პერევის ”ორმაგი გაკვეთილი”

პერევის ”ორმაგი გაკვეთილი”

რუსი სამხედროების მიერ პერევის დატოვებასთან დაკავშირებით ესპერტები შეფასებებს აკეთებენ. რატომ "აღარ არის რუსებისთვის პერევი მნიშვნელოვანი", რა "გაკვეთილი ისწავლა" საქართველოს ხელისუფლებამ და როგორ უნდა დაიწყოს საქართველოს დეოკუპაცია. პრესა.გე ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

 

 მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

 

 ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ რუსი სამხედროების მიერ პერევის დატოვების ფაქტს?

- მე ამ ყველაფერს ზაფხულში ვვარაუდობდი. პერევი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ატარებს. პერევი აკავშირებს მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე სამხრეთ ოსურ ანკლავებს ერთმანეთთან. რუსებმა ახალი გზა ააშენეს, რომელიც გადის ოსურ სოფელ სინაგურაზე. ასე, რომ პერევის საჭიროება, როგორც ინფრასტრუქტურული ერთეულისა, მოიხსნა.

 

 თქვენი აზრით, რამდენად არის რუსეთის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი?

- რა თქმა უნდა, იყო დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლა, ასევე იმუშავეს ქართველმა დიპლომატებმა. შესაძლოა, ბევრი ვერსია არსებობდეს, დეკემბერში, წყდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის საკითხი.

 

რადგან არის ამერიკელების მხრიდან ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ამერიკელებს აწყობთ რუსეთის მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპელი ლიდერების ზეწოლა.

 

იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ პერევიდან სახმედროების გაყვანით რუსეთი ცდილობს, აჩვენოს, რომ ის კონსტრუქციულია?

- კონსტრიქციული ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმებას, მისი შესრულებისკენ ნაბიჯები მაინც უნდა გადადგას. პერევიდან რუსი სამხედროების გასვლა არ არის ის ნაბიჯი, რომელიც რუსეთის კონსტრუქციულობას გვაჩვენებდა.

 

ახალგორის საკითხზე რომ დაეწყოთ საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკება, შექმნილიყო მოლაპარაკების მაგიდასთან პირდაპირი ფორმატი, მაშინ გავიგებდი. პერევს დათმობდა თუ არ დათმობდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთო საქმისთვის არ ჰქონდა.

 

ნიშნავს თუ არა რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლა დეოკუპაციის პროცესის დაწყებას?

- ახლა, არ შემიძლია ჩავთვალო დეოკუპაციის დასაწყისად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნიშნები მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ახალგორთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პროცესის ნაწილი არ არის. ეს არის ერთი გადაწყვეტილება.

 

ესპერტი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ რუსი სამხედროების მიერ პერევის დატოვება არ შეიძლება იქცეს დეოკუპაციის დასაწყისად და იგი საფუძველს მოკლებულია.

 

სოსო ცისკარიშვილი:

- არასწორი იქნება, რომელიმე პიროვნების მიერ, ამ მიღწევის საკუთარ თავზე მიწერა. ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა წინდაუხედავმა განცხადებამ, რუსეთის გასული ჯარი უკან დაგვიბრუნა.

 

ახლა კი, შეიძლება ვთქვათ, რომ გაკვეთილი გვისწავლია, მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ზედმეტი აღტკინება არ შეინიშნება. რუსეთმა ჩათვალა, რომ სხვა ქვეყნის მხრიდან საკრიტიკებელი აქვს. იფიქრეს, არავისთვის მიეცათ საბაბი, რომ ეს იქნება მათი მხრიდან ფუნდამენტური ნაბიჯების დასაწყისი.