ყვითელი ავტობუსების თემა კვლავ აქტუალურია. როდესაც მგზავრობა გააძვირეს, თბილისის მერიის წარმომადგენლები ერთხმად გვარწმუნებდნენ, ავტობუსით მგზავრობა სასიამოვნო და კომფორტული გახდებაო. სამწუხაროდ, დაპირებული კომფორტი არსად ჩანს, თუმცა მოსახლეობა მაინც მგზავრობს ავტობუსით, რადგან ეს გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა. გვესაუბრება პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი:
- ბატონო გია, თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, თითქოს მაისიდან თბილისის ქუჩებში ყვითელი ავტობუსების ნაცვლად სამარშრუტო ტაქსები ივლიან. ამ ინფორმაციას მერიის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ...
ამ ხელისუფლების ნათქვამი როდის ყოფილა სიმართლესთან ახლოს? როდესაც გავახმაურეთ, რომ ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი გახდებოდა, მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები გულზე ხელს იბრაგუნებდნენ, - მტკნარი სიცრუეაო. ვინ მოთვლის, რამდენი რამ უარყვეს კატეგორიულად, მაგრამ ზუსტად შესრულდა, რაც ვთქვით. სხვათა შორის, თვითონ მერიის წარმოადგენლებმა უთხრეს მძღოლებს: ავტობუსები გაუქმდება და მათ ნაცვლად სამარშრუტო ტაქსებზე გადაგიყვანთო.
ვინ იცის, ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანით რამდენი მილიონი გაათეთრეს. რატომ არ ამხელენ, კაპიკებად ნაყიდი ავტობუსები სომხეთში რომ გაიყვანეს და ხუთმაგად, მილიონებად გაყიდეს. დარწმუნებული ვარ, ამაზეც იტყვიან, სისულელეაო, მაგრამ დარეკეთ ერევანში და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ყველა ტენდერი, იქნება ეს ავტობუსების ჩამოყვანა თუ სხვა რამ, ტარდება სასწრაფოდ. ნახევარ საათში ატარებენ ტენდერებს და გადაწყვეტილებასაც ნახევარ საათში იღებენ. ახლა ხედავენ, რომ ავტობუსები უკვე გასარემონტებელია და პასუხიც მზად აქვთ: ბიუჯეტში თანხა არ არისო. კი მაგრამ, შესყიდვისათვის თუ ჰქონდათ თანხა, გასარემონტებლად აღარ აქვთ? ან რა სჭირს ამ ავტობუსებს, თუ კომუნისტების პერიოდში მუშაობდა ტრანსპორტი 20-30 წლის განმავლობაში, 2-3 წლის წინ ჩამოყვანილი ავტობუსების ნახევარი გლდანში სარემონტოდ რატომ დგას? ნაწილები ერთი ავტობუსიდან მეორეში გადააქვთ და ასე ამუშავებენ. სასაცილოა პირდაპირ, სატირალი რომ არ იყოს - ათობით ავტობუსი გაჩერებულია, მაშინ როცა ვარკეთილიდან, თემქიდან, სანზონიდან, ნაძალადევიდან ავტობუსები არ დადის. ერთ საათს უნდა ელოდო და შეიძლება ავტობუსში ვერც შეხვიდე, ყოველთვის გადაჭედილი მოდის.
- და მაინც, რატომ უნდა სურდეს ხელისუფლებას და მერიას ყვითელი ავტობუსების "გაქრობა"?
- იმიტომ, რომ ავტობუსს მოგება არ მოაქვს, სამარშრუტო ხაზს კი - პირიქით. დღეს თბილისში 4800-მდე სამარშრუტო ტაქსი დადის. თითოეული მძღოლი დღეში, სულ მცირე, 50 ლარს იხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ იანგარიშებთ რა კოლოსალურ თანხაზეა ლაპარაკი მარტო ერთ დღეში, ყველაფერი ნათელი გახდება. თანაც, "მარშრუტკაში" არც მონიტორინგია საჭირო და არც სხვა რამ - მძღოლი აკეთებს 5 კაცის საქმეს. აქედან გამომდინარე, ერთი სამარშრუტო ხაზი ბიუჯეტში შეიტანს იმდენ თანხას, რამდენიც ათობით ავტობუსსაც კი ვერ შეაქვს. ბუნებრივია, თუ ავტობუსები გაჩერდება, თავისთავად საჭირო გახდება ხაზების დამატებაც, სამარშრუტო ტაქსების რიცხვიც გაიზრდება და მგზავრობის ღირებულებაც მოიმატებს. სხვათა შორის, როდესაც ვთქვი, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ლარი და 20 თეთრი გახდება-მეთქი, გამოვიდა ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და თქვა: გია ყრუაშვილი ცრუობსო. ახლახან კი თვითონ ბრძანა: ჩემი ინფორმაციით, მგზავრობა ლარი და 20 თეთრი გახდებაო. 3-4 თვის წინ ეს ინფორმაცია უარყო, ახლა კი მიითვისა.
- ვინ არის ეს პოლიტიკოსი?
- რა მნიშვნელობა აქვს? სახელებსა და გვარებზე კი არა მაქვს გართულება, მე ის მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის. დღეს კესარიას და მის მსგავს ხალხს რომ ვაკრიტიკებ, ჩუმად არიან, მერე, როცა დასჭირდებათ, ამაზეც ალაპარაკდებიან, ახლა კი რას აღარ მაბრალებენ. ერთ ამბავს ატეხენ, იეღოველი ჯარში რომ წაიყვანონ. აბა, ვინმეს ერთი ღერი თმა ჩამოვარდეს ეროვნული თუ სექსუალური უმცირესობიდან, ნახავთ, რა ამბავი ატყდება. საუბედუროდ, მოღალატე შადიმანების ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლებმაც სულ დააბეჩავეს ეს ხალხი. უკვე მაკვირვებს ქართველების უნიათობა, საიდანაც ქარი დაუბერავს, იქით რომ იხრებიან. ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ეს ხალხი გამოაფხიზლოს, თორემ სააკაშვილი "გადაიფორმებს" საქართველოს და ცოტა ხანში ავტობუსები კი არა, ვირებიც აღარ დაგვჭირდება ქართველებს...
აჭარაში ნახევარ საათში ჩაწერეს 20 ათასი თურქი, ასე ჩაწერენ უახლოეს მომავალში ნახევარ მილიონზე მეტ ჩინელს თბილისში, ქართველი კაცი კი წავა იტალიაში, გერმანიაში და იქაურ მოხუცებს მოუვლის, ფეხებს დაბანს ისე, როგორც ამას საბერძნეთში წასული ქართველების 80 პროცენტი აკეთებს. ასეთი მათხოვრული საქმით შეინახავენ ქართველები თავიანთ ოჯახებს. სხვათა შორის, იგივე ბედი ელით მოღალატე ქართველებსაც. მაგალითად, გია ბარამიძე კაცად აქცია ზურაბ ჟვანიამ, ახლა კი ჟვანიას სახელს არც ახსენებს, თითქოს არც იცნობდა... ავტობუსებს კი არა, ცოტა ხანში ჰაერსაც გაყიდიან საქართველოში, რადგან ეს ხელისუფლება ქართველებზე კი არ ზრუნავს, იმაზეა გადასული, სად იშოვოს ფული, მერე არჩევნებში ხალხი რომ მოისყიდოს და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ამ დაბეჩავებული ქვეყნის სათავეში.