მსოფლიო ბანკის თანახმად, ნავთობის მაღალმა ფასებმა და ცუდმა ამინდებმა საკვებ პროდუქტებზე ფასების გაზრდა განაპირობა. თუმცა საკვებ პროდუქტებზე ფასებმა შესაძლოა კვლავ დაიწიოს კარგი მოსავლის წყალობით, რასაც მსოფლიოში წელს ელოდებიან.
დაახლოებით ერთი წლის წინ საკვებ პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და შემდეგ კვლავ დაეცა. ეს ამბავი ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს და ამიტომ არავის სურს მოუმზადებელი შეხვდეს ანალოგიური ვითარების განმეორებას. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო ბანკის 25 აპრილის ანგარიშმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ვაშინგტონში მდებარე განვითარების ბანკის თანახმად, მსოფლიო მასტშაბით ფასები წელს საშუალოდ 8 პროცენტით გაიზარდა ყველა სახის ძირითად საკვებ პროდუქტებზე, გარდა ბრინჯისა. მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის ხოსე კუესტას თქმით, ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
„ჩვენ ფასების ზრდას ვხედავთ გლობალურად, მთელ რეგიონებში და ამ ზრდის მიზეზია ნავთობის ნედლეულზე ფასების ზრდა, ისევე როგორც აზიელი იმპორტიორების მხრიდან საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნილება, სუსტი დოლარი და ცუდი ამინდები ევროპასა და სამხრეთ ნახევარსფეროში.“
რამდენადაც მსოფლიო ბანკის ანგარიში ძალიან სამწუხაროა, ზოგიერთი პროგნოზი ამავე ანგარიშიდან მაინც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ანგარიშის თანახმად, წლის ბოლომდე და მომავალ წელს საკვები მარცვლეულის პერსპექტივა მყარად შენარჩუნდება და იგი ზეგავლენას მოახდენს საკვები პროდუქტების მზარდ ფასებზე. დამაიმედებელი პერსპექტივა ემყარება იმ ფაქტს, რომ 2010-2011 წლებში მომხდარი ფასების ზრდის პასუხად, საკვები პროდუქტების მწარმოებლებმა გლობალურად გაზარდეს ძირითადი მარცვლეული კულტურების წარმოება. რომში არსებული გაეროს საკვები პროდუქტისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსი ეკონომისტი კონსეფსიონ კალე დამაიმედებელი პროგნოზის კიდევ ერთ მიზეზად კარგ ამინდს ასახელებს:
„მოველით, რომ შემცირდება არაპროგნოზირებადი ბუნებრივი მოვლენები და ეს მეტწილად ემყარება მეტეოროლოგიური სამსახურების პროგნოზებს, რომელთა მიხედვით, არანორმალური კლიმატური ფენომენი, (La Nina) ლა ნინა და (El Nino) ელ ნინიო, რომლებიც წინა წლებში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა მარცვლეული კულტურის წარმოებაზე, ამჟამად, 2012 წელს, ნაკლებ შესამჩნევი იქნება.“
ლა ნინა და ელ ნინიო ეწოდება ორ ურთიერთსაპირისპირო კლიმატურ მოვლენას, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ახდენენ ამინდზე ზეგავლენას. ლა ნინა იწვევს გვალვას და არანორმალურად მკაცრ ზამთარს, ელ ნინიო კი წყალდიდობებს და ზომიერ ზამთარს. ორივე კლიმატური მოვლენა კი ერთად სერიოზულად აფერხებს მარცვლეულის მოსავალს. კონეფსიონ კალეს დაკვირვებით, თუ კარგი ამინდები გაგრძელდა, რასაც წელს ვარაუდობენ, დიდი მოსავალი საკვებ პროდუქტებზე ფასებს შეამცირებს. და ასე მოხდება მაშინაც კი, თუ ნებისმიერი სახის ენერგიაზე, რაც პროდუქციის წარმოებისთვისაა საჭირო, ფასები კვლავინდებურად მაღალი დარჩება.