ქობალიამ ქარქუსოვი სამინისტროდან დამატებით დროში გააძევა

ქობალიამ ქარქუსოვი სამინისტროდან დამატებით დროში გააძევა

ვერონიკა ქობალია მომარჯვებულ ცოცხს ვეღარ აჩერებს. მდგრადმა მინისტრმა თავისი უკანასკნელი ძველი მოადგილეც უვადო და ულიმიტო “შვებულების” გზას გაუყენა, თანაც ისეთი რეკონმედაცია გააყოლა, რომ ურუზმაგ ქარქუსოვს სააკაშვილის მთავრობაში ყველა კარი დახშული ექნება. მდგრად სამინისტროში აცხადებენ, რომ ურუზმაგი მეტად არამდგრად პიროვნებად წარმოედგინათ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი უშუალოდ მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ქარქუსოვი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2007 წლიდან მუშაობდა, მაგრამ ქობალიას გააფთრებულ შემოტევებს ვეღარ გაუძლო.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერ ქობალიამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ორი მოადგილე - ზურაბ ალავიძე და გრიგოლ გობეჯიშვილი გაუშვა ნაადრევ პენსიაზე. მათ ნაცვლად კი, დავით გიორგაძე და არჩილ კეკელია დანიშნა. მოგვიანებით კი, კიდევ ერთი მოადგილე სულხან სისაური თამარ ჭელიძემ ჩაანაცვლა.

 

გარდა ამისა, შეიცვალა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. კონკურსის საფუძველზე ეს თანამდებობა მაია სიდამონიძემ დაიკავა. ვერონიკას დამატებითი დრო დასჭირდა ქარქუსოვის თავიდან მოსაცილებლად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ესეც მოახერხა.

 

მდგრად სამინისტროში მინისტრის მოადგილის ურუზმაგ ქარქუსოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებს შორის “ქართული ენის არცოდნას” და ოპოზიციურ პარტიაში მოღვაწეობას ასახელებენ; ანუ აქედან გამომდინარე, ქარქუსოვი არამდგრად პიროვნებად მიაჩნდათ.

 

“ურუზმაგ ქარქუსოვის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მინისტრმა ქობალიამ რამდენიმე მიზეზით მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ენის არცოდნაა, რის გამოც ის ქართულ ენაზე მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებდა. 

 

გათავისუფლების კიდევ ერთი მიზეზი ქარქუსოვის ოპოზიციურ პარტია “ჩვენებში” მოღვაწეობა და მინისტრის ნებართვის გარეშე ერთ-ერთ მივლინებაში წასვლა გახდა”, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

 

ურუზმაგ ქარქუსოვის პარტია “ჩვენებში” მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში გავრცელდა. “ჩვენებს” ქარქუსოვი და მისი მეუღლე ნანა ყეინიშვილი ერთად ხელმძღვანელობდნენ. ისინი ხანდაზმულ მოქალაქეებს პარტიაში გაწევრიანების სანაცვლოდ “ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოჯახის თითოეულ წევრზე 1000-1000 აშშ დოლარის გამოყოფას” ჰპირდებოდნენ.

 

ქარქუსოვის “ოპოზიციონერობა” მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. 2009 წლის ბოლოს ქარქუსოვმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და ეკონომიკის სამინისტროსთვის ეკონომიკური ფუნქციების გაზრდა და მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი სტრუქტურის შექმნა სთხოვა.

 

ქარქუსოვის თქმით, რაკი პრეზიდენტამდე აქამდე ვერ მიაღწია თხოვნამ აღნიშნული სამსახურის შექმნის შესახებ, იძულებული გახდა მისთვის პრესის საშუალებით მიემართა.

 

ქარქუსოვის ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელ ევროპაში, სადაც მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სტრუქტურა არ არსებობს. ამიტომ მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ფუნქციობს, ჰაერშია გამოკიდებული.

ეკონომიკის მაშინდელი მინისტრისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის, საკუთარი მოადგილის ეს ნაბიჯი სრული მოულოდნელი აღმოჩნდა.