ხელისუფლება დასავლეთის მახეში გაბმას ცდილობს

ხელისუფლება დასავლეთის მახეში გაბმას ცდილობს

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ამერიკული კომპანია “გრინბერგის“ მიერ ჩატარებული კვლევით, ხელისუფლება უცხოელებს ხაფანგს უგებს – ჩვენზე უკეთესი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ არსებობს და გვერდზე ნუ გაიხედავთო. თუ რატომ ფიქრობს პოლიტოლოგი ამგვარად, პრესა.გე–სთვის მოცემული ინტერვიუდან შეიტყობთ. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის კვლევის მიხედვით, რომელიც ცენტრალურმა ტელეარხებმა გაახმოვანეს,  გამოკითხულთა 67% მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ კურსს ემხრობა, 28% კი - არ ეთანხმება; 83% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 15%-ის დამოკიდებულება კი უარყოფითია. გამოკითხულთა 58%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ის აზრით კი ქვეყანა არასწორი გზით მიდის. 

ამერიკულმა კომპანიამ სექტემბერ–ოქტომბერში საქართველოში 1 200 ინტერვიუერი გამოკითხა. კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ ლიდერად “ქრისტიან-დემოკრატი“ გიორგი თარგამაძეა დასახელებული; მეორე ადგილზეა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია; 22%–ით მესამე ადგილზე კი შალვა ნათელაშვილია. 

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის დამკვეთებს შორის მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავაც არიან. ორგანიზაციის კლიენტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. ეს ინფორმაცია (სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ცნობით)  კომპანიის ვებგვერდზე, “კლიენტების“ ჩამონათვალშია. 

რამდენად ცნობილი და ავტორიტეტულია ამერიკული კომპანია, რომელმაც კვლევა ჩაატარა?

გია ხუხაშვილი: ცნობილი კომპანიაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ავტორიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან ინტერესთა კონფლიქტის კლასიკური მაგალითია, როდესაც ერთის მხრივ ის არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლობისტი, მისივე შეკვეთით კვლევებს ატარებს და შემდეგ, ამ კვლევების პიარ–შეფუთვით გარკვეულ პოლიტიკურ მანიპულაციებს საფუძველს უქმნის. ეტყობა ეს კომპანია თავის ავტორიტეტს იმდენად არ უფრთხილდება, რომ ასეთ საეჭვო საქმიანობაში გაერია, რაც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ვისზეა გათვლილი ამგვარი შედეგების გამოქვეყნება?

– უცხოელებზე და მიზნად ისახავს იმ მოსაზრების გამყარებას, რომ საქართველოში “ნაცმოძრაობა“  უალტერნატივოა და რომ უცხოელებმა არც უნდა იფიქრონ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობაზე. 

და უცხოელებმა ასე პირდაპირ ენდობიან ამ კვლევის შედეგებს?

– უცხოელებს დეტალები ხომ არ აინტერესებთ?! ისინი აღარ უღრმავდებიან და არ იწყებენ იმის რკვევას, რომ ეს ამერიკული კომპანია არის “ნაცმოძრაობის“ კონტრაქტორი და რომ ისინი ამგვარ ქმედებებში ადრეც არიან შემჩნეულნი. ისინი ხედავენ რომ ესაა ამერიკული კომპანია. დასავლეთში არის ზოგადი ნდობა და როგორც ჩანს, ამათ დაგებულ ხაფანგში ძალიან ბევრი აღმოჩნდება გაბმული. 

ჩემი აზრით, ამ კვლევის მიმართ ქართული საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია. ამ კვლევის თვითონ “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭრებსაც არ სჯერათ, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს კვლევა რეალურ სურათს არ ასახავს. პოლიტიკურ პარტიებს შორის ავტორიტეტი შეიძლება სხვებსაც არა აქვთ, მაგრამ ის რომ მმართველ პარტიას ნდობას 60% უცხადებს, მაშინ, როდესაც ყველა მიმართულებით უზარმაზარი პრობლემებია, მინიმუმ არასერიოზულია. როგორც ჩანს, “გრინბერგი“ არის შემფუთავი და არა მკვლევარი. 

რის სანაცვლოდ იქცა მკვლევარი კომპანია შემფუთავად?

– ფულის. არც არის უარყოფილი, რომ “ნაცმოძრაობა“ არის ამ კომპანიის დამკვეთი, არა მხოლოდ კვლევებთან დაკავშირებით, არამედ, რამდენადაც ვიცი, ფიარკონსულტანტიც არის. სამწუხაროდ, ეს კვლევები არაკეთილსინდისიერი ფიარის ნაწილი გახდა. 

რას იტყვით კვლევის იმ ნაწილზე, სადაც გიორგი თარგამაძე, ირაკლი ალასანია და შალვა ნათელაშვილი ფიგურირებენ?  

– ზოგადად კვლევისადმი ნდობა ძალიან დაბალია და გამომდინარე აქედან, არც ერთი მონაცემი სანდო არ არის. ზოგადად ოპოზიციაც დისკრედიტირებულია; მთლიანად პოლიტიკური ელიტა (ვგულისხმობ, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას)  დღეს საზოგადოებრივი აზრისგან ჩამოშორებულია. ასეთი კვლევის სანდოობა ისედაც ეჭვქვეშაა დასაყენებელი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ერთ პოლიტიკურ ძალაზეა მიბმული მკვლევარი, ყველაფერი აბსურდამდე მიდის. 

კვლევის შედეგების ამ მონაკვეთში აქცენტები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის საგარეო ორიენტაციაზე; შეიძლება ეს ფაქტორია შემოსული. შესაძლოა ასეთი შედეგი ობიექტურიც არის, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ფაქტია რომ წამყვან ძალასთან შედარებით სამივეს რეიტინგი მიზერულია. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის პირველ ადგილზე, მეორეზე და მესამეზე, ოპოზიციაში, რომელსაც იგივე ეს კვლევა სულ სხვა ლიგაში ათამაშებს და ხელისუფლებასთან ახლოსაც არ მიჰყავს. ამ საკითხს მხოლოდ სპორტული ინტერესისთვის შეიძლება ვიხილავდეთ, თორემ სხვა რა აზრი აქვს?!

რამდენად იზიარებთ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ასეთი შედეგები თარგამაძისა და ალასანიას დისკრედიტაციისთვის დაიდო?

– არა მგონია ეს ვიღაცის წინააღმდეგ იყოს მიმართული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს კვლევა არის ხელისუფლების გაკეთებული, იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ საქართველოში “ნაცმოძრაობა“  არის უალტერნატივო. ხელისუფლება გარკვეულწილად შეეცადა ამაში ქართული საზოგადოების დარწმუნებას, მაგრამ არა მგონია ამის დიდი იმედი ჰქონდეთ, მაგრამ ძირითადი სამიზნე უცხოელები არიან, რომელთა მხარდაჭერის დაკარგვა, ან გადათამაშება, სხვაგან გახედვა, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია. 

ხელისუფლებას საზოგადოებასთან თავისი ურთიერთობები (არც თუ სახარბიელო) ჩამოყალიბებული და გარკვეული აქვს. ჩვენთვის თუ გამზადებული აქვთ სხვადასხვა ძალოვანი სპეცტექნოლოგიები და ასე გვერევიან, გამომდინარე იქიდან რომ  დასავლეთში ასეთი ინსტირუმენტი არ ჭრის, აარჩიეს ტექნოლოგია, რომლის განსახორციელებლად გამოიყენეს თავისივე კონტრაქტორი კომპანია “გრინბერგი“, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად არის დაფინანსებული. 

დროა ქართულმა საზოგადოებამ ეს ხმამაღლა გააპროტესტოს, მიმართოს ელჩებს, უცხოეთის წარმომადგენლობებს და ყურადღება მიაქცევინოს “გრინბერგის“ ამ  არაკეთილსინდისიერ საქციელზე. ამ სფეროში ასეთი უხეში ინტერესთა კონფლიქტი უნდა დამთავრდეს მინიმიმ ამ კომპანიის სრული დისრედიტაციით და უცხოელებიც არ უნდა აღმოჩდნენ ხაფანგში, რომელსაც საკმაოდ უხეშად უგებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად გვესმის რომ ეს ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი, ოღონდ ეს უცხოელებსაც უნდა ავუხსნათ.