საქართველოსთვის - საქართველოს გარეშე

საქართველოსთვის - საქართველოს გარეშე

„დასახლებული პუნქტიდან – პერევიდან რუსული სასაზღვრო პოსტის გაყვანით მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების თითქოსდა შეუსრულებლობის საკითხი საბოლოოდ დახურულია“,–ოფიციალური განცხადება დოვილის შეხვედრიდან უმოკლეს ვადაში გააკეთა სერგეი ლავროვის უწყებამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ იყო განცხადების ადრესატი.

 

ადრესატმა კი არც თავად დააყოვნა და იგევე დოვილიდან უპასუხა რუს მეგობრებს:  

„ქართულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება უნდა აიღოს, რუსეთი კი უნდა დათანხმდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროპელი დამკვირვებლების შეშვებას.“

 

საქართველო, როგორც ყოველთვის შეშფოთდა (დასავლეთისგან ისწავლა), სარკოზის ვერაფერი შეჰკადრა და კვლავ რუსეთს მისდგა, მიზეზი არ აქვს თუ რა?

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და იმ პარტნიორების შეურაცხყოფა და უპატივცემულობა, ვის წინაშეც რუსეთს ვალდებულებები აქვს აღებული“,– ამ განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გასცა პასუხი, ხოლო სარკოზის კიდევ ერთხელ შეახსენა: 

 

„შეთანხმება დაიდება მხოლოდ აგრესორ მხარესთან - რუსეთის ფედერაციასთან“.

 

მოკლედ ასე „შეხმატკბილებული“ ემუსაიფებოდნენ ერთმანეთს ქართულ–რუსულ–ფრანგული მხარე. ჩვენ კი ამ დიალოგის ქვეტექსტების წაკითხვა ფსიქოლოგს და პოლიტიკურ ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ. 

 

უამრავი ვერსია მოვისმინეთ იმის შესახებ, რატომ დათანხმდა რუსეთი პერევიდან ჯარების გაყვანას, თუმცა ყველა ვერსიას, თითქოს, დამაჯერებლობა აკლია. თქვენ რას ფიქრობთ და როგორია თქვენი ვერსია?

– პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ ვისმენთ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, რომ პერევიდან ჯარების გაყვანა ზეწოლის შედეგია. ამ დროს, ცოტა ხნით ადრე, ლოგიკის შედეგად ჩამომიყალიბდა პოზიცია, რომ რუსეთი დაიწყებდა ჯარების გაყვანას პერევიდან და არა მხოლოდ პერევიდან. საქმე ისაა, რომ დღეს რუსეთი ამ ტერიტორიების ანექსიაში არა მხოლოდ საკუთარი ჯარისთვის, არამედ იქ მაცხოვრები ადამიანებისთვის იხდის ფულს, ანუ, ეს რეგიონები რუსეთს ფაქტობრივად, კისერზე კიდია . ამიტომ, წესით, რუსეთმა, რომელიც განსხვავებით კომუნისტური რუსეთისგან, დღეს ფულს ითვლის, ეს პროცესი არ უნდა გაწელოს. მას უნდა მოუნდეს ამ რეგიონების თავიდან მოცილება, როგორც რეგიონებისა, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური ფუნქცია უკვე შეასრულეს.

 

ისე, რომ სავაჭრო თემად არ გახადოს?

– ეს რომ სავაჭრო თემად არ გახადოს, გამორიცხულია, რატომ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, თუ ამაში დამატებით რამეს არ მოიგებს?  – მაგრამ ივაჭრებს დასავლეთთან და არა საქართველოსთან. თუმცა, თავისთავად ეს პროცესი, მაინც, რუსეთის სტრატეგიის პირველი რგოლია და არა ზეწოლის შედეგი.

 

პერევის თემა შეიძლება იყოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, ვაჭრობის თემა?

– მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოსთან არ იჭერს საქმეს და პირდაპირ ამერიკასთან საუბრობს ამ თემაზე. რუსეთსაც ურჩევნია, რომ ამერიკამ უთხრას საქართველოს იყავი დამთმობიო. საქართველოსთვის დათმობის მოგება არაფრად ღირს იმასთან შედარებით, რამდენი მოგებაც შეიძლება მიიღოს ამერიკისაგან, რადგან იქ დასათმობი ბევრი პუნქტია და რუსეთსაც „სავაჭრო დახლი“   ამერიკასთან უდგას.

 

მართალია, რუსულ მედიაშიც გავრცელდა აზრი – პერევის დათმობა მსო–ში გაწევრიანების სანაცვლოდ მოხდა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ვაჭრობის ხაზი კიდევ სად გადის. ეს გახმაურებული თემაა, თორემ არ არის გამორიცხული, რომ ასევე გათამაშდა სარაკეტო დაცვითი სისტემების თემა, ან დავუშვათ, ავღანეთის , ან ირანის თემა და იქ გადაიდგა რუსეთის სასარგებლოდ ნაბიჯი, რომლის შედეგადად რუსეთმა პერევი დათმო. ასე რომ, მარტო სავაჭრო ორგანიზაციაზე ფიქსირება არ მგონია იყოს სწორი, მითუმეტეს, რომ ასეთ პოლიტიკურ თამაშში რუსეთისთვის ძირითადი პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და არა საქართველო, რომელსაც სხვა კარტი, გარდა სავაჭრო ორგანიზაციისა არ აქვს.

 

რახან ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ბარემ აქვე გკითხავთ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სვანეთში ამერიკული აეროდრომის მშენებლობა იგეგმება. გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და თუ ეს მართალია, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს რუსეთ–ამერიკას შორის ვაჭრობის თემას?

– ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ არ მესმის სვანეთში ამერიკული აეროდრომის გაკეთება რატომ უნდა იყოს ამერიკის ინტერესებში?

 

საუბარია გადანაწილებაზე – ახალგორი რუსეთის ბაზებს, კოდორი – ამერიკისთვის.

–სურათი – ბაზა–იქეთ, ბაზა–აქეთ, ცოტა ბავშვურად გამოიყურება. რაც შეეხება რუსული ბაზების საკითხს, თუ არ ვცდები, ეს საკითხი სხვა მხრიდან წამოტივტივდება, ევროპის შეიარაღების თემასთან დაკავშირებით. თავის დროზე,  აქედან ხომ რუსეთის ბაზები იმიტომ გაიყვანეს, რომ ასიმეტრიული იყო მათი განლაგება, ბალანსი რომ აღდგენილიყო ამიტომ ითხოვდა დასავლეთი, რომ რუსეთს ამ ფლანგიდან გაეყვანა ბაზები. თუკი ხელახლა შემოიყვანა ბაზები, საკითხიც ხელახლა დგება და მგონი, რუსეთის ბაზების საკითხს ხელახლა დააყენებს დასავლეთი, მითუმეტეს, რომ დღეს უფრო სერიოზულად გამოიყურება ეს ბაზები, ვიდრე – ადრე.

 

პერევიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ამ ფაქტით სარკოზის 6 პუნქტიანი შეთანხმება დაიხურა, ხოლო, მალე, მას სარკოზიც შეეხმიანა განცხადებით –„საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება უნდა აიღოს“. ეს რას ნიშნავს თემა მართლა დაიხურა?

– სარკოზიმ კი თქვა საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება უნდა აიღოსო, მაგრამ ის არ უთქვამს, რომ დახურულია ხელშეკრულებაო. რუსეთმა ყური იქედან მოაბა ქოთანს საიდანაც აწყობდა, მაგრამ „მექოთნე“ არ დათანხმებია ამ ვერსიას. რაც შეეხება თავდაუსხმელობის შესახებ პუნქტს, ეს თემა ადრეც ფიგურირებდა და ადრე, დასავლეთს არ ეკავა ისეთი მკაცრი პოზიცია, როგორც საქართველოს.

 

საქართველო ადრეც თანახმა იყო ხერლმოწერაზე, მაგრამ მას სირთულედ მიაჩნდა არა ხელმოწერა დოკუმენტზე, არამედ ის, თუ მეორე მხარე ვინ იქნებოდა. თუ მეორე მხარე იქნება აფხაზეთი, ან სამხრეთ ოსეთი, ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისი ხელმოწერით აღიარებს მათ დამოუკიდებლობას. ასეთი ირიბი აღიარება იყო საქართველოსთვის მიუღებელი და ამიტომ ითხოვდა, რომ ხელი რუსეთს მოეწერა.

 

ანუ, სარკოზი რას ითხოვს ჩვენგან? რუსეთი წავა იმაზე, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ მხარედ დაფიქსირდეს?

– რა თქმა უნდა არ წამოვა, სწორედ იმიტომ, რომ აიძულოს საქართველო გაკეთოს აღიარება, ეს  ხომ მისი ინსტრუმენტია, თორემ აფხაზებისა და ოსეთის უსაფრთხოებას რუსეთი სამხედრო ძალებით იცავს. ღიმილისმომგვრელია, რომ ამის გარდა ხელშეკრულებასაც ითხოვენ. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ თუ მოიძებნა ამ სირთულისგან გამოსავალი, ხელშეკრულება დასავლეთს მისცემს რუსეთზე ზემოქმედების საშუალებას – გააყვანინოს სამხედრო ფორმირებები. ამისთვის ხელშეკრულებას მოიყვანს გარანტად, რომ ოსებს და აფხაზებს აღარ დაემუქრებათ საფრთხე.

 

ამ ხელშეკრულების საკითხი კიდევ უფრო ღრმა ჩიხში ხომ არ შეიყვნს რუსეთ–საქართველოს თემას?

– არ არის გამორიცხული, ეს ხელშეკრულება დიდი ხანია კიდია საქართველოს თავზე, ჯერ კიდევ 90–ანი წლებიდან.

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთი ფულს ითვლის და მას არაფერში აწყობს ეს რეგიონები კისერზე ყავდეს ჩამოკიდებული. მაშინ რატომ ცდილობს რუსეთი საქართველოს აღიარებინოს მათი დამოუკიდებლობა, რეალურად ხომ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვერასოდეს გახდებიან დამოუკიდებლები და ისინი მუდმივად რუსეთის ქოლგის ქვეშ, მისსავე კისერზე იქნებიან ჩამოკიდებულები?

– რუსეთის ხელისუფლების გულში არ ვზივარ და ისწრაფვის თუ არა არ ვიცი. მეც რომ ამას ვამბობ, ვამბობ მოვლენათა ლოგიკიდან გამომდინარე. მოვლენათა ლოგიკა კი გვკარნახობს ამ მოლოდინს, მაგრამ რუსეთი ისე არ თმობს არაფერს, რომ არ შეინარჩუნოს მასზე გავლენის რაღაცა ფორმა. მეორე მხრივ, დავუშვათ რუსეთმა დაანება თავი ამ რეგიონებს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი დაუშვებს იქ ჯარების შეჭრას. ეს უკვე მისი ღირსების ნაბიჯია, რომ არ შებრუნდეს პროცესი, რომელიც წამოიწყო.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმ სახით, რა სახითაც საქართველოს უნდა, რუსეთი არ დაუშვებს, მაგრამ შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს შესთავაზოს ის იდეა, რომელმაც რამდენჯერმე გაიჟღერა რუსეთის ექსპერტულ წრეებში, მხედველობაში მაქვს კონფედერაციის, ან ფედერაციის თემა. შეიძლება რუსეთმა ეს ფორმა აიღოს, როგორც განახლებული სახელმწიფოებრივი მოწყობის თემა საქართველოსთვის. დაგიბრუნებს, მაგრამ არა, როგორც საქართველოს, არამედ, როგორც ფედერაციას. შეეკამათები და გეტყვის, რომ მე თვითონ ფედერაცია ვარ და შენ რა მოხდება, რომ ფედერაცია იყოო. შეიძლება რუსეთმა შემოგვთავაზოს მათი აღიარება იმ პირობით, რომ შემდეგ ისინი ხელს მოგვიწერენ ფედერაციულ სახელმწიფოზე.

 

როგორ ფიქრობთ საქართველო ასეთ პირობას მიიღებს?

– არ ვიცი საქართველო ასეთი პირობებისთვის რამდენად არის მზად, მაგრამ მეჩვენება, რომ ამგვარი წინადადება რუსეთის ერთადერთი შანსია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მხრივ, მას არ უდა უნდოდეს ფულის ტყუილად დაკარგვა, ხოლო მეორე მხრივ, თავისი პოლიტიკური სახის დაკარგვა, ამ ორი დანაკარგიდან თავის არიდების ერთადერთი შანსი, მეჩვენება, რომ არის ფედერაცია.

 

ეს ყველაფერი ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში განსახილველი საკითხი იქნება, იმის მიუხედავად, რომ ამაზე უკვე დაიწყო რუსეთმა ლაპარაკი?

– სხვათა შორის, პერევიდან ჯარის გაყვანაც მოულოდნელი საკითხი იყო და ამ ეტაპზე, არავინ ელოდა, რომ რუსეთი ამაზე წავიდოდა, მაგრამ რუსეთმა ამ ნაბიჯით ყველას გვაგრძნობინა, რომ პრინციპში ის დეოკუპაციის იმპულსს იძლევა. თუ ოკუპანტია და მისთვის ოკუპაციაა ამოცანა, მაშინ, მისთვის ყველა ტერიტორია უნდა იყოს დასაპყრობი, თბილისიდან დაწყებული, ხოლო რახან პერევს თმობს, ე.ი. ოკუპაციაში არ არის საქმე, რაღაც სხვაშია, უფრო რთულ თამაშში. რახან ეს გვაგრძნობინა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ცოტათი კარი შეაღო და ხვალ ლაპარაკი დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებით, ოღონდ დასავლეთთან და არა საქართველოსთან.

 

და, საქართველო მხოლოდ, პროცესების გარედან მაყურებელი უნდა იყოს?

– საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რა სცენარები შეიძლება გათამაშდეს, რა აწყობს, რა – არა და თვითონ რა სვლები აქვს ამ თამაშში. რეალურად, საქართველო ისეთ სიტუაციაში შევიდა,  სადაც მას პრაქტიკულად სვლები არ გააჩნია. დავუშვათ ფედერაციის იდეაზე იტყვი უარს და შეილება სამუდამოდ დაკარგო ეს ტერტორიები.  ფედერაციის ფორმა კი, სხვა თუ არაფერი, ამ ხალხთან ურთიერთობის საშუალებას მოგვცემს. მაგრამ არის ეს თემა კარგად და წესიერად მოფიქრებული, თუ ჩვენ რადიკლურ ვერსიას მივაწვებით ან – არაფერი, ან – ყველაფერი. იმ სამზარეულოში, სადაც ქართული პოლიტიკა ცხვება, არის თუ არა ეს საკითხები დამუშავებული, აი, ეს, ნამდვილად არ ვიცი.