სააკაშვილის მამამ 1 ლარად კურორტი საირმე ჩაიგდო ხელში, პრეზიდენტის დედამ კი ბათუმის საჯარო რეესტრის შენობა

სააკაშვილის მამამ 1 ლარად კურორტი საირმე ჩაიგდო ხელში, პრეზიდენტის დედამ კი ბათუმის საჯარო რეესტრის შენობა

 

ეკონომიკის სამინისტრო კერძო მფლობელებს საკუთრებას ართმევს და "გავლენიან ქართველებს" სიმბოლურ ფასად, უფრო სწორად 1 ლარად ჩუქნის. 1 ლარად უკვე გაიყიდა კურორტი საირმე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა თემურ კოხოძემ იყიდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კურორტის ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილია. პრეზიდენტის დედას, ასევე 1 ლარად გადაეცა ბათუმში, ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა, თავისი ინვენტარით. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით, საქართველოს მასშტაბით მთავრობის წევრების მეგობრებზე გაჩუქდა სხვადასხვა ტერიტორიები.

დავიწყოთ კურორტ "საირმიდან". ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - გაყიდა მთელ დსთ-ს სივრცეში უნიკალური კურორტი "საირმე", რომლის მფლობელი "საირმის განვითარების კომპანიაა", კომპანიის 100%-იანი წილი კი საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, "თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთ მფლობელ თემურ კოხოძეს ეკუთვნის.

თავდაპირველად "კურორტი საირმე" "საირმის განვითარების კომპანიას" 60 ათას ლარად გადაეცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, კურორტის აღორძინების მიზნით, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. მოგვიანებით, როგორც ჩანს, უნიკალურ კურორტში დეპუტატს 60 ათასი ლარის გადახდაც დაენანა და ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მოთხოვნაც დააკმაყოფილა - კურორტის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმის" ცნობით, "საირმის განვითარების კომპანია" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს ეკუთვნის.

"ბიზნეს-რეზონანსი" უკვე წერდა, რომ "საირმეში კერძო მესაკუთრეები მასობრივად დააყაჩაღეს". მაგალითად, 2010 წლის 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით საირმეში სახელმწიფოსათვის ქონების ჩუქების 20 და უძრავი ქონების მიტოვების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ჩუქებით მიღებული მიწის ნაკვეთებისა, სახელმწიფომ საჯარო რეესტრისათვის მიმართვის გზით საკუთრებაში დაირეგისტრირა კურორტ საირმეში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი. მიწების უმრავლესობა კოხოძეს, ანუ შპს "საირმის განვითარების კომპანიას" გადაეცა.

2011 წლის 5 დეკემბერს კი, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ/მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად აჩუქა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და 12 თვეში დაამთავროს სკოლის მშენებლობა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ირკვევა, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 150-დან 60-მდე, ასევე შემცირდა დასასაქმებელ მოქალაქეთა რიცხვი 95-დან 30-მდე. გარდა ამისა, სიმბოლურ ფასად გადაეცათ საჯარო რეესტრის სარგებლობაში რიცხული ყოფილი ინვენტარი.

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, როდესაც ინვესტორი ობიექტში ფულს არ იხდის, ჩნდება რისკი, რომ იგი დაპირებულ ინვესტიციებს დროულად არ განახორციელებს.

"მე ობიექტების სიმბოლურ ფასად გაყიდვის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მაშინ არის გამართლებული, როდესაც ინვესტორი და ის ბრენდი, რომელიც კონკრეტული ობიექტის მფლობელი ხდება, ცნობადია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრი დაპირებული ინვესტიცია დაპირებად დარჩა. ის "ოქროს გორები", რომლებსაც ინვესტორები დაგვპირდნენ, არსად ჩანს. როდესაც ფასს იხდი, იძულებული ხარ, ის ფული არ დაკარგო და დროულად ამოიღო; ხოლო როდესაც ინვესტორი არაფერს იხდის, ის აღებულ ვალდებულებას ან შეასრულებს ან არა", - ამბობს გია ხუხაშვილი.

შეუსრულებელი ვალდებულებები კი საქართველოში მრავლადაა, რომლისთვისაც ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ისჯებიან. უახლოეს წარსულში გაჩუქებული ქონების ნუსხა მხოლოდ ამით არ ამოიწურება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში მთავრობამ მარტო აჭარაში პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა.

საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების ტენდენცია უცნობ, უცხოურ კომპანიებზე; ანუ საქართველოს ტერიტორიებს, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს ჩუქნიან, რომლის უკან გავლენიანი ქართველები ან გავლენიანი ქართველების უცხოელი მეგობრები დგანან. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოში ქონების შესაძენად, ადგილზე რეგისტრაცია სჭირდება. შესაბამისად, ისინი რეგისტრირდებიან ხელშეკრულების დადებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე.

"აქედან გამომდინარე, ძნელია შემოწმდეს რამდენად სანდოა აღნიშნული კომპანიები, ასევე ძნელია მონიტორინგი გავუწიოთ ფინანსების წარმომავლობას, რადგან ჩვენ მოგვეპოვება ინფორმაცია მხოლოდ ამ იურიდიული პირების და არა თვითონ მფლობელების შესახებ", - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011 წლის 18 თებერვალს შპს "ფვწპ პუწკპშფ,"-ს ერთ ლარად გადაეცა 1621 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს "ფვწპ პუწკპშფ", 2010 წლის 16 სექტემბერს ბათუმში დარეგისტრირდა და მის დირექტორად მიხეილ ძოძუაშვილია მოხსენიებული. შპს-ს 100%-იან წილს აზერბაიჯანის მოქალაქე მუსა სულეიმანოვი ფლობს, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს.

2011 წლის 17 ივნისს ასევე ერთ ლარად გასხვისდა ქ. ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ (ახალი ბულვარი, სასტუმრო "მარინას" და აკვაპარკს შორის) 9900 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ინვესტორი აზერბაიჯანის მოქალაქე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარი ზარიფა ჰამზაევაა.

ხელშეკრულების თანახმად, ჰამზაევა ვალდებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 20 თვის განმავლობაში ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ჯერჯერობით მშენებლობა დაწყებული არ არის.

საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად აჭარაში პეტრას ციხის 1 ლარად გასხვისებას აღიქვამს. აჭარის მთავრობამ ისტორიული ციხე 3 200 კვ/მ ფართთან ერთად, უკრაინულ კომპანია "ჯორჯიან ინვესთ კომპანის" 43-წლიანი მართვის უფლებით გადასცა. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე ნახევარი მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილ ხელმძღვანელ ირაკლი ჩავლეიშვილს დაუშვებლად მიაჩნია ბიზანტიური პერიოდის ანბანის, მე-6 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთებისა და მე-16 საუკუნის ერთნავიანი ბაზილიკის, მათთან ერთად სხვა ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშების გასხვისება.

"გასულ ზაფხულს "ჯორჯიან ინვესთ კომპანის" წარმომადგენლები პრეზიდენტთან ერთად გადაადგილდებოდნენ პეტრას ციხესთან. თითქოსდა, სწორედ ამ დროს შესთავაზა პრეზიდენტმა უცხოელებს აღნიშნული ადგილი, თითქოს ეს ისტორიული ადგილი პრეზიდენტის საუფლისწულო ყოფილიყოს", - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ასე რომ, ქვეყანაში, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოში ნომერ პირველია, კერძო მფლობელების დაწიოკება გრძელდება. სპეციალისტების განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ყაჩაღის როლი შეითავსა, ჩინოვნიკებსა და მათ ახლობლებს სახელმწიფო და კერძო საკუთრებას უშურველად ჩუქნის.