"ნამახვანჰესის" შემდეგ "ხუდონჰესის" მშენებლობამაც გადაიწია. 34 წლის წინათ დაწყებული ხუდონის მშენებლობის პროცესი სწორედ ამ გაზაფხულზე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა თითქმის ყველაფერი შეჩერებულია. მშენებლობა არათუ არ დაწყებულა, არამედ ჯერ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობაც კი არ არის გამოსახლებული. რაც შეეხება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურს, ენერგეტიკის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ახალი კონტრაქტორი წლის ბოლომდე გამოჩნდება. არადა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა 2 თვეში დაიწყებოდა.
გაჯანჯლებული ხუდონჰესი
"ოფიციალურად სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ჰესამდე მიიყვანეს ახალი გზა. გვაქვს ინფორმაცია, რომ განსახლებაზე ინვესტორი მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს", - ამბობს მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლომარ ნიგურიანი.
ენერგეტიკის მინისტრი მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, სამშენებლო პროცესი, დაახლოებით, 7 თვით, შარშან მოვარდნილმა წყალდიდობამ გადაწია. კერძოდ, წყალმა ჩამოშალა ძველად აშენებული ნაგებობები. "წყალდიდობამ ძველი მშენებლობები ჩამოანგრია. ამჯერად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ პროცესმა 7 თვე წაიღო. რაც შეეხება განსახლებას, ინვესტორი ელაპარაკება მოსახლეობას", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
ჰიდროელექტროსადგურს, ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ინდური კომპანია ეკფტთ უდუსეკშსფ დევ ააშენებს. პრემიერის, ნიკა გილაურის განცხადებით, მშენებლობა 1-მილიარდიან ინვესტიციას საჭიროებს. წინასწარი გათვლებით, თუ ჰესი აშენდა, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი, დაახლოებით, 4 ცენტი ეღირება, ეკონომიკური უკუგება იქნება 5%. პროექტის მიზანია მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა.
შარშან, მთავრობის წევრები, იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ ელექტროსადგურ "ხუდონის" მშენებლობისთვის სოფელ ხაიშიდან (სვანეთი) მოსახლეობის გამოსახლება გაზაფხულამდე დასრულდებოდა, თუმცა ეს პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. მოსახლეობის გასახლებისთვის ინვესტორს 60 მილიონი დოლარის ხარჯის გაწევა მოუწევს. პროექტის მიხედვით, "ხუდონის" მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს და 2018 წლის მაისამდე გაგრძელდეს. სულ სამუშაოები 73 თვეზე გაიჭიმება. ელექტროსადგური 8 ბალის ნაცვლად, 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.
"ტრანს ელექტრიკასა" და საქართველოს საქართველოს ენეგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი 2009 წლის დეკემბერში გაფორმდა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ განახორციელა კვლევები, შეიმუშავა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა საპროექტო წინადადება. ამის შემდეგ, 2011 წლის 28 აპრილს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მშენებლობის განხორციელების შესახებ. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ზამთარში წარმოებული ელექტროენერგიის საქართველოში მოხმარების პირობა და დანარჩენ თვეებში ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის უფლება.
შეგახსენებთ, რომ ჰესის საპროექტო წინადადება დამტკიცდა 1978 წლის 31 აგვისტოს სსრკ-ს ენერგეტიკის სამინისტროს #110 დაგენილებით. საქართველოს სსრ-ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 9 ივნისის #484 დადგენილების საფუძველზე ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გამოიყო 687.4 ჰა მიწა. პროექტი დამტკიცდა 1984 წელს საბჭოთა კავშირის საინჟინრო კვლევითი ინსტიტუტის "ჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალის მიერ. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა დამტკიცებული პროექტის მიხედვით 1989 წლამდე, სანამ არ მოხდა პროექტის შეჩერება.
გარემოს დამცველები სადგურის მშენებლობას დღემდე აპროტესტებენ, ისინი შიშობენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი კლიმატს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში შეცვლის. კერძოდ, ჰესის კომპლექსის განლაგების ტერიტორიას აგებულია, ძირითადად, იურული პერიოდის ვულკანოგენური ქანებით, მათ შორის, ნაშალი ვულკანური ქანებით და მოწითალო ყავისფერი რბილი ქვიშაქვებით; კაშხლის განლაგების მონაკვეთი აგებულია მომწვანო ნაცრისფერი ვულკანოგენური ქანებისა და რბილი ქვიშაქვებისგან, წყალგამტარი და გამოფიტული ქანებით გადაფარული მარცვლოვანი თიხა-ფიქლებით და ნაწილობრივ მდინარეების მიერ ჩამოტანილი ფხვიერი არაკონსოლიდირებული ნატანით.
აქვე აღინიშნება ნაშალი მასალით აგებული ტექტონიკური რღვევა, რომელიც პრობლემას უქმნის კაშხლის საძირკველს, თუმცა სათანადოდ დაბეტონებისა და დაცემენტების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა საფრთხეს არ წარმოადგენს. მარცხენა ნაპირზე, მდინარის ზედა დინებაში 670 მ სიმაღლეზე ფიქსირდება ალუვიური ნალექები.
ინვესტორგაქცეული ნამახვანჰესი
რამდენიმე დღის წინათ "ნესკრაჰესის" მშენებლობის გახსნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორ თვეში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყებოდა. "წელს ეს არ არის მთავარი მოვლენა, იმიტომ, რომ სულ რაღაც ორიოდე თვეში ჩვენ ვიწყებთ ამაზე უფრო ორჯერ და უფრო მეტი ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობას ნამახვანზე. ერთად მათი სიმძლავრე - ამისა და ნამახვანის - გაუტოლდება იმას, რაც თავიდან იყო ენგური", - ზუსტად ასე ამბობდა მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის ეს განცხადება მოულოდნელი იყო, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ნამახვანი ინვესტორებმა დატოვეს, ახალი ინვესტორი მთავრობას ჯერ არ მოუძებნია. კერძოდ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანიამ "ნამახვან ჰესების კასკადმა" პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ნორმების დაცვით ეს პროცესი 9 თვე გრძელდება და ახალი კონტრაქტორი წლის ბოლოსთვის იქნება ცნობილი; ანუ თუ მორიგი ინვესტორი წლის ბოლომდე მაინც გამოჩნდა, მშენებლობა 2013 წლის შემოდგომამდე მაინც ვერ დაიწყება.
ნამახვანის ჰესი ჯერ კორეელმა ინვესტორებმა დატოვეს, შემდეგ კი - თურქებმა. არადა, ჰესის მშენებლობა უკვე გადაწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ იანვარში საუბარი მოსახლეობის გამოსახლებაზე მიდიოდა. ენერგეტიკის სამინისტროში ჰესიდან თურქი ინვესტორის წასვლის მიზეზებს არ ასახელებენ. მხოლოდ ამბობენ იმას, რომ ინვეტორთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ასე რომ, საკუთარი საცხოვრებლებიდან სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის მოსახლეობის აყრა დროებით, შესაძლოა, სამუდამოთაც გადაიდო.
ცნობისათვის, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და თურქულ-კორეულ კონსორციუმს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2009 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საზეიმოდ პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა კონსორციუმმა ვალდებულება აიღო, რომ კასკადის მშენებლობას 2011 წელს დაიწყებდა და პროექტის განხორციელებისთვის მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებდა.
უკვე რამდენიმე წელია, რაც ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა დაიგეგმა. პროექტი მიზნად ისახავს 3 ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ჯამური სიმძლავრით 450 მგვტ, ანუ კასკადი შედგება სამი ჰესისაგან: ტვიშის ჰირდოელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ.
იგეგმება გადამცემი ხაზის აშენებაც გამომუშავებული ელექტროენერგიის გადასაცემად. ამ ყველაფრისთვის ინვესტორმა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მშენებლობის პერიოდი 5 წელს მოიცავს.