კრემლი აფხაზეთში ვითარების კონტროლისთვის დამატებით ბერკეტებს იგდებს ხელში. ამის დასტურია ბაღაფშის მარიონეტულ რეჟიმსა და „როსნეფტს“ შორის ნავთობის მოპოვებაზე გაფორმებული ხელშეკრულება.
ექსპერტების თქმით, „როსნეფტი“, ისევე როგორც „გაზპრომი“ კრემლის მიერ საკუთარი პოლიტიკის ლობირებისთვის და ამ პროცესის უზრუნველსაყოფად ევროპელი და პოსტსაბჭოთა მაღალი რანგის ჩინოვნიკების მოსყიდვის მიზნით არის შექმნილი.
„რუსული კომპანია „როსნეფტის“ აფხაზეთში ქმედებები ეკოლოგიური კუთხით სერიოზული ხიფათის შემცველია“, – ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ „როსნეფტის“ მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან ერთად შავი ზღვის შელფის დამუშავების ინიციატივის შეფასებისას გააკეთა.
„ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ყოველთვის ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რადგან ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯები განვახორციელოთ. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე ისინიც დაინტერესებულები არიან, რომ მსგავს უკანონო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი“, - აღნიშნავს კალანდაძე და აქვე დასძენს, რომ რუსული კომპანიის უკანონო ქმედებები ეკოლოგიური თვალსაზრისით სახიფათოა და საერთაშორისო თვალსაზრისით გაუმართლებელი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ მსგავს უკანონო ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
როგორც ცნობილია, რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმა“ მზადყოფნა გამოთქვა მიჰყიდოს ბენზინი აფხაზეთს, მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთთან ერთად შავი ზღვის შელფის დამუშავებაში და აფხაზეთში ახალი სახსრები ჩადოს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება 2009 წლის 24 დეკემბერს გააფორმეს.
რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.
საერთო ჯამში „როსნეფტი“ აფხაზეთში 15 მილიარდი რუბლის ინვესტიციის დაბანდებას აპირებს. კომპანიამ რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური ამ დღეებში უკვე გახსნა. აღნიშნული ინფორმაცია სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
ბაღაფში აცხადებს, რომ „როსნეფტის“ მიერ აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების გახსნა 100%-ით ეკონომიკური პროექტია და პოლიტიკა არაფერ შუაშია. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პროექტი ნაწილობრივ სარეკლამოც იყო.
ბაღაფშის განცხადებით, სოხუმის რეჟიმი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ „ვნეშტორგბანკთანაც“.
„ვფიქრობ, აფხაზეთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და თუკი „როსნეფტი“ შემოვიდა, იმას ნიშნავს, რომ ეს მისთვის მომგებიანია. ახლა ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს – მოზღვავება ცოტა უნდა შევაჩეროთ და ის პროექტები შევარჩიოთ, რომლებიც ინვესტორისთვისაც მომგებიანია და - ჩვენთვისაც“, - აცხადებს ბაღაფში.
„პრეზიდენტმა“ ისაუბრა შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთის შელფზე ნავთობის ძიების შესაძლებლობის შესახებაც. ბაღაფშის ინფორმაციით, ნავთობის ძირითადი მარაგი სოხუმიდან გაგრამდე - გუდაუთის ღრმულშია. ნავთობის ძიების სამუშაოებს „როსნეფტი“ უკვე იწყებს.
„მიმდინარეობს მუშაობისთვის ტერიტორიის გამოყოფა, შემოაქვთ აღჭურვილობა. ჯერ სამუშაოები გუდაუთასა და ახალ ათონს შორის იგეგმება“, - აცხადებს ბაღაფში.
„როსნეფტი“ აფხაზეთში დამატებითი სახსრტების ჩასადებადაც მზადყოფნას გამოთქვამს: „როსნეფტმა“ უკვე შეიტანა საინვესტიციო შენატანი ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობის საქმეში და ეს დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარია“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ედუარდ ხუდაინატოვმა. მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების გახსნით, კომპანიამ აფხაზეთის საგადასახადო ბიუჯეტში 60 მილიონი რუსული რუბლი შეიტანა.
„როსნეფტი აფხაზეთის ხელისუფლებასთან პარტნიორობით რესპუბლიკაში ინვესტიციებით მყარად შევიდა და უკვე შედეგებზე ანგარიშის გაკეთებაც შეუძლია“, – აცხადებს ხუდაინატოვი.
მისივე თქმით, ამჟამად ტრავერსზე იმყოფება ორი გეოგრაფიული გემი, რომელიც შავი ზღვის შელფზე სეისმიკას ამოწმებს. ამიტომაც ჩვენ აქ მხოლოდ იმიტომ კი არ დავდივართ, რომ თქვენ ბენზინი მოგყიდოთ, ჩვენ მომავალშიც გვინდა მოგებაში ფულის ჩადება, თქვენთან ერთად მოგებაში. ეს ინტეგრირებული და სერიოზული შემოსვლაა“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ეს სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია.
„ექსპერტთა კლუბში“ აცხადებენ, რომ „როსნეფტი“ აფხაზეთში ძირითადი მიზნების განხორციელებას შეუდგა.
„ავტოგასამართი სადგურების მშნებლობების გარდა, „როსნეფტს“ აფხაზეთში სხვა არაფერი აინტერესებს. ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ რუსული კომპანიის ძირითად მიზანს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, ნავთობპროდუქტების შემოტანის და გასაღების ქსელის ხელში ჩაგდება წარმოადგენს, რაც არაკონკურენტუნარიან ადგილობრივ ბიზნესს დაასამარებს“ - აცხადებს „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი გოჩა გვარამია.
ექსპერტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „შავი ზღვის შელფზე ნავთობი მართლაც არსებობს, მაგრამ დაბალი ხარისხისა და მცირე მოცულობის გამო მისი მოპოვება იმდენად არარენტაბელურია, რომ თავის დროზე რუსულმა კომპანია „ლუკოილმა“ უარი თქვა ამ განზრახვაზე“.
აქედან გამომდინარე, გვარამიას თქმით, „ბაღაფშის მარიონეტულ რეჟიმსა და „როსნეფტს“ შორის თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულება თამამად შეიძლება, შეფასდეს, როგორც პოლიტიკური გარიგება, რაც რუსეთს აფხაზეთში ვითარების კონტროლისთვის დამატებით ბერკეტს აძლევს“.
მისივე მტკიცებით, რუსეთში „როსნეფტის“ მსგავსი კომპანიები სწორედ ამ მიზნებისათვის არის შექმნილი. მაგალითისთვის იგი „გაზპრომს“ ასახელებს.
„კომპანია „გაზპრომი“ კრემლის მიერ დასავლეთში, კერძოდ ევროპაში საკუთარი პოლიტიკის ლობირებისთვის და ამ პროცესის უზრუნველყოფისათვის უცხოელი მაღალი რანგის ჩინოვნიკების მოსყიდვის მიზნით არის შექმნილი, ხოლო „როსნეფტი“, თავისი შედარებით მცირე კაპიტალით პოსტაბჭოთა სივრცეში და კონფლიქტურ რეგიონებში სამოქმედოდ არის გამწესებული“ - აცხადებს გოჩა გვარამია.
რაც შეეხება უფრო დაწვრილებით „როსნეფტი“-ს პროექტის ე.წ. რენტაბელობის საკითხს:
– ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს „ლუკოილ“-მა და „როსნეფტ“-მა ერთობლივი შპს „პრიაზოვნეფტი“ ჩამოაყალიბეს, რომელმაც, აზოვის ზღვის შელფის გეოლოგიური შესწავლის თაობაზე ნებართვის აღების მიზნით, 2002 წელს რუსეთის ფედერაციის ბუნების რესურსების სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართა. წარდგენილი პროექტი აზოვის ზღვის შელფზე სეიმოსლოგიური სადაზვერვო კვლევებისა და სამი საძიებო ჭის ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარების სალიცენზიო ფართობი 5 430 კვადრატულ კილომერტს მოიცავდა, ხოლო ამ სამუშაოების ბიუჯეტი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. გრაფიკის გათვალისწინებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად უკვე 2007 წელს აზოვის ზღვის შელფზე ნავთობი აღმოჩენილი იქნა და დღეისათვის მისი ათვისების სამუშოები მიმდინარეობს.
როგორც ვხედავთ, აფხაზეთში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით გაუმართლებელი ზარალის გაღებაზე „ლუკოილი“ უარს აცხადებს, თუმცა, შავი ზღვის ნავთობის ათვისებაში აზოვის პროექტში მისი პარტნიორი კომპანია - „როსნეფტი“ მაინც თანხმდება საქართველოს აკვატორიაში, კერძოდ ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის მოპოვებით დაკავდეს. ამასთან, „როსნეფტი“ იმასაც აცხადებს, რომ მზადაა დაიწყოს სამძებრო ბურღვითი სამუშაოები, თუ უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში სეისმოაკუსტიკური დაზვერვა აღმოაჩენს სტრუქტურებს, რომლებიც, შესაბამისი გათვლების გათვალისწინებით, შემდგომი სამუშაოების გაგრძელების რენტაბელურობას დაამტკიცებს.
ამჯერად, სრული სურათის მისაღებად, აზოვისა და ოკუპირებული აფხაზეთის შელფებზე ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობითი და ფინანსური თანაფარდობა გავაკეთოდ.
„როსნეფტი“-ს წარმომადგენელი და „РН-Шельф Абхазии“-ს დირექტორის ვადიმ ივანცოვის განცხადებით, აფხაზეთში, 2 500 კვადრატული კილომეტრი სალიცენზიო შელფზე ჩასატარებელი დაზვერვითი სამუშოებისათვის კომპანია დაახლოებით 10 მილიარდ რუბლამდე (დაახლოებით 350 მლნ. აშშ დოლარი) დახარჯვას აპირებს. უფრო გასაგები სიტყვებით რომ ვთქვათ, აზოვის პროექტთან შედარებით „როსნეფტ“-ს აფხაზეთში 2,172 კვადრატული კილომეტრით ნაკლებ ფართობზე ჩასატარებელი ანალოგიური სამუშაოები 3,5-ჯერ უფრო ძვირი უჯდება. საინტერესოა, ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში რამდენად ძვირი დაუჯდება „როსნეფტს“ უშუალოდ მისი მოპოვება? ყველაფერი ამის შემდეგ ბოგდანჩიკოვი და ბაღაფში კიდევ საუბრობენ აფხაზეთის, როგროც ნავთობმომპოვებელი „ქვეყნის“ პერსპექტივაზე?!
მაშინ, როდესაც მსოფლიო ფასების ბუმის პერიოდში „ლუკოილმა“ აფხაზეთში მისი მოპოვება იდეის დონეზეც კი არარენტაბელურად აღიარა, დღეისათვის „შავ ოქროზე“ დაბალი ფასების პირობებში იქნებ ბაღაშმა და ბოგდანჩიკოვმა საერთო გაანგარიშებებით და უშუალოდ ციფრებით ის მაინც აგვიხსნან რა შანსი გააჩნია აფხაზეთში მოპოვებულ ნავთობს, მომგებიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნულოვანი ბალანსი მაინც რომ შეინარჩუნოს? მაგრამ ისედაც ნათელია, რომ ასეთ გაანგარიშებების წარმოდგენას არავინ აპირებს, ვინაიდან ამ პროექტის ეკონომიკური გათვლების საფუძველზე კომერციული რენტაბელობის ნებისმიერი დამტკიცების მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდება.
თუ ვინმეს სურს „როსნეფტი“-ს ქმედებებში ლოგიკა დაინახოს, ყურადღება მისაქცევია არა კომერციულ, არამედ ამ პროექტის პოლიტიკურ მხარეზე. კომერციული ზარალი პროექტის „პოლიტიკური შენაძენების“ ხარჯზე ბალანსირდება. „როსნეფტი“ აფხაზეთში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას თავისი სრული კონტროლის ქვეშ იღებს. საწვავზე ფასების მანიპულირება (საწვავზე ფასების მატება პირველი აუცილებლობის საგნებზე და სოფლის მეურნების პროდუქციაზე ფასების მატებას იწვევწს) „პოლიტიკური აუცილებლობიდან“ გამომდინარე, საშუალებას აძლევს დაძაბოს სიტუაცია.
ანუ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის განწყობილებების მანიპულირების და სურვილისამებრ სოციალური კრიზისის გამოწვევის მიზნით, რომლის დროსაც იოლია პოლიტიკური დივიდენდების მიღება, მოსკოვი ზემოქმედების კიდევ ერთ სერიოზულ ბერკეტს იძენს. აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ნავთობის მოპოვება მათ მთავარ, ტურისტული ბიზნესის შემოსავლების გარეშე დატოვებს. როგორც იტყვიან - ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს!
თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც მთლად ისეა ბოლომდე საქმე, როგორც ეს კრემლში სურთ. არსებული რეჟიმის რუსეთისადმი უსიტყვო მორჩილებით უკმაყოფილოთა პროტესტული მასა აფხაზეთში მაინც არსებობს. ამის დასტურად შეიძლება ჟურნალისტ სემიონ პეგოვის სიტყვები მოვიყვანოთ: „აფხაზეთში „როსნეფტი“-ს შემოსვლას ყველა ადგილობრივი ბიზნესმენი და გასამართი სადგურების მფლობელი როდი ხვდება სიხარულით...
არაერთხელ გაჟღერებულა მოსაზრება, რომ უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას ადგილობრივი ბიზნესისა და მეწარმეებისათვის დაეჭირა მხარი, ვიდრე ნაციონალური ეკონომიკის ეს სექტორი თუნდაც რუსული, მაგრამ მაინც უცხოური კომპანიისათვის გადაეცა...“.
ისე, კი, რა სიკეთეს უნდა ელოდო სახელმწიფო კომპანიისაგან, რომელმაც, თუ გავაანალიზებთ მისი განვითარების ისტორიას (განსაკუთრებით 1998 წლის დასაწყისიდან. სწორედ ამ პერიოდიდან, ფსბ-ს ხელმძღვანელად დანიშვნიდან იწყება პუტინის კარიერის აღმასვლა), თავისი „წარმატებული კომპანიის“ იმიჯი სხვის გვამებზე სიარულით შექმნა.
რას ვიზამთ, მარიონეტები იმიტომაც არიან მარიონეტები, რომ ისინი სხვისი ხელებით იმერთებიან. მართალია ზოგს ეს პროცესი მოსწონს, მაგრამ უმეტესობას - არა. აფხაზები ამ ხვედრს მხოლოდ საკუთარი ძალებით თუ დააღწევენ. იქნებ აფხაზურ საზოგადოებაში ბოლოს და ბოლოს გაიღვიძოს სურვილმა გაიაზრონ წარსული, საღად შეხოდონ არჩეულ გზას და კითხვებზე - ვინ? რა მოხდა? რატომ მოხდა? რა ვაკეთოთ? - პასუხის გაცემით, მიმდინარე პროცესებს ადეკვატური შეფასება მისცენ, – აცხადებს გოჩა გვარამია.