ჩოჩელის მონოპოლიამ ხორცი უკვე გააძვირა

ჩოჩელის მონოპოლიამ ხორცი უკვე გააძვირა

ადგილობრივი ხორცის ბიზნესი მონოპოლიის ქვეშ ექცევა. პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულების შემდეგ საქართველოში ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასების ზრდა დაიწყო, დღეს ერთი კილოგრამი ხორცი უკვე 10-11 ლარი ღირს. ამასთან, უახლოეს მომავალში ფასების მოიმატებს იმპორტირებულ, გაყინულ ხორცზეც და როგორც სუპერმარკეტების მფლობელები აცხადებენ, ის საშუალოდ 10 დოლარი ეღირება.

 

მაშინ, როდესაც საქონლის ხორცის გაძვირება მოხდება, ცხადია, სამომხმარებლო ბაზარზე გაჩნდება ქათამსა და თევზზე მოთხოვნა. შედეგად, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში ერთი საშულო ზომის ქათამი ნაცვლად 5-6 ლარისა, უკვე 10 ლარი ღირდეს.

 

ნატახტარში ახალი სასაკლაო „იბერმითი“ ერთი კვირის წინათ გაიხსნა, რის შემდეგაც სასაკლაოს გარეთ დაკლული პირუტყვის რეალიზაცია აიკრძალა. მას ყოფილი დეპუტატი ცეზარ ჩოჩელი აკონტროლებს და ხორცის მონოპოლიაც უკვე მის ხელშია.

„იბერმითის“ გარდა, საქართველოში კიდევ ორი სასაკლაოა, თუმცა თბილისთან ყველაზე ახლოს სწორედ „იბერმითის“ საწარმოა, რის გამოც მოვაჭრეების ნაწილმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ნატახტარის სასაკლაო ამ სეგმენტში მონოპოლისტი გახდებოდა და ხორცი გაძვირდებოდა.

 

ეს პროგნოზი მალევე გამართლდა და პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულებამ თბილისში ხორცი გააძვირა. სავაჭრო ქსელში ხორცის ფასი, საშუალოდ, ორი ლარით არის გაზრდილი და 10-11 ლარი ღირს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ სასაკლაოს მომსახურების შედეგად მათთვის კილოგრამ ხორცზე ხარჯი 1,5 ლარით გაიზარდა, ამიტომ იძულებული გახდნენ, ფასი გაეზარდათ. თავად ნატახტარის ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში კი 1 კილოგრამი ხორცის საბითუმო ფასი 9,5 ლარია.

 

ბაზრობებსა და მაღაზიებში ხორცის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი უკვე გააფრთხილეს, ხორცი მხოლოდ მითითებული სასაკლაოებიდან შეიძინონ. ნატახტარის „იბერმითის“ გარდა საქართველოში, ჯერჯერობით ორი სასაკლაოა, ასპინძასა და ყარაჯალაში. ამასთან, ასეთივე გაფრთხილება თბილისსა და მცხეთაში მოქმედდმა რამდენიმე რესტორანმაც მიიღო. ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს ე.წ. ფორმა–2-ს კი სერთიფიცირებული ვეტერინარისაგან იღებდნენ.

 

ნატახტარში სასაკლაოს გახსნის შემდეგ კი ისინი იძულებულები არიან სარეალიზაციო ხორცისათვის რომელიმე სასაკლაოსთან კონტრაქტი გააფორმონ. რაკი თბილისთან ყველაზე ახლოს ეს სასაკლაოა, მთელი თბილისისა და შიდა ქართლის ხორცით მოვაჭრეები, კვების ობიექტები თუ სუპერმარკეტები ხორცს ნატახტარის სასაკლაოდან „იბერმითი“ შეიძენენ.

 

სურსათის უვნებლობის სამსახურში ადასტურებენ, რომ სუპერმარკეტებისა და ბაზრების მომარაგება სასაკლაოებზე დამზადებული ხორცით უნდა მოხდეს. სამსახურში აცხადებენ, რომ აქამდე ე.წ. ფორმა 2-ს სერთიფიცირებული ვეტერინარები გასცემდნენ, რომლებიც სურსათის უვნებლობის სამსახურს ყველა რაიონულ ცენტრში ჰყავს. ახლა კი სარეალიზაციო ხორცისათვის საქონლის დაკვლა მხოლოდ სასაკლაოზე მოხდება, რომელიც მის ხარისხზე და დამზადებაზე იქნება პასუხისმგებელი.  შესაბამისად, ხორცის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით პრეტენზიები ნაკლებად იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ხორცთან დაკავშირებით პრეტენზიები თითქმის არ არსებობს. ცუდი შეფასებები მხოლოდ იმპორტირებულ ხორცს აქვს. ქვეყანაში შემოსული საქონლის ხორცი, ძირითადად, ინდური წარმოშობისაა. დამოუკიდებელი სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეალურად შემოდის არა საქონლის, არამედ ინდური კამეჩის ხორცი, რომლის ხანგრძლივი მომხმარება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 

კამეჩის ხორცის აკრძალვასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩვენს მეზობელ რუსეთში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი ღონისძიებებია მიღებული. საქართველოში კი, საქმე პირიქითაა, ხელისუფლება ცდილობს იმპორტირებულ ხორცს კარი უფრო ფართოდ გაუხსნას და სასათბურე პირობებში მოაქციოს ის. თანაც, სუპერმარკეტების მეპატრონეებმა დისტრიბუტორებისგან უკვე მიიღეს „სასიამოვნო“ ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ერთი კილოგრამი გაყინული ხორცის ფასი 10 დოლარი გახდება.

 

ისეთ პირობებში კი, როდესაც ხორცზე ფასი გაიზრდება, ცხადია,რომ მასზე მოთხოვნა შემცირდება. ამის ფონზე მოსახლეობა დაიწყებს ქათმის ხორცის, ასევე თევზის მოხმარებას, რაც შემდეგომ უკვე ამ პროდუქტებზე ფასის მატებას გამოიწვევს. თუ საქონლის ხორცთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ იგივე ხელისუფლებამ ქათმის ბიზნესის მონოპოლიზაცია გადაწყვიტოს.

 

ყველაფერი ეს კი, ცხადია, რომ პირველ რიგში რიგითი მოსახლეობაზე აისახება და საქართველო სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის შემდგომი წლის მონაცემებში არა იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდება, სადაც „არასრული კვების საშუალო დონეა“, არამედ იქ, სადაც საერთოდ „არასრული კვებაა“.