ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით სოფლის შარაზე არ გამოჩენილან, მაგრამ დღე არ გავა ნაციონალური მოძრაობის მთავარმა ყოჩმა სოფელი (ტრაქტორი მაინც) არ ახსენოს. ასე იყო აპრილის ერთ მზიან დღესაც, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, ქვეყანა აგრარულ სექტორში ინოვაციის მოხდენის პოტენციალი გააჩნია. ამის მაგალითად სააკაშვილმა ისრაელი მოიყვანა, რომელიც პრეზიდენტის თქმით, 70-იან წლებში თავს ფორთოხლის წვენის გაყიდვით ირჩენდა და ახლა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები ექსპორტზე გააქვს.
მისივე თქმით, აგრარული სექტორი არის ის სფერო, რომელიც საქართველოში ყველაზე წარმატებული უნდა იყოს. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების ჯერ შიგნით შექმნის, მერე მისი ექსპორტზე გატანის.
“ასეთი განლაგების მიწათმოქმედების ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან იშვიათად მოიპოვება. ჩამორჩენილი ვიყავით იმის გამო, რომ საბჭოთა სისტემამ ყველაფერი უკუღმა დაატრიალა. დამოუკიდებლობა მათ შორის იმასაც ნიშნავს, რომ გვქონდეს სოფლის მეურნეობის დამოუკიდებელი დარგი ძალიან წარმატებულ საქართველოში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“ქვეყანაში ჩნდება ოთხი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურული ქალაქი. თბილისის გარდა ეს არის, რა თქმა უნდა, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ლაზიკა, რომელიც მთლიანობაში ერთი დიდი ცენტრი იქნება. ამას თუ სოფლის მეურნეობამ არ გაუმაგრა ზურგი არაფერს აზრი არ აქვს. მათ გარშემო წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მიწაა, რომელიც შესაძლოა არა მარტო ჩვენს გამოსაკვებ წყაროდ, არამედ ექსპორტად ვაქციოთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი ინფორმაციით, სამეგრელოსა და ქართლში მიწების დიდი ნაწილი დასამუშვებელია.
“მზად ვარ, ხვალვე გავგზავნო 200-300 აგრონომი უცხოეთში სასწავლებლად. ადრე ინგლისური მხოლოდ ათმა კაცმა იცოდა. 2-3 წელიწადში კი, გვეყოლება ასობით აგრონომი, რომელსაც ინგლისური ეცოდინება. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ადამიანები უცხოეთში, ყველგან ყველაფერი ვნახოთ, ვისწავლოთ და ჩვენთან დავნერგოთ” - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სანამ პრეზიდენტი აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ტვინს უბურღავდა, ოპოზიციას დრო არ დაუკარგავს და სოფლურ ვოიაჟებს აგრძელებდა. ყველაზე ადრე სოფლების შემოვლა ახალმა მემარჯვენეებმა დაიწყეს და ყველას დაასწრეს პოპულისტური განცხადებების გაკეთება.
“საქართველოში დღეს სოფლის მეურნეობაში წარმატებული დარგი და წარმატებული რეგიონი არ არსებობს. საქართველოს აგრარული სექტორი ღრმა კრიზისშია”, - განაცხადა მემარჯვენეთა ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხონის რაიონის სოფლებში შეხვედრების შემდეგ.
მისი თქმით, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს შემოვლამ და მოსახლეობასთან შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სოფლის მეურნეობის ახალი საწარმოების გახსნის დინამიკა ქვეყანაში ძალიან დაბალია.
“ახალი თითქმის არაფერი ხდება, სოფლის მეურნეობის საწარმოები, გადამამუშავებელი, საკონსერვო და.აშ. თითქმის არსად იხსნება. აუცილებელია სოფლის მეურნეობაში კერძო ინვესტიციების სტიმულირება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ტექნიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა, სრულიად ახლებური ხედვა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები ფეხზე დადგნენ, ქვეყანა გარედან შემოტანილი პროდუქტების იმედად არ იყოს”, - განაცხადა გამყრელიძემ და მორიგ სოფელში გადაინაცვლა.