"სამეგრელო რამდენიმე ადამიანის სათარეშო ადგილად იქცა"

წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვითარება თანდათან იძაბება... საქართველოს რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" რეგიონული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი გვესაუბრება.

რით ახსნით, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" რეგიონებში ოფისებს ხსნის, თბილისში კი ამ მხრივ ნაკლებად აქტიურობთ?
- ვერ დაგეთანხმებით. "ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალი პარტიების თბილისის ოფისები მთელი დატვირთვით მუშაობს. ამასთანავე, დედაქალაქში მოქალაქეებთან, ამომრჩეველთან ჩვენი სათქმელის მიტანის მეტი საშუალება გვაქვს, რეგიონებში კი ინფორმაციული ვაკუუმია, ამიტომ ვჩქარობთ და ვცდილობთ, ეს ვაკუუმი შევავსოთ, გავხსნათ ოფისები. რაც შეეხება თბილისს, უახლოეს დღეებში ქალაქის ყველა რაიონში ამოქმედდება "ქართული ოცნების" ოფისი.

რომელ რეგიონში შეგხვდათ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ოფისის გახსნისას?
- რეგიონებში საკმაოდ რთული ვითარებაა. ხშირად მოქალაქეებს თავიანთი ქონების განკარგვის საშუალებაც არა აქვთ - ისინი თავს იკავებენ მიაქირაონ ფართობი ჩვენს კოალიციას. ყოფილა შემთხვევა, როცა მფლობელებს უკვე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა მოუთხოვიათ, პირგასამტეხლოს გადასახდელადაც კი იყვნენ მზად. ამგვარი შემთხვევები იყო რუსთავში, ქუთაისში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთშია... თუმცა სამეგრელოს რეგიონში - სენაკში, ხობში, ჩხოროწყუში უკვე გავხსენით ოფისები, უახლოეს დღეებში მარტვილში ჩავალთ.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ თქვენი მხარდამჭერების კონკრეტული დევნა-შევიწროების ფაქტები?
- ჩვენი თანამოაზრეების დევნა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, ვითარება დღითი დღე მწვავდება. შიდა ქართლში, განათლების სფეროში მომუშავე ყველა ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტივისტებთან, სამსახურიდან გაათავისუფლეს. აშინებენ, აშანტაჟებენ მათი ოჯახის წევრებს. გორის მე-9 საშუალო სკოლიდან დაითხოვეს პედაგოგი ია ბჟალავა, "თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წევრის მეუღლე;

ციცინო ჯავახიშვილი - ზემო ნიქოზის სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი (ზემო ნიქოზში პარტიის კოორდინატორის მეუღლე). მაგული ბესიაშვილი, ზერტის საჯარო სკოლის უცხო ენის პედაგოგი (სოფელ ზერტში პარტიის კოორდინატორის მეუღლე), შორენა მჭედლიძე, სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი (სოფელ შინდისის კოორდინატორის მეუღლე), აგრეთვე მადონა ხეთაგური, გორის კაფე "შარდენის" მიმტანი, მას კაფეს მეპატრონემ პირდაპირ მიუთითა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით აგდებდა.

ლაგოდეხში ჩვენი აქტივისტის, ზურაბ გამეზარდაშვილის დედა სკოლიდან გაათავისუფლეს. ასევე ექცევიან იმ ადამიანებს, ვინც გაზეთ "ქართულ ოცნებას" არიგებს. წყალტუბოში ბაზრის დირექციის წარმომადგენლებმა გამყიდველები გააფრთხილეს, ვინც არ უნდა მოვიდეს, გაზეთები არ გამოართვათო. ხალხს ემუქრებიან, - ბოროტ ძალას ნუ ემსახურებითო, მაგრამ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და სწორედ ამ ხალხის იმედით ვაპირებთ ოქტომბერში არჩევნების მოგებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი სამოქალაქო გმირობას სჩადიან, რადგან როცა ადამიანს დაუჭერენ ოჯახის წევრს, შვილს, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით და ის მაინც განაგრძობს ბრძოლას, ეს დიდი მუხტია სხვებისთვის... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შიში საბოლოოდ გავტეხეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაძლევად.

აღსანიშნავია, რომ ძალზე რთული ვითარებაა სამეგრელოში, სამწუხაროდ, საქართველოს ეს კუთხე რამდენიმე ადამიანის სათარეშო ადგილად იქცა. ამ ადამიანებს სამეგრელო თავიანთი სამფლობელო ჰგონიათ, სადაც სხვა არავინ უნდა შევიდეს. კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით გარკვეული წინსვლა არის, მაგრამ უმძიმესი სოციალური ფონი, დაცლილი სოფლები, საზღვარგარეთ საშოვარზე წასული ახალგაზრდები - ამ მხრივ, სამეგრელოში იგივე ხდება, რაც სხვაგან. სამეგრელოში "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებისგან განსხვავებულად აზროვნება ისჯება. ახლახან დააკავეს ზუგდიდში "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტი სერგო ჩაჩიბაია, რომელსაც ავტოსახელოსნოში უცხო პირი დაესხა თავს - გინება დაუწყო. ჩაჩიბაია პროვოკაციას არ აჰყვა, მაგრამ ის პოლიციამ დააკავა. ბრალს სდებენ, დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ტანსაცმელი შემოახიაო. 

- თქვენს გასვლას რეგიონებში თან სდევდა დაძაბულობა. რას აპირებთ ამჟამად, როგორ წარმართავთ წინასაარჩევნო კამპანიას?
- რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ამ მხრივ გააქტიურება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი არ მოხდება, არამედ უახლოეს მომავალში, და ეს არ იქნება მხოლოდ მიტინგები, შეხვედრები დარბაზებში, გასვლა სოფლებში და ა.შ. ჩვენ მრავალფეროვანი წინასაარჩევნო კამპანია გვექნება, მით უმეტეს, ნაცმაუწყებლობის მხრიდან საინფორმაციო ბლოკადის პირობებში. რაც შეეხება დაძაბულობას, ჩვენ კონფრონტაციას, სიტუაციის გამწვავებას არ ვაპირებთ, თუმცა, ცხადია ხელისუფლების გამოწვევებს უპასუხოდ არ დავტოვებთ.

- წარსულის გამოცდილებით, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას რომელ რეგიონში ელით?
- პროვოკაციები, ალბათ, იქნება, ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ იჯდება. გადაწყვეტილი გვაქვს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავიშალოთ, რასაც ადრე ოპოზიცია მიზეზთა გამო ვერ ახერხებდა და ხელისუფლებას რჩებოდა ბურთი და მოედანი. ამჯერად პოლიტიკური პროცესის წარმმართველები ჩვენ ვიქნებით.