სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წელს რეგისტრირებულმა დაავადებების რიცხოვნობამ პირველად დადგენილი დიაგნოზით 1170,1 ათასს მიაღწია. 2008 წლისთვის კი, რეგისტრირებული დაავადებების რიცხვი 807,5 ათასით განისაზღვრებოდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო წლებში დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა დაახლოებით 30%-ით იმატა.
2010 წელს რეგისტრირებულ დაავადებათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (439,3 ათასი) სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებზე დაფიქსირდა. 2008 წელს კი ასეთი ავადმყოფი მხოლოდ 299,8 ათასი ადამიანი იყო.
2008 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები. თუ მაშინ ამ ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 92,4 ათასით განისაზღვრებოდა, 2010 წლისთვის 151,8 ათასს მიაღწია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ნერვული სისტემის ავადმყოფობების რაოდენობაც. 2008 წლის მონაცემებით აღნიშნული დაავადებით 29,0 ადამიანი იყო დაავადებული. 2010 წელს კი ამ რიცხვმა 47,7 ათასს მიაღწია.
იზრდება სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვიც. საქართველოში ყველაზე მაღალლი მაჩვენებელი 2009 წელს 13,0 ათასი დაფიქსირდა, 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 11,7 ათასამდე შემცირდა. “საქსტატის” მონაცემებით აღნიშნული დაავადება ზრდა-კლების ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, თუ 2008წლისთვის სიმსივნით დავადებულთა რიცხვი 7,9 ათასს არ აღემატებოდა, 2005 წელს ამ მაჩვენებელმა 8,4 ათასი შეადგენდა.
სპეციალისტთა განმარტებით, ადამიანთა ავადობის მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ საქართველოსთვის არაა მახასიათებელი, აღნიშული ტენდენცია მთელ მსოფლიოში იკვეთება. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა მაჩვენებლის ზრდა. ამ ავადმყოფობით, რომლის განკურნება შეუძლებელია,მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მლნ-მდე ადამიანი კვდება.
“საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოს 7 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. 7 ათასი ახალი შემთხვევიდან პირველსავე წელს კვდება დაავადებულთა ნახევარზე მეტი, ანუ 4300 ადამიანი. ძალიან ცუდია, რომ დაახლოებით 75% ვლინდება დაავადების მესამე, მეოთხე სტადიაში, როდესაც ქირურგიული მკურნალობის საშუალება აღარაა”, - აღნიშნავს ექიმი რეზო გაგუა.
საქართველოში ბევრი მწეველია, ამდენად არაა გასაკვირი, რომ სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების 439,3 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. “არსებობს დაავადებები, რომელიც სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიებია, მაგრამ სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები სიგარეტის მოხმარების ბრალია”, - ამბობს გაგუა.
სიგარეტის მავნებლობის შესამცირებლად მსოფლიოში უამრავი პროგრამა ხორციელდება, თუმცა ძირითადად წარუმატებლად. ერთ-ერთი მათგანია ელექტრონული სიგარეტიც. იგი ჰონგკონგში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა. მწარმოებელმა კომპანიამ ელექტრონული სიგარეტი ბაზარზე მოწევისათვის თავის დანებების საშუალებად წარმოადგინა. თუმცა, 2009 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევების შემდეგ მისი აფთიაქებში გაყიდვა, როგორც სიგარეტისთვის თავის დანებების საშუალება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აიკრძალა.
“კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ელექტრონული სიგარეტის დახმარებით ვინმე მოწევას თავს ანებებს. შესაძლოა, ასეთი მხოლოდ 1% იყოს, ხოლო დანარჩენი 99% ან ისევ თამბაქოს უბრუნდება, ან ელექტრონული სიგარეტის მოწევას აგრძელებს, რომელიც უფრო ძვირი სიამოვნებაა.
თუ ელექტრონული სიგარეტი 10 წლის წინათ აფთიაქში იყიდებოდა, ბოლო წლებში ბევრმა ქვეყანამ მისი გაყიდვა აკრძალა, როგორც თამბაქოზე თავის დანებების საშუალება. მოსახლეობამ მინდა გაიგოს ერთი რამ, ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტია. იგი ზუსტად იმავე დაავადებების გამომწვევია, რასაც ჩვეულებრივი სიგარეტი იწვევს”, - ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.