აშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას უკვე ღიად მხარს უჭერს. ვაშინგტონი მოსკოვის მსო–ში შესვლისთვის „კრეატიული გადაწყვეტილების“ აუცილებლობაზე საუბრობს. თბილისში კი ამბობენ, რომ ის „რაც ამერიკელებისთვის კრეატიულია, შესაძლოა, ჩვენთვის კრეატიული საერთოდაც არ იყოს“.
საქართველო რუსეთს მწვანეს არ აუნთებს, სანამ წაყენებული პირობები არ შესრულდება. მთავარი მოთხოვნა ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებაა. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს საბოლოო პოზიციაა.
თუმცა ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ საქართველოს მთავრობა რთული არჩევანის წინაშე დგას. მაგრამ არც ამერიკისგან ელიან, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების სასარგებლოდ ქართული მხრიდან სრულიად უპირობო ნაბიჯი მოითხოვოს.
– მოსკოვი და ვაშინგტონი იმედოვნებენ, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე წინააღმდეგობრივი არ იქნება, – რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ლორენს სამერსმა განაცხადა.
„ჩვენ ვაღიარეთ კრეატიული გადაწყვეტილებების აუცილებლობა, რომელიც დაგვეხმარებოდა, რომ საქართველოში ვითარება რუსეთის ორგანიზაციაში ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობად არ იქცეს“, - განაცხდა სამერსმა რუსეთის ვიცე პრემიერ იგორ შუვალოვთან გამრთული მოლაპარაკებების შემდეგ.
მისივე თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება 12 თვის განმავლობაში დასრულდება. ამასთან, სამერმა დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის სიხარული ჯერ ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.
„საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრესკონფერენციაზე სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ შეკითხვას თუ როგორი იქნება საქართველოს პოზიცია რუსეთის ვმო-ში გაწვრიანებათან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებათან დაკავშირებით აშშ-მა და რუსეთმა მოლაპარაკებები დაასრულეს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების საბოლოო პოზიციაა.
„საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მანამდე ვიდრე არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს. მათ შორის ეს ეხება საბაჟო გამშვები პუნქტების თემას და იმ საკითხების მთელ სპექტრს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
– საქართველოს პოზიცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და ერთადერთი მთავარი პირობა ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკემა, ნიკო მჭედლიშვილმა განახცადა.
პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ამერიკის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, ლორენს სამერსის განცხადებაზე კომენტირებისგან თავი შეიკავა და პრემიერის პოზიცია „ინტერნერსნიუსთან“ საუბარში მისმა პრესსპიკერმა დააფიქსირა.
„რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვემხრობით, რადგან ეს არის ცივილური წესებით მოთამაშე ორგანიზაცია და შესაბამისად, თუკი რუსეთი გახდება მისი წევრი, ცივილურ ქვეყანას დაემსგავსება. არის ერთადერთი პირობა ჩვენი მხრიდან - ფსოუსა და როკის გვირაბებთან საბაჟო-გამშვები პუქნტების ლეგალიზება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ნიკო მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ პერევიდან რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს მხარდაჭერის საპირწონე არავითარ შემთხვევაში არ იქნება.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ის, რაც ამერიკელებისთვის კრეატიულია, შესაძლოა, საქართველოსთვის კრეატიული საერთოდაც არ იყოს.
თუმცა, ის, რომ რუსეთი მართლაც უნდა იყოს ვმო-ს წევრი, ექსპერტის აზრით, სწორი მიმართულებით დასმული საკითხია.
„რუსეთი მართლაც უნდა იყოს ვმო-ს წევრი მთელი რიგი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა, კი იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო ახლოს გეყოლება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივია, აკონტროლო იგი და მასთან დაკავშირებული პროცესები. საქართველომ ჯიუტი ბავშვივით ფეხების ბაკუნი ამ მიმართულებით არ უნდა დაიწყოს, მაგრამ დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს რუსეთის გარკვეულ პირობებზე წამოყვანა ვმო-ში გაწევრიანებაზე დათანხმების სანაცვლოდ“, - აცხადებს კალანდაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პერევიდან ჯარის გაყვანა, თავისი მასშტაბით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის ადექვატური ნაბიჯი არ არის. თუმცა, კალანდაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში საქართველოს ინტერესებშიც შედის.
„რუსეთმა ვმო-ში ყოფნით უნდა დაიცვას ორგანიზაციის წესები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. თუ ის ამ პირობებს შეასრულებს, მაშინ ქართული პროდუქციის დაბლოკვისა და ეკონომიკური პროცესების შესაფერხებლად ხელოვნური პოლიტიკური ბარიერების გამოყენების იურიდიული და ლეგალური საფუძველი აღარ ექნება“, - აღნიშნავს კალანდაძე.
თუმცა, ექსპერტის თქმით, რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამ ორგანიზაციის პირობებს დაიცავს.
„რუსეთი არის ძალიან სპეციფიკური ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ იგი ვმო-ს პირობებს დაიცავს. სრულიად შესაძლებელია რუსეთმა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ეკონომიკურ ნორმებს, ვმო-ს პირობებსაც გვერდი აუაროს და გარკვეული იგნორირება მოახდინოს“, - აცხადებს კალანდაძე.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ძნელი გასაგებია, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ტერმინ „კრეატიულში“ .
„რა იგულისხმებოდა ტერმინ კრეატიულში, ძნელი სათქმელია. უნდა ვისაუბროთ იმაზე, წაიღებს თუ არა უკან სიტყვას საქართველოს მთავრობა. ჩვენი მთავრობა რთული არჩევანის წინაშე დგას, მაგრამ არც ამერიკისგან ველით, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების სასარგებლოდ ქართული მხრიდან სრულიად უპირობო ნაბიჯი მოითხოვოს.
უპირველეს ყოვლისა, აშშ-მ, როგორც ორგანიზაციის ყველა წევრმა, პატივი უნდა სცეს ორგანიზაციის წესდებას. ამ წესდების ფარგლებში რა შესაძლებლობებს ხედავს ბატონი ეკონომიკური მრჩეველი, ჯობდა, ამაზე ცოტა უფრო ღიად ესაუბრა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ცისკარიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, პერევიდან ჯარის გაყვანა რუსეთს ამ მხრივ არგუმენტად არ გამოადგება.
„ეს სასაცილო და არასერიოზული არგუმენტი იქნებოდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პერევიდან გასვლით რუსეთის მიერ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების პირობების შესრულება სამუდამოდ დასრულდა. ამ განცხადებაზეც რომ გაეკეთებინა კომენტარი ბატონი ობამას მრჩეველს, არ იქნებოდა ურიგო. მაშინ კიდევ რაღაც ბალანსის იმედი გვექნებოდა“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.