ჭამბები ვაროვის მიერ დაფუძნებული სავაჭრო ცენტრის "კონტინენტის" თანადამაარსებლები არიან. აღნიშნული სავაჭრო ცენტრი კი თავად ბიზნესმენმა გაგრაში ყოფილი უნივერმაღის ბაზაზე შექმნა.
ცემის ფაქტის შესახებ ვიდეოჩანაწერიც არსებობს, რომელიც "იუთუბზეა" ატვირთული. ეს ვიდეოჩანაწერი ვაროვის კაბინეტში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. თავად მეწარმემ, რომელიც ღვინის ბოთლებისგან თავში მიყენებული დარტყმების გამო 6 აპრილიდან საავადმყოფოში იწვა, ამ ვიდეოს ნამდვილობა მოსკოვის ანალიტიკური ერთ-ერთი ბიუროს უფროსს ანდრეი ეპიფანცევს დაუდასტურა.
ეს უკანასკნელი თავის ბლოგში აღნიშნავს, რომ ბიჭებმა არ იცოდნენ, რომ მთელი სცენა გადაღებული იქნებოდა. ვაროვმა კი გადაწყვიტა ვიდეოს გამოქვეყნება "მხოლოდ მაშინ, როცა პირუტყვებმა თავიანთი აფხაზური "კეთილშობილური" გაგებით დაიწყეს იმის მტკიცება და გარჩევა, რომ ვაროვი თვითონ დაესხა მათ, ისინი კი მხოლოდ თავს იცავდნენ".
ის ინციდენტის მონაწილის ასტამურ გაგულიას სიტყვების ციტირებას ახდენს, რომელიც სწორედ ცემის დღეს ვაროვთან შესახვედრად მივიდა საიდ, ალხას და ჯამირ ჭანბებთან ერთად. გაგულია ბიზნესმენის ცემის დროს კაბინეტის კართან დარაჯობდა.
გაგულია, როგორც ეპიფანცევი ირონიულად წერს, "ცნობილი და პატივცემული აფხაზი ბიზნესმენია, რომელიც მოსკოვში აკრძალულ მოლდოვურ ვადაგასულ ღვინის მასალას, როგორც აფხაზურ ღვინოს ისე ჰყიდდა".
გაგულია ფორუმზე "აბხაზია.ორგ" წერდა: "ვაროვო, თუკი შენ პირველი დაესხმოდი თავს, თითსაც არავინ გახლებდა. ჩვენ, აფხაზები, ვართ ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ დიდხანს ლაპარაკი... შენ კი იგრძენი რა უპირატესობა ფინანსური კუთხით, შიში საერთოდ დაკარგე... იფიქრე, რომ შეგიძლია ხელები დაიგრძელო, სხვებმა კი გიყურონ... შენ თავს დაესხი ძმებს, ისინი კი თავს იცავდნენ..".
ეპიფანცევი იმასაც აღნიშნავს, რომ მთელი გასული წლის მანძილზე იგორ ვაროვისთვის ბიზნესის წართმევას აფხაზეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ილარიონ არგუნი ცდილობდა თავის, აწ უკვე გარდაცვლილ ნათესავთან - სერგეი ბაღაფშთან ერთად. ის წერს, რომ "აფხაზეთი - ეს არის ბანდიტური სახელმწიფო, იქ არსებულ სისტემას კი ბანდიტიზმი ჰქვია. რომელი პრეზიდენტი უნდა გაუმკლავდეს ამას?.. თავიდან შეეცადნენ ვაროვის ბიზნესი პრეზიდენტ ბაღაფშის დაზე გადაეწერათ; ახლა ჭანბები გამოჩნდნენ, რომლებმაც სცემეს ბიზნესმენი, მეორე პრეზიდენტის - ანქვაბის ადმინისტრაციიდან არიან".
ეპიფანცევი ხაზგასმით ასკვნის, რომ "არანაირი რუსული ინვესტიცია აფხაზეთში არ იქნება. და ამისი პასუხი აქ ერთია - იგორ ვაროვი". აფხაზეთში ბიზნესსაქმიანობისთვის არსებულ ცუდ ფონსა და აფხაზების მხრიდან რუსი მეწარმეების (და არა მარტო მეწარმეების) დაჩაგვრაზე კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძეც საუბრობს.
მამუკა არეშიძე: "იგორ ვაროვი საინტერესო ფიგურაა. პრაქტიკულად ის ერთადერთი მეწარმეა აფხაზეთში, რომელსაც კერძო ბიზნესი აქვს. რამდენიმე წლის წინ მან გადაწყვიტა ბიზნესის დაწყება აფხაზეთში. ის რუსეთის მოქალაქეა და აფხაზეთთან სხვა ტიპის არანაირი კავშირი არ ჰქონია. აფხაზეთში მისმა ბიზნესმა 2008 წლის მერე გაშალა ფრთები. მან ყველაზე დიდი სუპერმარკეტი ააშენა აფხაზეთში - "კონტინენტი". ვაროვი იმ ძალიან მცირერიცხოვანი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინც სუფთა რუსული კერძო ინვესტიცია ჩადო აფაზეთში. თავიდან ყველაფერი რიგზე მიდიოდა. მერე კი, როგორც აფხაზეთში ხდება ხოლმე, დაიწყო სხვადასხვა ჩინოვნიკებისა და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მას ბაღაფშის დაცვის წევრებიც კი მიუვარდნენ. ყოველ შემთხვევაში ამის ამსახველი კადრები არის".
ექსპერტისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენ ვაროვს ეხმარებოდა აფხაზეთში რუსეთის ელჩი გრიგორიევი და მასზე ზეწოლით სხვა უამრავი ადამიანი იყო აღშფოთებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი აფხაზური არასამთავრობოების განხილვის თემაც იყო, მის საქმესა და ბიზნესს მაინც ვერ ეშველა".სხვადახვა ფორმით ვაროვზე ზეწოლა სულ მიმდინაროებდა. ვაროვს კი აფხაზეთში იმდენი ფული აქვს ჩადებული, რომ წასვლა, მიტოვება არ შეუძლია. არის იქ და თავბედს იწყევლის. იყო რამოდენიმე შეთავაზება ისევ მოსკოვში მოღვაწე აფხაზი ბიზნესმენებისგან, რომ შეესყიდათ მისი სუპერმარკეტი, მაგრამ სურდათ ძალიან იაფად. ვაროვი კი თავისი ფულის ამოღებას ცდლობს. ამასობაში სამჯერ არის ნაცემი ყოველთვის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან".
არეშიძე ანალიტიკოს ეპიფანცევის მოსაზრებას - "არანაირი რუსული ინვესტიცია აფხაზეთში არ იქნება. და ამისი პასუხი აქ ერთია - იგორ ვაროვი" - სრულიად მართებულად თვლის".ეპიფანცევი სწორად წერს. სხვათა შორის, ეს ანალიტიკოსი წარმოშობით ადიღეს რესპუბლიკიდანაა. კარგად ვიცნობ. საკმაოდ საინტერესო სტატიები აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი, "დერჟავნიკია". ამ ბოლო დროს კი ასევე მტრულად არის განწყობილი აფხაზების მიმართაც. საერთოდ კავკასიელების მიმართ აქვს მტრული დამოკიდებულება, აფხაზების მიმართ კი განსაკუთრებით. მას აქვს პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში რუსებს ჩაგრავენ და ავიწროებენ. რეალურად კი ეს მართლაც ასეა. უამრავი შემთხვევაა ადამიანების "გადაგდებისა". მაგალითად, ბინების შეძენა რომ უნდათ, ფულს ახდევინებენ და ბინას აღარ უფორმებენ. რაც ყველაზე მთავარია, 4 000 განცხადებაა რუსეთის საელჩოში შეტანილი იმის შესახებ, როგორ ავიწროებენ აფხაზები ადგილობრივ რუსებს და როგორ ყრიან ბინებიდან. მარტო რიგითი რუსები კი არა, არამედ აფხაზეთის გმირი, ორგზის ორდენის კავალერი, აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის მოადგილე და აფხაზეთის 2 მოწვევის პარლამენტის წევრი ნიკიტჩენკოც გამოაგდეს სახლიდან. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი დასდო აფხაზებს. სწორედ, მისი იდეა იყო აფხაზებისთვის რუსული პასპორტების დარიგება..".
ექსპერტისვე მოსაზრებით, საბოლოო ჯამში აფხაზეთში მხოლოდ იმისი ბიზნესი ხარობს, რომლის პატრონიც ადგილობრივი ჩინოვნიკია, ან მოსკოველი აფხაზი, რომელსაც სერიოზული კავშირები აქვს აფხაზეთთან.