საქართველოში უმუშევართა რიგები ისევ იზრდება, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით ასეთი შემთხვევები მომსახურების სფეროში ფიქსირდება. მაგალითად, „მეტრომანის“ ამოქმედების შედეგად სამსახური უკვე დაკარგა მეტროპოლიტენის 62-მა მოლარემ და გამორიცხული არ არის, რომ ასეთივე ბედი სხვებმაც გაიზიარონ.
გარდა ამისა, სამსახურის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რამდენადაც უახლოეს მომავალში დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობაზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რაც, როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, „მარშუტკების“ შემცირებას გამოიწვევს.
როგორც ჩანს, 2008 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისის გამო უმუშევართა რიგების გაზრდა საქართველოში ისევ გრძელდება. თუ მანამდე თანამშრომლებს ბანკებიდან და სხვადასხვა კომპანიებიდან ითხოვდნენ, დღეს ეს უკვე მომსახურების სფეროში დასაქმებულებს ემუქრებათ. თბილისში მოქმედი რამდენიმე სილამაზის სალონი უკვე დაიხურა, ამბობენ, რომ მიზეზი კლიენტების სიმცირე იყო.
„როდესაც დღეში საშუალოდ 3 კლიენტი შემოდის თმის შესაჭრელად თუ დასავარცხნად, რა თქმა უნდა, ასე სალონი ვერ იმუშავებს. რა ფასიც არ უნდა დაადო ნებისმიერ მომსახურებას, ის სალონს ვერ შეინახავს, სტილისტსაც ხომ უნდა ხელფასი. ამიტომ დავხურე სალონი და ასეთივე გადაწყვეტილება ვიცი, რომ ბევრმა სალონის მეპატრონემ მიიღო“, - განაცხადა ერთ-ერთი სალონის მეპატრონემ, რომელმაც საკუთარი ბიზნესი სულ რამდენიმე დღის წინათ შეაჩერა.
ახლახან სამსახური დაკარგა მეტროპოლიტენის 62-მა თანამშრომელმა. ამის მიზეზი კი, როგორც გაირკვა, „მეტრომანი“-ს ამოქმედება გახდა. როგორც „მეტრომანი“-ს პროექტის რეალიზატორი კომპანიის - „მეტრო-სერვის+“-ის ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ფატი მდინარაძემ განაცხადა, 1-ლი ოქტომბრიდან „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლამ მეტროს სადგურებში დასაქმებული მოლარეების ოპტიმიზაცია გამოიწვია.
„მეტროს სადგურებში სულ 191 მოლარე მუშაობდა, მაგრამ „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლის შედეგად კომპანიას თანამშრომელთა გარკვეული ოპტიმიზაციის განხორციელება მოუწია. კერძოდ, 62 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, 4 კი სხვა პოზიციებზე გადანაწილდა. დღეისათვის მეტროს სადგურებში სულ 125 მოლარე მუშაობს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, „მეტრო-სერვის+“-ში ვერ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა მოლარეთა რაოდენობის შემცირება მომავალში. „მეტრომანი“-ს სისტემაზე გადასვლა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, ამდენად ეს ახალი ამბავია და შესაბამისად, კადრების შესაძლო შემცირებაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საბარათე სისტემის შემოღების მიუხედავად, მოლარეები მაინც გვჭირდება, რადგან «მეტრომანის» რეალიზაციას ისინი ახორციელებენ“, - განმარტა მდინარაძემ.
მისგან განსხვავებით, თბილისის მეტროს სადგურებში დასაქმებული მოლარეები შემცირების შემდეგ ტალღას არ გამორიცხავენ.
„თანამშრომელთა ნაწილი უკვე გაათავისუფლეს და მალე ალბათ, ჩვენი ჯერიც დადგება, რადგან თურმე, ახალი აპარატები შემოაქვთ და ჩვენ დანიშნულების გარეშე ვრჩებით“, - აცხადებენ მეტროს მოლარეები.
გარდა მეტროსადგურის მოლარეებისა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დაუსაქმებელი თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც დარჩნენ. ცნობილია, რომ მთავრობა დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებს, ეს კი მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. აღნიშნული ინიციატივით, საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვების გაცემის წესი იცვლება. სამარშუტო ტაქსების მძღოლებს მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის აღება მოუწევთ, რისთვისაც გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ და კონსკურში გაიმარჯვონ.
მთავრობის ოპონენტები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდება მონოპოლია და ის ადამიანები, რომლებიც დღეს სწორედ ამ სფეროში არიან დასაქმებულები სამსახურს დაკარგავენ.
„ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ ადამიანებს, ვინც ამ „მარშრუტკებით“ ირჩენენ თავს. საბოლოოდ კი ძალიან ბევრი ადამიანის ლუკმა-პურის გარეშე დარჩება. ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, რაც, რა თქმა უნდა, რიგითი ადამიანების ყოფას გააუარესებს, თორემ ხელისუფლების წევრებს ეს ნამდვილად არ აღელვებთ“, - განაცხადა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ.