესამსუბუქებლად არის მცდელობა, ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ, თანაც გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ: «მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო». არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული და ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის პროგნოზს. ეს საშიში პროცესი შედარებით წყნარად და უხმაუროდ მიმდინარეობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ქვეყნის ვინაობისა და რაობის დაკარგვის ტოლფასია.
ქართულ საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად მართებს, რადგან პროცესები ძალიან მალე მიიღებს კატასტროფულ ხასიათს. შესაძლოა, ამ ისტორიული ეტაპიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის გარდაუვალობა ჯერ ბუნდოვნად მოჩანდეს ზოგიერთისთვის (სახელდობრ, ნაკლებ მცოდნეთათვის), მაგრამ საკმარისია, ჩვენში შეიქმნას დემოგრაფიული ექსპანსიისთვის საჭირო ბაზები, რაც სულ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს, რომ პროცესები არა მხოლოდ შეუქცევად ხასიათს მიიღებს, არამედ ყველასთვის ხილულიც გახდება. ამ პოლიტიკის უკიდურესი მაგალითია სამხრეთ აფრიკის ჰოლანდიელი კოლონისტების, ბურებისთვის მიწის დიდი მასივების თითქმის უსასყიდლოდ მიცემა. დაუშვებელია, რომ ქართველი გლეხობა მოსწყდეს მიწას, არ იყოს მისი მესაკუთრე და პროდუქციის მთავარი მწარმოებელი.
_ სხვა ქვეყნებშიც ასე იოლად ასხვისებენ მიწებს და ხალხს არაფერს ეკითხებიან?
_ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის (თავისი მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის) მიყიდვის საკითხს. ამავე დროს, მთელი პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, რომ არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, უმცირესი გამონაკლისის გარდა, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას (jus utendi et abutendi) და ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. მაგალითად, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში (მსგავსი შეზღუდვები ძირითადად რეგიონულ დონეზე ხდება). მაგალითად, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა. ზოგან ეს პროცესი ირიბი მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი, მაგალითად, ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების მხრივ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები გათანაბრებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ მათთვის დაწესებული შეღავათები ეკონომიურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნების რეზიდენტების მიერ მის შეძენას. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰექტარზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდელობა. ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1 %-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპელები და კანადელები არიან.
დასავლეთის კანონმდებლობა, ძირითადად, უარყოფითადაა განწყობილი იურიდიულ პირებზე მიწის გასხვისების საკითხისადმი. ბევრ ქვეყანაში მიწის ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, შრომით გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვ.
ილია ჭავჭავაძე უცხოელებზე (ხიზნებზე) გრძელვადიანი მემკვიდრეობითი იჯარის გამოყენებას სთავაზობდა ქართულ საზოგადოებას. ასევე დასაშვებად მიგვაჩნია გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის (სარგებლობის უფლების გაყიდვა) ფორმის გამოყენებაც, რომელიც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაშია დანერგილი.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია, გამოცხადდეს მიწის რეესტრის მონაცემები და საჯაროდ დაზუსტდეს, არის თუ არა სოფლის მეურნეობის სავარგულები გასხვისებული უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს მათზე სასოფლო სამეურნეო მიწის მიყიდვას); საქართველომ სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს 15-წლიანი მორატორიუმი (როგორც ევროკავშირის რიგმა ახალმა წევრმა ქვეყნებმა) და აკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოშია დაფუძნებული, მაგრამ მათში ნებისმიერი მასშტაბით მონაწილეობს არარეზიდენტი (უცხოელი) იურიდიული თუ ფიზიკური პირი.
ამ მოთხოვნების შესრულება ოდნავადაც არ გააუარესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, სამაგიეროდ უდიდეს საფრთხეებს ააცილებს ჩვენს ქვეყანას.
_ ბატონო პაატა, ახლა დაუყოვნებლივ რა გზას უნდა მივმართოთ?
_ ფართოდ უნდა გაცხადდეს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ ხელისუფლების განზრახვა უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწების მიყიდვისა არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობები გაუქმდება რეალურად არჩეული ხელისუფლების მოსვლისთანავე. მოსახლეობის ეს ნება და აზრი გაფრთხილების ფორმით უნდა მიეწოდოს შემოსახლების მსურველებს, როგორც გაფრთხილება ნაქურდალის ყიდვის გამო აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს ხსენებულ ანტისახელმწიფოებრივ განზრახვაზე ხელის აღება პოლიტიკური ზეწოლის ყველა შესაძლებელი ხერხით.
ღმერთმა ყველა ერს მიუჩინა მზის ქვეშ ადგილი, სასიცოცხლო ბაზა, რომლის დაცვაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის უმთავრეს ამოცანად რჩება. «ერის სიჯანსაღე მიწასთან მარადიულ ურთიერთობასა და უღალატო კავშირშია». მუდამ უნდა გვახსოვდეს ილია ჭავჭავაძის ეს შეგონება.