როგორც წესი, საქართველოში ნატო-ს წვრთნები ყოველ შემოდგომაზე ტარდებოდა, მაგრამ წელს პირველად საქართველოში ნატო-ს წვრთნები არ ტარდება. ამის ოფიციალური მიზეზი უცნობია. საქართველოს მთავრობის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ექსპერტების განცხადებით, ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ საქართველო ნატოს შორდება.
რატომ არ ტარდება ნატოს წვრთნები და რატომ მალავს ხელისუფლება ხელშეკრულებას “აი-პა-პის” დასრულების შესახებ? ამ საკითხებთან დაკავშირებით “პრესა.გე” სამხედრო ექსპერტს კახა კაციტაძეს ესაუბრა.
- შეიძლება პოლიტიკური მიზეზების გამო არ ტარდება ეს წვრთნები. მაგრამ, რომ არ ტარდება, ეს ფაქტია. ხალხო, “აი-პა-პი” არ გვაქვს ჯერ შესრულებული, როცა, წესით, 2007 წელს რომ უნდა შეგვესრულებინა. ორმხრივი ხელშეკრულება “აი-პა-პის” დასრულების შესახებ რატომ არაა ხელმოწერილი, იქნებ, გვითხრას ვინმემ? როდესაც ასეთი პროგრამის შესრულება ხდება, სათანადო იურიდიული აქტით ფორმდება და ასეთი აქტი, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს. თუ არსებობს – გვითხრან.
მაშინ, რას ეფუძნება გიორგი ბარამიძის განცხადება, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა “აი-პა-პი”?
- ვერ გეტყვით. გვითხრან, ბატონო, კონკრეტულად. მიგვითითონ წყარო, სადაც წერია, რომ “აი-პა-პის” მუშაობა დასრულებულია. ეს რეჟიმი რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე არაკომპეტენტურია, ფაქტია, რომ “აი-პა-პი”–ს ვერ შეასრულებდა. იმიტომ, რომ ის არმიას აღიქვამს როგორც თავის პირად არმიას. საქართველოს ჯარი არის არა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტი, არამედ “ნაცმოძრაობის” პირადი გვარდია. ასე ხდება აფრიკაში. ბატონი გიორგი როდესაც ამბობს, რომ “აი-პა-პი” წარმატებით შევასრულეთო, მაშინ წყარო მიგვითითონ. სადაა იურიდიულად გაფორმებული აქტი? თუ, ეს-ემ-ესი გამოუგზავნეს, რომ “აი-პა-პი” წარმატებით ჩააბარეთო.
ნატოს ხელმძღვანელობამ ბატონი აპატურაის პირით გვითხრა, რომ 2020 წლამდე არ განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ნატოსთან მიახლოების ერთადერთი კრიტერიუმი არის “მაპის” მიღება. როდესაც გვიმტკიცებდნენ ეს ბატონები, რაღაც “მაპზე” უკეთესი მივიღეთო, გამოვიდნენ ახლა და გვითხრან, სადაა ეს “მაპზე” უკეთესი და რატომ არ ტარდება ნატო-ს წვრთნები? იცით, უკვე მოსაწყენია ამათ ნათქვამზე კომენტარები. ამ ხელისუფლებამ თავისი ტყუილები დაიჯერა.
რას გულისხმობთ?
- პერევის დათმობის საფასურად რუსეთმა უზარმაზარი დივიდენდები მოიგო. იცით, რომ საფრანგეთმა ანუ ევროკავშირმა მოითხოვა, რომ ჩვენ ცხინვალთან და აფხაზეთთან დავდოთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ეს უკვე რუსეთის მოთხოვნა არაა, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა.
თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსული მედია მიზანმიმართულად ავრცელებს ამ ინფორმაციას...
- ბატონმა იაკობაშვილმა ბრძანა, რომ თითქოს სარკოზიმ გააკეთა ეს განცხადება, მართალი არ არისო. მე თვითონ წავიკითხე ბატონი სარკოზის ეს განცხადება “რადიო თავისუფლებაში”. ახლა, “რადიო თავისუფლებას” რუსულ მედიად ვერ ჩათვლის. ფაქტია, რომ სარკოზიმ ეს მოითხოვა. ასევე ფაქტია ისიც, რომ საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა ლისაბონის სამიტზე მიიწვიეს მედვედევი. ჩვენი ნაციონალური არხები აპიარებდნენ, რომ ეს იქნებოდა სააკაშვილის ტრიუმფი. სინამდვილეში, გამოდის მედვედევის ტრიუმფი.
ლისაბონის სამიტზე რუსეთს დიდი პატივისცემით დახვდებიან. ეტყვიან, რომ ევრაზიის ზონაში უსაფრთხოების სისტემაში რუსეთმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოსო. ალბათ, შეთანხმდებიან, ან ყოველ შემთხვევაში შეთანხმებისთვის საფუძველს ჩაყრიან ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ და ა.შ. ანუ პერევის დათმობით რუსეთმა მიიღო უამრავი სტრატეგული დივიდენდი. ამაზე ჩვენი ხელისუფლება რასაკვირველია დუმს.
რაც შეეხება იმას, რომ ნატოს წვრთნები არ ტარდება, მითხარით, რაში სჭირდება საქართველოში ეს მანევრები? მით უფრო, ნათელი გახდა, რომ ბატონმა აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას წლები დასჭირდებაო. როდესაც 2003 წელს დაიწყო ნატო-ს წვრთნები, თვითონ ნატო-ს ექსპერტების უმრავლესობა თვლიდა, რომ ჩვენ ნატოში 2012 წლამდე მიგვიღებდნენ. ახლა როცა დაინახეს, რომ 2025 წლამდე საქართველო მზად არ იქნება ნატოში გასაწევრიანებლად, ინტერესი დაკარგეს.
ნატო-ს ერთობლივი წვრთნები მავრიტანიასთან ერთად ჩატარდება სამ წელიწადში ერთხელ. ჩვენც გადავალთ იგივე ურთიერთობის ფორმატში, რაც არის ნატოსა და მავრიტანიას შორის. ეს არის კატასტროფული უკან დახევა ქვეყნისთვის. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ ნატო საქართველოს აღარ განიხილავს როგორც პოტენციურ ევროპულ სახელმწიფოს.
საინტერესოა, რატომ არ აკეთებს ამ საკითხზე კომენტარს ხელისუფლება?
- რა განცხადება უნდა გააკეთოს? ის, რომ ჩვენ ნატო აღარ გაგვიხილავს ცივილიზებულ ქვეყანად და ამის გამო აღარ ატარებს ჩვენთან წვრთნებსო – ამას იტყვიან?