"სამარშრუტო ტაქსებზე გამართული ტენდერის შემდეგ იყო საუბარი, რომ ანალოგიური მსუბუქ ტაქსებთან დაკავშირებითაც მოხდებოდა, თუმცა, მოგვიანებით მერიაში გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ ავტომობილები ყოველგვარი ტენდერის გარეშე შემოეყვანათ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ტენდერი მაინც ჩაატაროს. დედაქალაქში ახალი მსუბუქი მანქანები კომპანიებს უკვე შემოჰყავთ - ამის შესახებ ბოლო დღეებში თბილისში ტაქსის მძღოლების ნაწილი საუბრობს. მათი თქმით, ერთ-ერთმა ფირმამ დედაქალაქში 1500 ავტომობილი შემოიყვანა. მძღოლები კომპანიას ვერ ასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამის შემდეგ ტაქსის მომსახურება გაძვირდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სამუშიას ინფორმაციით, მერიამ ტაქსების ტენდერზე უარი არჩევნების გამო თქვა / "თბილისში 40 ათასამდე ტაქსი მოძრაობს და თუ ტენდერი ჩატარდებოდა, აქედან ძალიან ბევრი საარსებო წყაროს დაკარგავდა".
"თბილისის მერიაში კი ტაქსების ბიზნესში რამე ცვლილებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მერია კერძო ტაქსების სფეროს დარეგულირების მიზნით ტენდერის გამოცხადებას ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდა, როდესაც სამარშრუტო ტაქსების თემა მოაგვარა და ამ მიმართულებით ჩატარებული ტენდერის შედეგად დედაქალაქში "მარშრუტკების" სისტემაზე ზრუნვა 4 კომპანიას ჩააბარა. ამჟამად მსუბუქი ტაქსების მფლობელი მძღოლი არანაირ გადასახადს არ იხდის, საჭიროა მხოლოდ ყვითელი ლოგო, რომელიც 8-9 ლარი ღირს და მისი შეძენა როგორც ელიავას ბაზრობაზე, ასევე მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზეცაა შესაძლებელი. დაახლოებით 5-6 წლის წინ ლიცენზიის აღებისთვის მხოლოდ 7 ლარი იყო საჭირო. მოგვიანებით კი ეს გადასახადიც გაუქმდა. გარდა ამისა, მძღოლი ფულს არც მანქანის ტექნიკურ შემოწმებაზე იხდის, რადგან სავალდებულო დათვალიერება 2004 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მსუბუქ ავტომობილებზე აღარ ვრცელდება. შესამაბისად, მანქანების უსაფრთხოებას ამჟამად არც ერთი კანონი არ არეგულირებს", - აღნიშნავს გამოცემა. "ტენდერის ჩატარებაზე აქტიური საუბრები მიდიოდა, მაგრამ დღესდღეობით ტენდერის ჩატარება გადადეს და გადაწყვიტეს, რომ მანქანები ამის გარეშე შემოიყვანონ. გადაიდო იმიტომ, რომ სატენდერო პირობები, რაზეც მუშაობდნენ, მიუღებელი აღმოჩნდა - მიხვდნენ, რომ ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვებოდა. დღეს ეს ბიზნესი თავისუფალია. თუკი ტენდერი ჩატარდებოდა, ის რაღაც ჩარჩოებში მოექცეოდა. დღეს თბილისში დაახლოებით 40 000-მდე ტაქსი მოძრაობს. თუ ტენდერი ჩატარდებოდა, აქედან ძალიან ბევრი საარსებო წყაროს დაკარგავდა და ამიტომ არჩიეს, რომ ეს საკითხი გადაედოთ, აირჩიეს სხვა გზა და ახლა მანქანები კომპანიებს შემოჰყავთ. ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელ ფირმებს შემოჰყავთ არ მაქვს, მაგრამ რომ შემოჰყავთ, ეს კი დანამდვილებით ვიცი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა სამუშია. "რაც შეეხება იმას, ლობირებს თუ არა მერია ამ ფირმებს,ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მაგრამ ის, რომ რაც განხორციელდა სამარშრუტო ტაქსებთან მიმარტებაში, როდესაც ტავიდან ჩანდა რომ თითქოს მერია არაფერში ერეოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ ეს პროცესი მთლიანად ქალაქის ხელისუფლების მიერ იყო ლობირებული, არაა გამორცხული ამ სფეროშიც იგივე მოხდეს. მაგრამ აქ განსხვავება ისაა, რომ სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში საუბარი იყო 2500 მანქანაზე, მსუბუქი ტაქსების შემთხვევაში კი ეს ციფრი ათობით ათასია. ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია, მისი თავისუფლეად დატოვება კი ორმა ფაქტორმა გამოწვია. პირველი და მნიშვნელოვანი რაოდენობაა - ხელისუფლება ფიზიკურად ამ რაოდენობის ხალხს ვერ მოერეოდა და მიხვდა, რომ მათთან ჭიდაობა არ ღირდა. მეორე, როგორც ვთქვით, არჩევნებია. ამ ორი ფაქტორის გამო თბილისი მერიამ ტენდერის ჩატარებაზე ჯერჯერობით უარი თქვა. თუმცა გამორიცხული არ არის, არჩევნებში გამარჯვებში გამარჯვების შემდეგ პოზიცია შეიცვალოს და ტენდერი მაინც ჩაატაროს", - დასძენს ჯაბა სამუშია |