თბილისი, საქართველო – თურქეთის საგარეო ორიენტაციის ცვლილება არა მხოლოდ ამ რეგიონის კონტურებს შეცვლის, არამედ შეიძლება დასავლეთს და მის ორბიტაზე მოხვედრის მსურველ ქვეყნებს იმაზე ფიქრი აიძულოს, თუ როგორ უნდა მოახდინონ ადაპტაცია ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. ანაკარას რეგიონალური ძალის და გავლენის ცენტრად გადაქცევას საქართველოსთვის განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება.
საქართველო თურქეთის მხოლოდ მეზობელი არ არის. მას ამ ქვეყანასთან ისტორია და გაცხოველებული ვაჭრობა აკავშირებს. ფაქტორია ასევე რთული გეოპოლიტიკური ურთიერთობა რუსეთს და საქართველოს შორის, რომლის გათვალისწინებაც თბილისს გათვლებისას უწევს. თურქული ტალღა საქართველოსთვის ჯერ–ჯერობითსახიფათო არ არის, მაგრამ ანკარას მომავალმა სტრატეგიულმა არჩევანმა თბილისს შეიძლება მოკავშირის არჩევა მანამდე აიძულოს, ვიდრე ის ამისთვის მზად იქნება.
თურქული გავლენის გაძლიერებას ბევრი მიმზიდველი მომენტიც აქვს. თუკი თურქეთი ადრე ნატოს მრავალწლიან რეგიონალურ საყრდენს წარმოადგენდა ალიანსის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, დღეს ის კომერციის, დიპლომატიის, კულტურისა და ენერგეტიკის რეგიონალური ცენტრია. მაგრამ თურქეთის გაძლიერებას თან ახლავს მისი ისტორიული პრიორიტეტების ცვლილების მცდელობები კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. ეს აღმოსავლეთისკენ „შემობრუნება“ საეჭვოა ერთჯერადი იყოს. თურქეთმა უკვე შეიცვალა პრიორიტეტები და ისრაელიდან თავის არაბ მეზობლებზე გადაერთო. მან დაიწყო თანამშრომლობა სომხეთთან, ასევე ძველ ქურთულ საკითხზეც ეძებს პასუხებს.
თურქეთის მიერ ევრაზიულ სივრცეში საკუთარი ადგილისა და როლის გადააზრება იმას ადასტურებს, რომ ის სულ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რეგიონალური ზესახელმწიფოს როლში, და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროგრესის ნიშანია, თუ „ნეოოსმანიზმის“. თურქეთის შენარჩუნება დასავლეთის მეორეხარისხოვანი მოქალაქის როლში (რაც აშკარად გამოჩნდა, როდესაც დაიმსხვრა ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების იმედები) ყოველთვის არარეალური იყო.
ამ პროცესში უსიამოვნო მომენტებიც გამოვლინდა, მათ შორის მთელი რიგი დრამატული საჯარო შეურაცხმყოფელი გამოხტომები ისრაელის მისამართით, რომელიც მანამდე თურქეთის მოკავშირე იყო. ირანთან გაძლიერებული და საკმაოდ შესამჩნევი თანამშრომლობის ფონზე, ანაკარას ასეთი პოზიცია, აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო, ხელს უწყობს იმ მოსაზრების განმტკიცებას, რომ თურქეთი, პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ერდოღანის “სამართლიანობის და განვითარების პარტიით” სათავეში, დასავლეთისთვის პრობლემების შექმნას იწყებს. ასეთი აზრები უჩნდებათ ისლამის ცნობილ ამერიკელ სპეციალისტებს, ასევე შეშინებულ ისრაელელებს, და ზოგიერთ თურქსაც კი.
დასავლელ ანალიტიკოსებს ღამე არ სძინავთ იმის შიშით, რომ თურქეთს არა მხოლოდ რელიგიური აღორძინების “ჭინთვები” აქვს, არამედ დასავლეთის მოკავშირიდან რაღაც სხვად გარდაიქმნება. ეს შიშები ძლიერდება ერთი მხრივ ანკარას აგრესიული მისწრაფებით, შექმნას ახლო აღმოსავლეთში თავისუფალი სავაჭრო ზონა, მასში თურქეთის, სირიის, ლიბანის და იორდანიის ჩართვით და მეორე მხრივ – მისი კავშირების განმტკიცებით ჩინეთთან, მათ შორის უპრეცენდენტო ერთობლივი სამხედრო–საავიაციო წვრთნებით და თურქეთში ჩინეთის პრემიერის ბოლოდროინდელი ვიზიტით.
თურქეთის რეგიონალური სტატუსის ზდასთან ერთად საქართველომ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მას ეს ქვეყანა სულ უფრო მძლავრად იზიდავს. თბილისის მიერ ევროატლანტიკური სტურუქტურებისადმი ერთგულებაზე დადებული ფიცის მიუხედავად, საქართველოს ისტორიული, კულტურული და მუდმივად მზარდი ეკონომიკური კავშირები თურქეთთან შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სულ უფრო დამოუკიდებელი ანკარას მიზიდულობის ძალამ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს მოსკოვს და ვაშინგტონს.
დღეს არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მთავრობა ამერიკისადმი კეთილგანწყობილია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, ცხოვრობდა და მუშაობდა აშშ–ში. ის არაორაზროვნად აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეთაყვანება და არ უყვარს საქართველოს უზარმაზარი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც მისთვის მტრად იქცა. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სააკაშვილის კაბინეტი დაკომპლექტებულია მსგავსი, დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსების, მეცნიერების და ტექნოკრატების მთელი კოჰორტით. საქართველოს მთავრობა ცდილობს დასავლეთთან დაახლოების ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას. ხოლო როდესაც ის ამას ვერ ახერხებს, თბილისი ცდილობს საქართველოში დასავლეთის მოზიდვას. მაგალითად, მან ქვეყანაში ათასზე მეტი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანის ამბიციური გეგმა შეიმუშავა.
შესაძლოა, თურქეთს არც გააჩნდეს ემოციურად ისეთი მიმზიდველი მოტივები, როგორიც აშშ–ს, ბრიტანეთს და საფრანგეთს, მაგრამ მისი გეოგრაფიული სიახლოვე საქართველოსთან, ასევე – დაინტერესება რეგიონალური სტაბილურობის მხარდაჭერით, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ დაანგრიოს ვაშინგტონის მონოპოლია საქართველოს ლიდერების მისწრაფებებსა და მიდრეკილებებზე. რადგან თბილისის განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე ახლო პერსპექტივაში აღარც განიხილება, თურქეთი, ისევე როგორც რუსეთი, საქართველოს თავისი ენერგეტიკული და დიპლომატიური სტრატეგიის მნიშვნელოვან შემადგენლად აღიქვამს. უფრო კონკრეტულად კი, ანკარას რეგიონალურმა მისწრაფებებმა, ასევე მისმა ისტორიულმა უნდობლობამ რუსეთის მიმართ, მოსკოვის გეგმები საქართველოს ფინეთიზაციაზე, შეიძლება მიუღებელ იდეად აქციოს. ბევრი ამერიკელისა და ევროპელისთვის საქართველო კიდევ ერთი შორეული ყოფილი საბრძოლო პოლიგონია. მაგრამ ევრაზიის ცენტრში მდებარე ზესახელმწიფოებისთვის, კავკასია, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, რეგიონალური სიმაღლეა.
ნატოს ორაზროვანი დაპირებებისა და თბილისისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უპასუხოდ დარჩენილი ქართული თხოვნების ფონზე, შეიძლება გაძლიერდეს იმის განცდა, რომ ანკარა საქართველოს სუვერენიტეტის და ინტერესების ყველაზე სანდო დამცველია. საქართველო დასავლეთს მუდმივად ვერ დაელოდება და მისი ვექტორის გადახრას ანკარასკენ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თბილისი მიესალმა გარიგებას ბირთვული საწვავის გაცვლაზე, რომელიც მიღწეულ იქნა თურქეთის და ბრაზილიის შუამავლობით და რომელიც საბოლოოდ დასავლეთმა დაიწუნა. ასეთი გადახრის კიდევ ერთი დადასტურებაა – სწრაფი დათბობა საქართველოსა და თეირანის ურთიერთობებში.
უახლოეს მომავალში საქართველო ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობაზე უარს არ იტყვის. ის არც თურქეთის ვასალად გადაქცევის პერსპექტივას დათანხმდება. მაგრამ თუკი მის მცდელობებში – მოხვდეს დასავლეთის ორბიტაზე – რეალური პროგრესი არ დაფიქსირდება, და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის საძულველი “ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკა” რუსეთთან ნაყოფს ისახმს, თბილისს შესაძლოა იძულებით გაუჩნდეს მოთხოვნილება მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორების უფრო აქტიური დივერსიფიკაცია მოახდინოს.
თბილისის და ანკარას უფრო ცხადი დაახლოების შემთხვევაში საქართველომ შეიძლება ეკონომიკური სარგებელი მიიღოს და უსაფრთხოების თვალსაზირისით პოზიციები განიმტკიცოს. ამავდროულად, ის საკუთარი თავისთვის უზრუნველყოფს კავშირების უფრო სწრაფ განვითარებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან. თუმცა, დასავლეთის გავლენის შემცირების შემთხვევაში თბილისის ელიტას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება შეანელოს ან შეწყვიტოს დემოკრატიული რეფორმები. ხოლო თუკი საქართველოს საგარეოპოლიტიკური შეხედულებების ვექტორი სხვა მიმართულებით გადაიხრება, მაშინ ამ ქვეყნის წვლილი ნატოს ძალებსა და სხვა საერთაშორისო მისიებში ალბათ შემცირდება. ამ შემთხვევაში კი მივიღებთ იმას, რომ დასავლეთი თავისი სტრატეგიული ახლომხედველობით ხელიდან გაუშვებს ისტორიის თვალსაზრისით არასასურველ ქართულ ნიადაგზე ლიბერალიზაციის ნერგების დარგვის შესაძლებლობას.
საქართველო, ისევე როგორც თურქეთი, ერთდროულად როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ქვეყანაა. ისევე, როგორც თურქეთის შემთხვევაში, არ შეიძლება ასი პროცენტით იმის მტკიცება, რომ საქართველო ყველაფრის ფასად შეეცდება გახდეს დასავლეთის ნაწილი. მართალია, დღეს ის დასავლეთის მოკავშირეა, თუმცა თბილისი შეიძლება ალტერნატივების ძიების აუცილებლობის წინაშე დადგეს, თუკი მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები მუდმივად წინააღმდეგობას შეხვდება. მაშინ მან შეიძლება თურქეთის მაგალითს მიბაძოს და განაცხდოს, რომ ის არც აღმოსავლეთის ნაწილია და დასავლეთის, არც მოკავშირეა და არც მტერი.