ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა დაწვრილებით შეისწავლეს ინტერვიუები, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ბოლო კვირების განმავლობაში გულუხვად ურიგებდა პრესას. ისინი რუსული პოლიტიკის მთავარ კითხვაზე ეძებდნენ პასუხს: მიიღებს თუ არა პუტინი მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ თავის პროტეჟე მედვედევს კიდევ ერთი ვადით დატოვებს?
რა თქმა უნდა, უტყუარი მტკიცებულებები პუტინს მათთვის არ მიუცია (ამისთვის ის ძალიან ჭკვიანია), თუმცა ამავდროულად პრემიერ-მინისტრმა თავისი სტრატეგიული პროგრამის შესახებ ღიად და ამაყად განაცხადა. აღმოჩნდა რომ ეს პროგრამა აშკარად რეაქციული ხასიათისაა და პუნქტების მიხედვით უარყოფს პრეზიდენტ მედვედევის მიერ გამოცხადებული „მოდერნიზაციული დათბობის“ თითქმის ყველა ელემენტს, მათ შორის რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.
მედვედევი ქვეყნის ეკონომიკას „ქრონიკულად ჩამორჩენილს“, „პრიმიტიულს“, ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულს და ხალხის საჭიროებებთან არაადეკვატურს უწოდებს. მთელი რიგი წამყვანი დამოუკიდებელი რუსი ექსპერტების აზრით, რუსეთის ეკონომიკის ვარდნა სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდება. ეს ვარდნა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე მსოფლიო კრიზისმა ნავთობის ფასები შეამცირა. სწორედ ამიტომ, 2009 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.9%-მდე დაეცა, რაც ნებისმიერ სხვა დიდ ქვეყანაზე მაღალი მაჩვენებელია.
თუმცა პუტინის თვალსაზრისით, ქვეყანა „მყარად ვითარდება“ და მას არანაირი „დიდი პრობლემები“ არა აქვს. რა თქმა უნდა კრიზისი, რომელიც რუსეთის ეკონომიკასთან არანაირ კავშირში არ არის და „გარე“ მოვლენაა რუსეთის განვითარება შეაფერხა, მაგრამ მხოლოდ „უმნიშვნელოდ“. მთლიანობაში კი ნაციონალური ეკონომიკა „სწორ გზას“ ადგას.
მედვედევმა დაგმო „ქრონიკული“ კორუფცია, რომელმაც რუსეთი „გამოხრა“ და მასთან ბრძოლა თავისი საპრეზიდენტო რიტორიკის ლეიტმოტივად აქცია. მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, შანტაჟი, მეწარმეებზე ზეწოლა, რაც პუტინიზმის საყრდენს წარმოადგენს, ეკონომიკური პროგრესისთვის სტრუქტურულ დაბრკოლებად იქცა. ის ყვავის იმ სასტიკი კონტროლის წყალობით, რომელსაც მთავრობა ტელევიზიებზე ახორციელებს, ასევე ბეჭდურ მედიაში თვითცენზურის და დაშინებული ან მოსყიდული სასამართლოების გამო.
ამაზე პუტინის პასუხი ასეთია: დიახ, რუსეთში კორუფცია არის, მაგრამ ის ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს და მართალია მასთან ბრძოლა რუსეთში „ალბათ უფრო ეფექტურად შეიძლებოდა“, თუმცა ეს მაინც რთული საკითხია, რომელიც „ზედმიწევნით შესწავლას“ მოითხოვს.
მედვედევი ღრმა შეშფოთებას გამოსთქვამს რუსეთის მუსულმანური ჩრდილოეთ-კავკასიის პრობლემების გამო. რეგიონი სუსტად იმართება, აქ სიღარიბე და უმუშევრობაა გაბატონებული და ის ისლამისტი ფუნდამენტალისტების სასტიკი ტერორის მსხვერპლია. განსაკუთრებით, დაღესტანსა და ინგუშეთში დღე არ გადის ისე, რომ ტერორისტებმა ხელისუფლების წარმომადგენელი (მილიციელი, მოსამართლე, პროკურორი, ადგილობრივი ჩინოვნიკი) არ მოკლან. მედვედევს კავკასიაში შექმნილი სიტუაცია „ქვეყნის ყველაზე სერიოზულ შიდაპოლიტიკურ პრობლემად მიაჩნია“. ამ ზაფხულს რუსეთის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმა მისცა რეზოლუციას, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს და პუტინის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის „სამარცხვინო“ კულტს გმობს.
რას ფიქრობს ამ ყველაფერზე პუტინი? მისი თქმით ის, რაც ჩრდილოეთ-კავკასიაში ხდება არის არა ტერორიზმი „ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ „საკუთრების გადანაწილებაზე“ კლანებს შორის გაჩაღებული ბრძოლა“. კადიროვი კი არა მხოლოდ „მტკიცე და მებრძოლი ადამიანია“, არამედ „ყოჩაღიც“ და დამატებით „კარგი მეურნეც“.
მედვედევს აშფოთებს ის, რომ რუსები ფაქტობრივად „დაუცველები“ არიან ხელისუფლების „განუკითხაობის“ წინაშე და იტანჯებიან „თავისუფლების არ არსებობისა“ და უკანონობის გამო. ის „თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან პოლიტიკური კულტურის“ შექმნისკენ მოუწოდებს.
პუტინი კი გულწრფელად იწონებს მოსკოვის მილიციის მიერ დემოკრატიის მხარდამჭერი რამდენიმე ასეული ადამიანის რეგულარულ დარბევებს. ის ფიქრობს, რომ თუკი მომიტინგეები იგნორირებას უკეთებენ მოსკოვის ცენტრში ტრიუმფალურ მოედანზე მიტინგების მოწყობაზე აკრძალვას, მათ „თავში ხელკეტი უნდა მოხვდეთ“.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების „გადატვირთვას“, რაზეც მედვედევი პრეზიდენტ ობამასთან სამივე შეხვედრის დროს საუბრობდა, პუტინი ამტკიცებს რომ მას „ძალიან სურს გადატვირთვის სჯეროდეს“, თუმცა შეერთებული შტატები ხომ საქართველოს „აიარაღებს“ და მსგავსმა „შეირაღებამ“ ორი წლის წინ საქართველოს სამხრეთ-ოსეთზე თავდასხმის პროვოცირება მოახდინა? და შეერთებული შტატები რა, არ პირებს „რაკეტსაწინააღმდეგო“ სისტემის განთავსებას ევროპულ ქვეყნებში? „ამიტომ, სად არის ეს გადატვირთვა?“ – კითხულობს იგი.
როგორც ეს ინტერვიუები ცხადყოფს, რუსეთის მომავალზე პუტინის და მედვედევის შეხედულებებს შორის უფსკრული იმდენად დიდი და ღრმაა, რომ „პუტინი – 2012“-ზე პასუხი ძალიან მარტივია. როგორც ჩანს, პუტინი უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პუტინი ის კაცი არ არის, რომელიც მშვიდად დაელოდება 2018 წელს, როდესაც მედვედევის მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, რომ შეებრძოლოს იმას, რასაც ის პუტინიზმისგან სახიფათო გადახრებად მიიჩნევს.
რისი გაკეთება შეუძლია მედვედევს? ნიკიტა ხრუშჩოვის მსგავსად მას შეუძლია სცადოს და „სისტემის რეფორმა შიგნიდან“ მოახდინოს. ამ შემთხვევაში ის, სავარაუდოდ, ისეთივე სასტიკ წინაღმდეგობას შეხვდება კორუმპირებული და რეაქციული ბიუროკრატებისგან, როგორც ხრუშჩოვი. საბოლოო ჯამში კი დიდი ალბათობაა, რომ ეს 2012 წელს უუნარობის სამარცხვინო დემონსტრირებით და „გადადგომით“ დასრულდება.
ან რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია, როგორც ეს მიხეილ გორბაჩოვმა გააკეთა, მიმართოს დემოკრატიულ ოპოზიციას ან წელს დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილე რუსეთის საშუალო კლასის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებების გაზრდას, გუბერნატორების არჩევასთან დაბრუნებას და პუტინის გადაყენებას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან ცხადი ნაბიჯი იქნებოდა ოპოზიციური პარტიების და მოძრაობების თავისუფალი რეგისტრაცია მომავალი წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებზე და ხმების სამართლიანი დათვლა, ისევე როგორც ეს 1989 და 1990 წლებში მოხდა.
რა თქმა უნდა არსებობს მესამე, ლეონიდ ბრეჟნევის გზაც, რომელიც 18 წელი მართავდა ქვეყანას კორუმპირებული და შეზღუდული ნომენკლატურის თანხმობით, მაშინ როდესაც ქვეყანა სულ უფრო იძირებოდა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ჭაობში, თუმცა ბრეჟნევის პოლიტიკა სხვა პოლიტიკოსმა უკვე აირჩია – თუკი 2012 წელს პუტინი ორი ექვსწლიანი ვადით კვლავ კრემლში დაბრუნდება, 2024 წლისთვის ის ხელისუფლებაში ყოფნის ოცი წლისთავს გადაიხდის, რაც ბრეჟნევისაზე ორი წლით მეტია და როგორც ჩანს ანალოგიური შედეგებით.