საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე სადაო ადგილებთან დაკავშირებით პრესა.გე ესაუბრა სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის წარმომადგენელს, კახა ხანდოლიშვილს, რომელიც ახლო წარსულში სასაზღვრო პოლიციაში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ედგა სათავეში და უშუალოდ იცნობს სახელმწიფოთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგებს, რომელიც საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციაზე (საზღვრის განსაზღვრა და ნიშნების დაყენება) მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა, სამშობლოში გამგზავრების წინ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უფრო ხშირად შეხვდებიან იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს საშველი დაადგეს საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრას და ნიშნების დაყენებას.
სახელმწიფოთაშორისი კომისიის ბოლო სხდომა, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე, 23 სექტემბერს, აზერბაიჯანში, კერძოდ ბელაქანის რაიონში გაიმართა.
როდიდან მუშაობს სახელმწიფოთაშორისი კომისია, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დადგენისთვის?
კახა ხანდოლიშვილი: ამ საკითხზე მუშაობა 1993 წელს დაიწყო. კომისიის სხდომა წელიწადში ერთხელ საქართველოში და ერთხელ აზერბაიჯანში იმართებოდა.
რა დადებითი შედეგი მოჰყვა, ამ 17 წლის განმავლობაში, კომისიის მუშაობას?
– სამწუხაროდ, ხელშესახები შედეგი არ არის. უბრალოდ, ამ კომისიამ ყველა ის დოკუმენტაცია შეისწავლა, რომელიც საზღვართან დაკავშირებით არსებობს და ის სადაო მონაკვეთები განსაზღვრა, რომელზეც დავა დღემდე გრძელდება. განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლებში არ ყოფილა.
კონკრეტულად რომელია სადაო ტერიტორიები?
– სადაო ტერიტორიები ბევრია, მაგრამ სამი მათგანია მნიშვნელოვანი: წითელი ხიდის ტერიტორია; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, ჩიჩხიტურის კოშკის ჩათვლით და სიღნაღის რაიონში, სოფელი ერისიმედი.
რა მოცულობისაა სადაო ტერიტორიები?
– დიდ მოცულობაზე ლაპარაკი არ არის, რამდენიმე ჰექტარი შეიძლება იყოს, მაგრამ სადაო ტერიტორიები მნიშვნელოვან და სტრატეგიული ადგილებად ითვლება.
კერძოდ რითაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეს ადგილები?
– რაც შეეხება წითელ ხიდზე სადაო ტერიტორიას – კომუნისტების დროს საზღვარი გადიოდა ძველ წითელ ხიდზე; შემდეგ ამ ხიდის ოდნავ ზევით ახალი ხიდი აშენდა და ლოგიკურად ხიდის ორივე მხარეს საქართველოს ტერიტორია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხიდის იქითა მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ბუნებრივია, ხიდზე გაცილებით ადვილია საზღვრის გაკონტროლება და ამ ადგილს სტრატეგიული მნიშვნელობა სწორედ ამიტომ აქვს. ამ სადაო მონაკვეთთან მიმართებაში ჩვენ უფრო მეტი არგუმენტი გვაქვს, ვიდრე აზერბაიჯანულ მხარეს.
საერთოდ, კომისია, ექსპერტები სწავლობენ სხვადასხვა დროის რუკებს და მონაცემებს. პრობლემა იმაშია რომ მსგავსი სადაო ტერიტორიები სხვადასხვა დროის რუკებზე სხვადასხვანაირადაა აღნიშნული. მაგალითად, ოციან და ოცდაათიან წლებში გამოცემულ რუკებზე ეს ადგილები სხვანაირადაა აღნიშნული.
რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილს, ჩიჩხიტურის კოშკის ჩათვლით?
– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი, ჩიჩხიტურის კოშკის ჩათვლით, ფორმალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. XX საუკუნის რუკების მიხედვით, უფრო მეტი არგუმენტები აზერბაიჯანელებს აქვთ.
გასაბჭოების შემდეგ, საზღვარი როცა გაივლო, არაერთი ქართული კულტურის ძეგლი მოხვდა საზღვრის იქით, მაგრამ ჩიჩხიტურის კოშკი უშუალოდ საზღვარზეა.
ჩემი აზრით, 1921 წელს, როდესაც ქედზე საზღვარს ავლებდნენ, რუკაზე აღნიშნული არ იყო, რომ იმ მონაკვეთში მონასტრის ნაწილი მდებარეობდა – გეოგრაფიული რუკა იყო და არ დაფიქრებულან, რომ მონასტრის ტერიტორია მეორე მხარეს ხვდებოდა.
თუ იცით ახლა რა ხდება ჩიჩხიტურის კოშკში?
– ოთხმოცდაათიან წლებში და შემდეგ 2004–2005 წლებში, არაფორმალური შეთანხმება იყო, რომლის თანახმად, აზერბაიჯანელები ხელს არ შეუშლიდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ქართველ მომლოცველებსა და ტურისტებს ევლოთ. ახლა კოშკის ნახევარ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან.
რაც შეეხება ამ ადგილის სტრატეგიულ მნიშვნელობას – ჩვენთვის სტრატეგიულია იმ გაგებით, რომ ეს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა; აზერბაიჯანელები კი თვლიან, რომ სომხეთთან დამოკიდებულებაში ესაა სამხედრო მნიშვნელობის სიმაღლე.
დიალოგი და მოლაპარაკებები მიდიოდა იმაზე, რომ ეს სადაო ტერიტორია დაეთმოთ და ჩვენ სამაგიეროდ მზად ვიყავით აზერბაიჯანისთვის სხვა, ნაკლები მნიშვნელობის მქონე ტერიტორია გადაგვეცა.
რას იტყვით სოფელ ერისიმედზე?
– ამ მონაკვეთში მდინარე ალაზნის კალაპოტის ცვლილების გამო, საზღვარი ხან იქით გადადიოდა და ხან აქეთ. ამ ადგილას საზღვარი ზუსტად განსაზღვრული არ არის. თუ არ ვცდები, ეს სოფელი 1986–1987 წლებში აშენდა და იქ აჭარაში, მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობაა ჩასახლებული.
რა პოზიცია ჰქონდა აზერბაიჯანულ მხარეს, ჩვენს შეთავაზებაზე?
– აზერბაიჯანული მხარე ამბობდა, რომ ამ ტერიტორიას და მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ამ ადგილიდან სომხეთი ჩანს. ამის გამო იქცა ეს ადგილი ვაჭრობის საგნად, მაგრამ ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია, შეთანხმება უნდა მოხდეს. ახლახანს ანალოგიური პრობლემა მოგვარდა რუსეთ–აზერბაიჯანს შორის – აზერბაიჯანს რუსეთმა სადაო ტერიტორია დაუთმო. მთავარია პოლიტიკური ნება და შეთანხმება; ექსპერტებმა თავის საქმე უკვე გააკეთეს.