ამერიკული რეიტინგების შედეგი – აშშ–ის მიმართ ნდობის დისკრედიტაცია?

ამერიკული რეიტინგების შედეგი – აშშ–ის მიმართ ნდობის დისკრედიტაცია?

ქართული  საზოგადოების აზრის შესწავლა კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ დაიწყო. ამ კომპანიის ჩატარებული  გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 67%-სთვის პრეზიდენტისა და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური მიმართულება მისაღებია, 28%-სთვის – არა. ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ალასანია აცხადებს, რომ ამ გამოკითხვას არ ენდობა, რადგან მოსახლეობაში ის  ვერ ხედავს ასეთ მაღალ ნდობას ამ ხელისუფლების მიმართ.

 

რამდენად სანდოა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის "Greenberg Quinlan Rosner"–ის ახალი კვლევები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი ამ კომპანიისგან კი არა, არამედ – ხელისუფლებისგან მართული ტელეკომპანიებისგან გახდა ცნობილი? პრესა.გე ორშაბათიდან  გამოკითხვების ბლოkში ზუსტად იმ კითხვებს დასვამს, რაც "Greenberg Quinlan Rosner"–მა 1200 ამომრჩეველს დაუსვა და ამით შევეცდებით, გავარკვიოთ, რამდენად ობიექტური სურათი დახატა ახალმა კვლევითმა ორგანიზაციამ.

 

სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით "Greenberg Quinlan Rosner"–ის კვლევების შედეგად მიღებული სურათი ასეთია: “გაუმჯობესდა თუ არა დასაქმების მაჩვენებელი ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ? რესპოდენტთა 83% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, 15% კი მიიჩნევს, რომ არა. როგორ ვითარდება ქვეყნის მიმართულება, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ სწორად, 26% კი – არასწორად.

 

გამოკითხვა ჩატარდა ასევე თბილისის მერის გიგი უგულავას დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. რესპოდენტთა 75% აღნიშნულ პოლიტიკას ეთანხმება, 21% კი – არა.ამასთან, გამოკითხულთა 50% საკონსტიტუციო რეფორმას ეთანხმება, 16% კი - არა“.

 

ამდაგვარი კვლევები საზოგადოებას ადგილობრივ არჩევნებამდე სხვა ამერიკულმა ორგანიზაციამაც შესთავაზა, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე – პრეზიდენტ სააკაშვილს. ცნობილი NDI–ის გამოკითხვებმა მაშინ სააკაშილის ხელისუფლებას არჩევნები მოაგებინა, მაგრამ სამაგიეროდ, NDI–ის გაუტეხა სახელი და ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის სანდო ამერიკული ორგანიზაცია აღარ არის. შესაბამისად, NDI–ის  ფორმატში ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით საუბარი არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ აღარ ისურვა.

 

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: „დროა, ჩვენ ავუხსნათ, როგორც ამერიკელებს, ასევე დასავლელ პარტნიორებს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც მათ სახეს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში, არაკეთილსინდისიერ და საეჭვო მოქმედებებს თავი გაანებონ. სისულელეა, რომ ხელისუფლებას თითქმის – 80%–იანი რეიტინგი აქვს. ამ კვლევების სამიზნე ქართული საზოგადოება არ არის. სამიზნე ის უცხოური ორგანიზაციებია, რომლებთან მიმართებაშც ხელისუფლება ცდილობს თავი დემოკრატიულ, უალტერნატივო ძალად წარმოაჩინოს და თან ეუბნება, რომ არც კი იფიქრონ სხვა პოლიტიკური პარტიებისკენ გახედვაზე.

 

ამ რეიტინგების ჩატარება ბიზნეს–ეთიკის დარღვევით მოხდა. ეს კომპანია არა მარტო თავისი თავის დისკრედიტაციას ახდენს, არამედ ქართულ საზოგადოებაში ყველაფერი ამერიკულის მიმართ უნდობლობას თესავს. როგორც ჩანს, ეს კომპანია ფულზე ფიქრობს და არა – ავტორიტეტზე. პატარა ფულის გამო ასეთ კვლევებზე არავინ წავიდოდა.

 

ამ ყველაფერს, შესაძლოა, ძალიან შორს მიმავალი უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. თანაც, ძალიან ცუდია, რომ კვლევის შედეგები ასეთი ფორმით ქვეყნდება და ტელევიზიებით ვიგებთ ყველაფერს, არადა, დამკვეთი „ნაციონალური მოძრაობაა“.

ძალიან ცუდია, რომ ამ ყველაფრისთვის აშშ–ის ელჩს არ მიუქცევია ყურადღება. ეს კი, შესაძლოა, მისი წარუმატებელი მოღვაწეობის საფუძველი გახდეს, რადგან ხდება ნდობის სრული დისკრედიტაცია“.

 

გიორგი ხუციშვილი, ექსპერეტი: „ეს კომპანია, რომელმაც ჩაატარა გამოკვლევები, ჩემთვის ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციაა. არ ვიცი, როგორი შეფასება მივცე. ალბათ, უფრო პიარისთვის გაკეთებული კვლევებია. კვლევების ჩატარების დროს ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გასარკვევია, რა ასაკობრივი, რა კატეგორიის ჯგუფი გამოიკითხა, იყვნენ თუ არა გამოკითხულები რომელიმე პარტიის მომხრეები. როცა კვლევები ტარდება, მერე ამ საკითხების გარკვევა ძნელია. ბევრი შედეგი გამიკვირდა. მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტს მაღალი შეფასება აქვს მიღებული.

 

ბევრად უფრო მეტი პრიორიტეტული თემებია ქვეყანაში მოსაგვარებელი, მაგალითად – უმუშევრობა, ტერიტორიული პრობლემები. ესენი რომ მოგვარდება, მერე შეიძლება, ასეთი კვლევების ჩატარება. თბილისში ყველა ყველას იცნობს და ყველამ კარგად იცის, ვის რა რეიტინგი აქვს. რისთვის დასჭირდათ ამ კვლევების ჩატარება, არ ვიცი. ალბათ, იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, როგორი მხარდაჭერა აქვს და როგორი პოპულარულია სახელისუფლებო გუნდი. ასე რომ, არ ვიცი, რამდენად სანდოდ ჩავთვალო ეს კვლევები“.

 

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: „ადამიანი ისეa მოწყობილი, რომ ვისთანაც შედის საუბარში, მასთან კონფრონტაციას თავს არიდებს. საკმარისია, ადამიანს უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ვატარებ გამოკვლევასო, მაშინვე ისეთ პასუხს მოგცემს, რაც „ნაცების“ ინტერესებში შედის“.

 

რადგან ასეე გახშირდა პიარ-კვლევები ქვეყანაში, წესით, ერთხელ მაინც უნდა გადამოწმდეს, ნებისმიერი ერთი კვლევის შედეგი მაინც, თუ რამდენად ობიექტურია იგი. სწორედ ამიტომ, ორშაბათიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრესა.გე მოსახლეობას ზუსტად იმ კითხვებს დაუსვამს, რაც 1200 ამომრჩეველს "Greenberg Quinlan Rosner"–მა უკვე ჰკითხა და პასუხიც მიიღო. ვნახოთ, რა შედეგებს მიიღებს პრესა.გე ამ ამერიკული ორგანიზაციისგან განსხვავებით...