რატომ არ არის კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა საჯარო რეესტრის საიტზე მითითებული და რატომაა ეს ინფორმაცია წესდებაში ჩამალული?
ლუდსახარი ,,ზედაზენის'' პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაიტანეს. ამ ეტაპზე, რუსეთის ბაზარზე 45 ათასი ბოთლი ,,ზედაზენის'' ლიმონათი გააგზავნეს. რუსეთის ბაზარზე ,,ზედაზენის'', ანუ სააქციო საზოგადოება ,,ქართული ლუდის კომპანიის'' ლიმონათის დისტრიბუციას რუსული კომპანია ,,მირ ნაპიტკოვ''-ი განახორციელებს. ეს კომპანია ქართულ ლიმონათს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში გაყიდის. რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის საკმაოდ პოზიტიური ფაქტია, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნდა აითვისოს ეს ბაზარი მხოლოდ ერთმა კომპანიამ? შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე, რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კომპანიებისთვის აპირებდა. ვინ არიან ,,ზედაზენის'' მფლობელები? კომპანიის დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის საიტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. სააქციო საზოგადოება ,,ქართული ლუდის კომპანიის'' სახელმწიფო რეგისტრაციის კოდია 404900737. ეს კომპანია 2011 წლის 9 ივნისს შეიქმნა, 2012 წლის 22 თებერვალს კი რეგისტრაციაში საბოლოო ცვლილება შევიდა, მაგრამ არსად, არც ერთ დოკუმენტში კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა მითითებული არ არის. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანია იაგო და ცეზარ ჩოჩელებმა სამ პარტნიორთან ერთად დააფუძნეს. ჩოჩელების პარტნიორები არიან დმანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფარმაცევტული კომპანია ,,პე ეს პე ფარმა''-სა და კლინიკათა ქსელის ,,ნიუ ჰოსპიტალსის'' და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის'' მფლობელია. ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის'' დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავაა, რომელიც წლების წინ, ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის'' 100%-იანი წილის მფლობელია შპს ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი'', ეს უკანასკნელი კი თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა. ძმები ჩოჩელები ლუდის ბიზნესში 1995 წლიდან არიან ჩართულები. ლუდსახარშები ,,ნატახტარი'' და ,,ლომისი'', ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა დააფუძნეს. 2007 წელს კი „ნატახტარი“ საერთაშორისო კომპანია Eფეს Bეერ Iნტერნატიონალ-მა 70 000 000 აშშ დოლარად შეიძინა. პრესაში გავრცელებული, სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ საჯარო რეესტრის საიტზე. ,,ზედაზენი'' ჩოჩელებისაც რომ იყოს, ამაში საგანგაშო არაფერია, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე მეგობრის, ან ნათესავის ვინაობას მიუთითებდნენ დამფუძნებლებში და იურიდიულად ყველაფერი გასწორდებოდა. პრობლემა ისაა, რომ საჯარო ინფორმაცია ისეა დამალული, თითქოს დამფუძნებლების ვინაობა, ამა თუ იმ კომპანიის კომერციული საიდუმლო იყოს. რუსეთის ბაზარი მხოლოდ ერთი კომპანიისთვის რა მოხდა სინამდვილეში, ვინ არიან ,,ზედაზენის'' დამფუძნებლები, ან რას ნიშნავს რუსეთის ბაზრის გახსნა ერთადერთი კომპანიისთვის? ,,ვერსია'' დამოუკიდებელ ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა: _ ბატონო დემურ, ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას მოჰყოლოდა, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის ბაზარზე შედის ერთადერთი ქართული კომპანია ,,ზედაზენი'', რომლის დამფუძნებლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებენ. ეს რას ნიშნავს, საფრთხე აღარ არსებობს? _ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან თუ ერთი კომერციული სტრუქტურა მეორე კომერციულ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში, ქართული კომპანია რუსულ კომპანიას ხელშეკრულებას უდებს, არსებობს საერთაშორისო ნორმები, ასევე არბიტრაჟის სისტემა და ამიტომ შეუძლებელია, რაიმე საფრთხე არსებობდეს. პრობლემა პოლიტიკური ხასიათისაა, საქართველოში დღეს არსებული ბიზნესი ხელისუფლებასთანაა ასოცირებული, სხვას ბიზნესი არ აქვს, დიდი-დიდი, ელიავას ბაზრობაზე თუ რაიმეს ვაჭრობთ, შეიძლება დამოუკიდებელი იყოთ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში, თუ რამე კეთდება, ყველგან ხელისუფლებაა. კი, ბატონო, გახსნან რუსეთის ბაზარი, თუნდაც საკუთარი კომპანიებისთვის, აბა, ,,სხვისი'' კომპანიები უბრალოდ არ არსებობს და შევიდნენ რუსეთის ბაზარზე საკუთარი კომპანიებით. მთავარია, პროცესი დაიწყოს, რომ ხელისუფლების კომპანიებს ჯერ მცირე და საშუალო ბიზნესი მიჰყვეს, ბოლოს ფიზიკური პირები, ანუ ფერმერები და გლეხები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გაიტანენ. ჩვენ სულელურ რაღაცებს გამოვეკიდეთ, რომ თუ რუსული ბაზარი დაიხურა, არა უშავს, ახალ ბაზრებზე შევალთ. არადა, ასეთი რაღაცები მყისიერად არ ხდება, ბაზრის მოპოვებას ათეული წლები სჭირდება და პროდუქციის გაცნობაზეც უზარმაზარი ფული უნდა დაიხარჯოს. ჩვენ ვაგებთ, რადგან შესაძლებელია, რუსეთის ბაზარზე, ნაკლები დანახარჯებით, ქართული პროდუქცია გაიყიდოს, რაც ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იქნება. ამის გადაფარვა ანტირუსული კრეტინიზმით, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური საფრთხის შემცველია. არ შეიძლება, დემაგოგიის დონეზე ისაუბრო ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის. არასერიოზულია განცხადება, თითქოს რუსეთის ბაზარი ცუდია, რადგან ბაზარი ცუდი არსად არ არის, თუკი სადმე, ზანზიბარის ბაზარი მართლაც არსებობს, კეთილი უნდა ვინებოთ და ზანზიბარშიც გავიტანოთ პროდუქცია. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა და რუსეთი მხოლოდ ერთი კომპანიისთვის ხსნის ამ ბაზარს, მაშინ პირველ რიგში, პრეტენზია რუსეთის მიმართ უნდა გამოვხატოთ, რადგან ასეთი საქციელი მათ სრულ უპირობობაზე მეტყველებს. კარგია, რომ საქართველომ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ამას მივესალმები, მაგრამ უპირობოდ, საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქცია უნდა დაშვან რუსეთის ბაზარზე, რა თქმა უნდა, ხარისხის ელემენტარული ნორმების დაცვით. კარგი იქნებოდა, რუსეთის მხარის ოფიციალური დოკუმენტებიც გვენახა, რადგან ჩვენ ახლა მხოლოდ ვარაუდებით ვსაუბრობთ. _ საჯარო რეესტრის საიტზე, სამეწარმეო და არასამეწარმეო კომერციულ პირთა რეესტრში კონკრეტულად ,,ზედაზენის'', ანუ სააქციო საზოგადოება ,,ქართული ლუდის კომპანიის'' დამფუძნებლების ვინაობა მითითებული არ არის, არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა... _ რა თქმა უნდა, მითითებული უნდა იყოს, ესე იგი, საჯარო რეესტრს ცუდად აქვს ეს კომპანია გატარებული რეესტრში და ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ, ხელოვნურადაა დამალული. როგორ შეიძლება, დამალული იყოს, როდესაც ეს საჯარო ინფორმაციაა. ასეთი რამ დასავლეთში, ან თუნდაც აღმოსავლეთში რომ მოხდეს, ჩათვალეთ, რომ კომპანიას კატასტროფა ელის. ეს ისეთი საფრთხის შემცველია, როდესაც არ იცი, ვისთან გაქვს საქმე, რომ ამის გამო ნებისმიერ კომპანიას პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოში ყველაფერი მოსულა. რა თქმა უნდა, ეს საჯარო რეესტრის იმ პროპაგანდას აყენებს დარტყმას, რომლის მიხედვითაც იქ ყველაფერი მოაწესრიგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას უფრო გავლენიანმა პირმა დაავალა, ისე გაეტარებინა კომპანია რეგისტრაციაში, როგორც გაატარა. თუ ეს კომპანია ჩოჩელისაა, ჩოჩელის იყოს, ჩვენ რა უფლება გვაქვს, ვინმეს ავუკრძალოთ რაიმეს ფლობა, მთავარია ვიცოდეთ, ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები. თუ მართლა ჩოჩელები, ოქრიაშვილი და ბეჟუაშვილი დგანან ამ კომპანიის უკან, იდგნენ, რა პრობლემაა, ნათესავი გაუჭირდათ, თუ მეგობრები? ისინი დაეფიქსირებინათ მფლობელებად და თქვენ ასეთი, კრიტიკული სტატიის დაწერა აღარ მოგიწევდათ. ოფიციალური ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ ,,ვერსია'' საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ერგემლიძესაც დაუკავშირდა და სააქციო საზოგადოება ,,ქართული ლუდის კომპანიის'' დამფუძნებლების ვინაობის გარკვევა ოფიციალურად მოითხოვა. ეკა ერგემლიძემ დაგვიდასტურა, რომ მართალია, ჩვენ მიერ მოპოვებულ არც ერთ დოკუმენტში კომპანიის დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, 2011 წლის 8 ივნისს, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის დოკუმენტს ახლავს სააქციო საზოგადოების წესდების ელექტრონული ვერსია. წესდებაში, ,,ქართული ლუდის კომპანიის'' დამფუძნებელ პარტნიორად მითითებულია მურმან გრიგოლია, რომლის წილი კაპიტალში 100%-ით განისაზღვრება. 2011 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორად მურმან გრიგოლიაა მითითებული, რომელიც რამდენიმე თვეში, ჯერ მინდია გუმბარიძემ, მოგვიანებით კი ვასილ სულხანიშვილმა შეცვალა. სააქციო საზოგადოების წესდების ელექტრონულ ვერსიას ახლავს თანხმობა, რომლის მიხედვით: ,,მე, იაგო ჩოჩელი, თანახმა ვარ, სააქციო საზოგადოება ,,ქართული ლუდის კომპანია'' განთავსდეს უსასყიდლოდ მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქუჩა #23/1. რის დასტურადაც ვაწერ ხელს''. იაგო ჩოჩელის თანხმობას ნოტარიუსი, ლელა ონიანი ადასტურებს. |