ხელისუფლება ხშირად გვარწმუნებს, რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა შექმნილი, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ამ მოსაზრებას საეჭვოდ მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები, მათ შორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა:
- საქართველო ვერ იქნება ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანა რამდენიმე მიზეზის გამო: ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. აქ დენთის სუნი ისევ ტრიალებს და მოვლენების განვითარების არც ერთი სცენარი არ არის გამორიცხული. ბუნებრივია, ამ პირობებში მყოფი ქვეყანა ინვესტორებს ვერ დააინტერესებს. ამას ისიც ემატება, რომ საქართველო უახლოვდება სამწლიან საარჩევნო ციკლს: 2012 წელს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, 2013-ში - საპრეზიდენტო, 2014 წელს კი - ადგილობრივი თვითმმართველობის. ახლოვდება სამწლიანი დაძაბულობა, რომელიც არასტაბილურობას შემატებს ქვეყანას. ინვესტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მისი ინვესტიციის დაცულობაა, საქართველო კი ამ მხრივ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. თუკი ინვესტორი აქ მაინც შემოდის, მისთვის მნიშვნელოვანი არის უძრავი ქონება, უძრავ ქონებაში ჩადებული კაპიტალი კი სპეკულაციური კაპიტალია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ვერ ავითარებს.
- "საქსტატის" მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 981 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და აქედან მხოლოდ 1,4% ჩაიდო ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში. რით შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი?
- რაც შეეხება იმას, თუ რა თანხები ჩაიდო ამა თუ იმ დარგში, ტურიზმს საქართველოში ძირითადად ავითარებს მთავრობა - ან ბიუჯეტიდან აფინანსებს, ან დროდადრო "შოლტს შემოჰკრავს" ხოლმე ბიზნესმენებს და აიძულებს, მათ განავითარონ ეს დარგი.
მთავრობის განცხადებით, 2015 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რიცხვმა 5 მილიონს უნდა გადააჭარბოს, საბოლოო ჯამში კი, ლაპარაკია 10 მილიონ ტურისტზე. მე ადრეც მითქვამს, რომ ტურიზმის პრიორიტეტად გამოცხადება შეცდომაა, მით უმეტეს, როცა ქვეყანა ღრმა აგრარულ კრიზისს განიცდის. რატომ? - მოსახლეობის 57 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და აწარმოებს ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 8 პროცენტს, ამიტომ ჩვენს სასურსათო კალათაში კვების პროდუქტების ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია: თანაფარდობა დაახლოებით ასეთია - იმპორტირებული პროდუქცია ოთხჯერ მეტია, ვიდრე ადგილზე წარმოებული. ტურისტი, რომელსაც დღეში სამჯერადი კვება მაინც სჭირდება, არის დამატებითი მომხმარებელი, ანუ მისი შემოსვლით იზრდება მოთხოვნა კვების პროდუქტებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობას კი არ შეუძლია ამ რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს და მოთხოვნის ზრდის პარალელურად იზრდება საკვები პროდუქტების ფასიც. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე სასურსათო პროდუქტი უფრო და უფრო ძვირდება, ამიტომ იმპორტული პროდუქციაც ძვირია. მხოლოდ ტურიზმზე ორიენტაციის აღება, სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან თუ სოფლის მეურნეობა არა გაქვს, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის წურბელად გადაიქცევა, შესაბამისად, არც ინვესტორები დაინტერესდებიან ამ სექტორით.
- ცოტა ხნის წინ ტელეეკრანზე აჩვენეს, როგორ მოჰყავთ ამერიკის ქალაქებში სახლის სახურავზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ჩვენი გლეხი კი მიწასაც აღარ ამუშავებს, რადგან მისთვის შემოსავლიანი აღარ არის.
- საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი ნაყოფიერი მიწა, კლიმატური პირობებიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, გვყავს კარგი სპეციალისტები, ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობა გვაქვს აგრარული სექტორის წინსვლისათვის, უბრალოდ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი აგრარული პოლიტიკა, ამ დარგის განვითარების პროგრამა. ამის გარეშე ძნელია ვილაპარაკოთ რამე პერსპექტივაზე. ახლა კი რა გვაქვს? - შარშან გვქონდა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, რომელიც ჩაიშალა. ამბობდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი საექსპორტო პროდუქტი და აღმოჩნდა, რომ ექსპორტზე მხოლოდ ათას ტონამდე გავიტანეთ, რაც არასერიოზული მაჩვენებელია. წელს გვესმის რაიმე ჰიბრიდულ სიმინდზე? - არა. მთავრობა დუმს და აღარც ახსენებს პროგრამას, რომელიც შარშან ასე კარგად იყო "გაპიარებული". რამდენი ოჯახი დააზარალა ჰიბრიდულმა სიმინდმა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ახლა დაიწყეს ლაპარაკი მელიორაციისა და მექანიზაციის განვითარებაზე, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საკითხი არ არის გაანალიზებული კომპლექსებით. თანაც, მთავრობაში, ცოტა არ იყოს, უცნაური სიტუაციაა: სოფლის მეურნეობის მინისტრი ექიმი გვყავს, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი - ფილოსოფოსი. უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრი იურისტი გვყავდა, შემდეგ - ისტორიკოსი, მაგრამ თუ სერიალ "შუა ქალაქში" შეიძლება ექიმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს, რატომ არ შეიძლება სინამდვილეშიც ასე მოხდეს? ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სიუჟეტს ტელესერიალისა "შუა ქალაქში".
- თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მაინც წინსვლაა ბაყაყებისა და ნიანგების მოშენების შემდეგ...
- გეთანხმებით. კიდევ კარგი, ბაყაყებსა და ნიანგებზე აღარ ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ეს იყო "საყმაწვილო სენი", რომელიც მთავრობამ უკვე მოიხადა. ეტყობა, მთავრობის პატარა გოგონები და ბიჭუნები თანდათან გაიზარდნენ, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ შველის ჩვენს აგრარულ სექტორს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
- ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდა მილიარდი ჩაედო სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, მაგრამ კახა ბენდუქიძის რჩევით, ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
- ივანიშვილმა ხელისუფლებას ეს მაშინ შესთავაზა, როდესაც პოლიტიკაში ჩართული არ იყო. უარის მიზეზი ერთადერთია: ეს გოგო-ბიჭები ყველაფერში ხეირს უნდა ხედავდნენ, ისინი ქვეყანაზე არ ფიქრობენ, ნებისმიერი წარმატება მათ სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული. სხვის წარმატებას არ აღიარებენ და იმასაც კი, რაც ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება, საკუთარი პიარისთვის იყენებენ. მთავრობის გოგო-ბიჭებისთვის საქართველო სამშობლო კი არა, ავანსცენაა, სადაც კარიერას იკეთებენ. რაც შეეხება კახა ბენდუქიძეს, ის თითქოს მთავრობას ჩამოშორდა, მაგრამ მთავრობაში ფესვები საკმაოდ ძლიერად აქვს გადგმული, "ბენდუკები" სარეველა ბალახებს ჰგვანან - რამდენიც უნდა ამოძირკვო, მათ კვალზე ახალი სარეველა გამოჩნდება. "ბენდუიზმის" საფუძველი კი უწიგნურობა და დილეტანტიზმია. როდესაც ქვეყანაში დილეტანტიზმი წახალისებულია, იქ "ბენდუიზმსაც" მტკიცედ აქვს ფესვები გადგმული. ერთი შეხედვით, სულ სხვა თემაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ცოტა ხნის წინ უმაღლესი სასწავლებლებიდან 10 ათასი სტუდენტი გარიცხეს იმიტომ, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს, დავიჯერო, მათგან ათი მაინც არ იყო ნიჭიერი? როდესაც ქვეყანაში ასეთი უსამართლობა ხდება, ეს კატასტროფის ტოლფასია. ამ სტუდენტების გარიცხვა დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში სწავლა-განათლება პრიორიტეტი არ არის!
და კიდევ, შევხედოთ, როგორ არის გამეფებული ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებში ნეპოტიზმი - სახელმწიფო სამსახურში აყვანა და დაწინაურება მხოლოდ და მხოლოდ ახლო ნაცნობობით, ნათესაური კავშირებით შეიძლება. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრინციპი არის უსამართლობა, ეს პრინციპი ვრცელდება ყველაფერში, მათ შორის საკანონმდებლო აქტებშიც, რომლებმაც ეკონომიკა უნდა დაარეგულიროს. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, ქმნის სიტუაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიმზიდველობას უკარგავს ინვესტორების თვალში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეკონომიკის მთავარი ინვესტორი მთავრობაა - ასეთია სინამდვილე, რომელსაც ვერსად გავექცევით.
ცნობისათვის
2004 წლიდან 2011 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით საქართველოში 7,8 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო მრეწველობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში. ინვესტორებს შორის ლიდერობენ ევროკავშირის ქვეყნები (43%). დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში შემოვიდა 870 მილიონი დოლარის ინვესტიცია, მას მოსდევს ნიდერლანდები - 694 მილიონი დოლარით, ყოფილი დსთ-ის სივრციდან საქართველოში შემოვიდა პირდაპირი ინვესტიციების 13%, მათ შორის ლიდერია აზერბაიჯანი 407 მილიონი დოლარით, მას მოსდევს რუსეთის ფედერაცია 309 მილიონი დოლარით. დანარჩენ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოში 701 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. საერთაშორისო ორგანიზაციების წილი ამ საქმეში დაახლოებით 2%-ია. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა აზიური ინვესტიციებიც, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული კომპანიებიც საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებს დებენ საქართველოში. ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ ინვესტიციების რაოდენობით ჩვენი ქვეყანა ლიდერია მთელ ამიერკავკასიაში, თუმცა სპეციალისტთა აზრით, ლიდერი ამ მხრივ აზერბაიჯანია, მას მოსდევს სომხეთი, რაც შეეხება საქართველოს, ბოლო წლებში შემოსული ინვესტიციების რაოდენობით ის აშკარად ჩამორჩება თავის მეზობლებს.