“ნაბუკოს” გაზსადენისა და სამხრეთის კორიდორში გაზის ტრანსპორტირების ბედი გაზის მთავარი მიმწოდებლის - აზერბაიჯანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ბაქო დადებით გადაწყვეტილებას უახლოესი თვეების განმავლობაში მიიღებს.
“უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი ევროპული გაზსადენით მოახდენს გაზის მიწოდებას, “ნაბუკო” ერთ-ერთი მათგანია. ამჟამად გრძელდება მოლაპარაკებები გაზის მომწოდებელ - აზერბაიჯანი-ნაბუკოს მონაწილეებს შორის”, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარლენ ხოლზნერმა.
მისი თქმით, ევროკავშირის უმთავრეს პრიორიტეტს ამ საკითხში წარმოადგენს პირდაპირი წვდომა კასპიის ენერგორესურსებთან, რომელსაც აზერბაიჯანი ფლობს. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი მიდის, მთლიანობაში “სამხრეთის კორიდორის” პროექტზე, რომელშიც შედის არამხოლოდ “ნაბუკოს” პროექტი, ასევე ტრანსადრიატიკული გაზსადენი და თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის გაზსადენი.
აქამდე “ნაბუკოს” კონსროციუმიში გაერთიანებულნი იყვნენ თურქული კომპანია “ბოტასი”, “ბულგარიან ენერჯი ჰოლდინგი”, უნგრული MOL-ი, ავსტრიული OMV, გერმანული RWE და რუმინული “ტრასგაზი”. თუმცა, როგორც 2 დღის წინათ გახდა ცნობილი, პროექტი უნგრულმა კომპანიამ უკვე დატოვა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაუფარავად განაცხადა, რომ “ნაბუკოს” მილსადენი, პროექტი, რომელსაც ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა შეემცირებინა, საფრთხეშია და უნგრული კომპანია MOL-ი პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ნაბუკოს ნაცვლად სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს პროექტის რუსული ალტერნატივა, სამხრეთის ნაკადი. “რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დაადასტურა, რომ “წმინდა ეკონომიკური გათვლების გამო” უნგრეთისთვის უფრო მომგებიანი სამხრეთ ნაკადში ჩართვა იყო.
“თუმცა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, უნგრეთს მოუწევს მეზობელი ქვეყნებთან, სლოვაკეთთან, ხორვატიასთან და იტალიასთან ერთად სხვა მილების შექმნაც”, - დასძინა ორბანმა.
თავის მხრივ, “ნაბუკოს” პრესსპიკერის, კრისტიან დოლეზალის განცხადებით, MOL-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და შესაბამისად პროექტის მონაწილედ რჩება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჯერჯერობით აქ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. რადგან ყველაფერი გაურკვეველია, ბაქო “ნაბუკოს” მისამართით ზედმეტ აქტიურობას არ ავლენს. აზერბაიჯანში ახლა სულ სხვა საკითხებით არიან დაკავებლუნი, რომელიც უკვე არსებული გაზსადენი სიმძლავრის გაზრდას უკავშირდება.
ბოლო ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის სიმძლავრე, შესაძლოა, წელიწადში 37 მლრდ კუბ/მ-მდე გაიზარდოს. “ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კომპანია “ბი-პი -სთან” ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის სიმძლავრის გაზრდის თაობაზე, თურქეთის საზღვრამდე. პირველ ეტაპზე მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 3 მლრდ კუბ/მ იქნება”, - განაცხადა აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება შაჰ-დენიზიდან გაზის მოპოვების ზრდას, რომელმაც მეორე ეტაპზე 25 მლრდ კუბ/მ-ს უნდა მიაღწიოს. ამჟამად კი საბადოდან 9 მლრდ კუბ/მ-ის მოპოვება ხდება.
ნატიკ ალიევის თქმით, გაზსადენის სიმძლავრე, შესაძლოა, გაიზარდოს 35-37 მლრდ კუბ/მ-მდე იმ შემთხვევაში თუკი მიღწეული იქნება გადაწყვეტილება, ტრანსკასპიური გაზსადენის რეალიზაციის შესახებ, რომლითაც მოხდება თურქმენული გაზის ტრანსპორტირება. აღსანიშნავია, რომ ტრანსკასპიური გაზსადენი ერთმანეთს დაუკავშირებს ყაზახეთის თენგიზის საბადოს, თურქმენეთს, ბაქოს, თბილისს, ერზერუმს და მისი საშუალებით ყოველწლიურად 20-30 მლრდ კუბ/მ გაზის ტრანსპორტირება მოხდება. პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ დოლარია.