“ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარმოადგინა. “ახალი მშენებლობების კვლევა - ფასების ანალიზი” მოიცავს ინფორმაციას თბილისში მიმდინარე “ახალი მშენებლობების” შესახებ. კერძოდ, კვლევაში განხილულია თბილისში, უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე დაფიქსირებული ფასები.
კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 39 სამშენებლო კომპანია. თბილისში პირველად საცხოვრებელ ფართებზე ყველაზე მაღალი ფასი (ე.წ. “თეთრ კარკასი”) ფიქსირდება ავლაბარში და შეადგენს 3000 აშშ დოლარს ერთ კვადრატულ მეტრზე. ყველაზე დაბალი ფასი ე.წ. “თეთრ კარკასზე” კი ისანი-სამგორის რაიონშია და შეადგენს 480 დოლარს ერთ კვადრატულ მეტრზე. ახალი მშენებლობების კუთხით ყველაზე დიდი არჩევანია საბურთალოზე, შესწავლილი 39 კომპანიიდან 19 მათგანს აქვს შეთავაზება საბურთალოზე.
ახალი მშენებლობების კუთხით ყველაზე მცირე არჩევანია მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, 39 კომპანიიდან მხოლოდ ერთი კომპანია გვთავაზობს ფართს ამ რაიონში. ყველაზე მეტი, შვიდი ობიექტი შემოთავაზებული აქვს კომპანია “სითი სტაილ ჯგუფს”. შესწავლილი კომპანიებიდან შემოთავაზება საერთოდ არ გააჩნია სამშენებლო კომპანია “ოლიმპიურ ვარსკვლავს”. წარმოდგენილი 39 კომპანიის მხრიდან შემოთავაზება საერთოდ არ ფიქსირდება ისეთ პრესტიჟულ უბანში როგორიცაა ვერა და დაბა წყნეთი.
კვლევა კვლევად, მაგრამ ექსპერტები უძრავი ქონების ბაზარს ძალიან პესიმისტურად აფასებენ. სპეციალისტები ბაზარზე არსებულ ვითარებას რთულს უწოდებენ და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთი ნაწილის შეფასებით, პრობლემა დაბალი მსყიდველობითი უნარი და ბანკებია. კერძოდ, მათი თქმით, საბანკო სესხის გაცემა კვლავ გართულებულია, ასევე მაღალია საპროცენტო განაკვეთი.
აგრეთვე ექსპერტები გაყიდვების ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკურ ვითარებას ასახელებენ. “მოსახლეობა ოქტომბრის თვემდე შენაძენის გაკეთებისგან თავს იკავებს, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებს ელოდება”, - დასძენენ ექსპერტები.
უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებით, წინა წელს რეალიზაციის 30%-იანი ვარდნა დაფიქსირდა და ეს დინამიკა წელსაც გრძელდება. რაც შეეხება ფასებს, ჯერჯერობით ბინებზე ფასები უცვლელია და საწყისი ღირებულება 25-30 ათასი დოლარია.
2012 წლის მარტის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობამ 29 680 ერთეული შეადგინა, რაც 2011 წლის იმავე თვესთან შედარებით 29,1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
“გორო ჯგუფის” დირექტორის გიორგი ბარვენაშვილის განცხადებით, მომხმარებელი მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან თავს იკავებს. ამის მიზეზად ექსპერტი ბანკების პოლიტიკას ასახელებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს.
მისი თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა დიდი დიღმის ტერიტორიაზე ფიქსირდება, ვაკეში კი, ბინების მაღალი ფასიდან გამომდინარე, ბინები იშვიათად იყიდება. ყველაზე მაღალი მოთხოვნა დასრულებულ პირველად და მეორად ბინებზეა, ვინაიდან მშენებარე ბინებში საბანკო გარანტიის გარეშე ფულის ჩადებას მოსახლეობა ერიდება.
უძრავი ქონების ბაზარს შედარებით ოპტიმისტურ შეფასებას აძლევს სააგენტო “ბონუსის” ხელმძღვანელი ილია ინაშვილი. მისი თქმით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე თანაბარი მოთხოვნაა და მარტის ტრანზაქციების რაოდენობა მათთან იანვრისა და თებერვლის თვის ანალოგიური იყო. როგორც ინაშვილმა რადიო “კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნა თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა და კლიენტები მსხვილი შენაძენის გაკეთებისაგან თავს არ იკავებენ.