რა ინფორმაციას ფლობს თეა წულუკიანი ზუგდიდიდან და რა ზომებს მიიღებს დიპლომატიური კორპუსი სამგრელოში განხორციელებული რეპრესიების აღსაკვეთად
ირაკლი ალასანიას სკანდალურ განცხადებას, სამგრელოში უკანონო ბანდფორმირებების არსებობის შესახებ, ხელისუფლებამ 25 მარტს, ზუგდიდში, თავისუფალი დემოკრატების აქტივისტის, სერგო ჩაჩიბაიას დაკავებით უპასუხა. რაიონულმა სასამართლომ მას ბრალი 353-ე მუხლის პირველი და 258-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, ცივი იარაღის ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენა. საბოლოოდ კი, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ბრალდებულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი პარტიის ლიდერებმა თეა წულუკიანმა, ირაკლი ჩიქოვანმა და ლევან იზორიამ, ასევე ,,ამომრჩეველთა ლიგის'' წევრმა კახა მიქაიამ, სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, ტაშითა და ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტეს, მოსამართლე ტენდენციურობასა და უსამართლობაში დაადანაშაულეს და იქვე, სასამართლოს ეზოში საპროტესტო მიტინგიც გაიმართა, რომელსაც მოქალაქეებიც შეუერთდნენ. კახა მიქაია თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლის გამოყენებაში ეხმარებოდა, როცა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან ქირია 20-მდე პოლიციელთან ერთად მიუახლოვდა და მანქანისკენ ხელკავით გაიყვანა. ადვოკატ გიორგი სამუშიას კი, კახა მიქაიას დაცვის განხორციელების უფლება პოლიციელებმა არ მისცეს. თავისუფალი დემოკრატების მტკიცებით, მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არც მოწმეები დაუკითხავთ, რომლებსაც კახა მიქაიას უდანაშაულობის დაამტკიცება შეეძლო. მეტიც, სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის ინსპექტორმა ვინმე გოგიტა ქობალიამ შეადგინა, რომელიც მიქაიას დაკავებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ბრალდებული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავა, როცა უმისამართოდ იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. საბოლოოდ, მოსამართლემ კახა მიქაიას ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რა თქმა უნდა, კახა მიქაია მიტინგზე მიკროფონის დაჭერისთვის არავის დაუჭერია, სწორედ ის გახლდათ პირველი, ვინც საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია სამეგრელოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ და სწორედ ამისათვის დაისაჯა.
,,ამომრჩეველთა ლიგის'' ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ მათი წევრის დაკავება ხელისუფლების მხრიდან ორგანიზაციის მისამართით განხორციელებული პირველი შეტევაა. ლევან ჩიკვაიძე, ,,ამომრჩეველთა ლიგის'' ხელმძღვანელი: ,,კახა მიქაია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ,,ამომრჩეველთა ლიგას'' რეგიონიდან შემოუერთდა. ზუგდიდში კახა მიქაია ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხანია აღიზიანებს და რეგიონში არსებულ უკანონობას ამხელს. კახა იყო პირველი, ვინც სამეგრელოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბების საკითხს შეეხო და ამ საქმეში ჩართული პიროვნებები ამხელა. ასევე მან გაავრცელა კადრები ზუგდიდში ზარ-ზეიმით გახსნილი საავადმყოფოდან, რომელიც რამდენიმე საათში სამედიცინო აპარატურისაგან დაცალეს. კახას დაკავებისთანავე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შევხვდით. აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელთან კი შევთანხდმით, რომ მომავალში ე.წ. ცხელი ხაზის ტიპის ურთიერთობა გვექნება. ინფორმაციის მიღებისთანავე აშშ-ს საელჩო ზუსტად ორ წუთში გამოგვეხმაურა, დაუკავშირდა სახალხო დამცველსა და კომპეტენტურ ორგანოებსაც. დიმპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, დეტალები საჯარო არ გახდეს, მაგრამ გარწმუნებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზუგდიდში განხორცილებულ რეპრესიებს საერთაშორისო თანამეგორობის საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა''.
,,ვერსიასთან'' საუბარში თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, რომელიც ზუგდიდის პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა, სერგო ჩაჩიბაიასა და კახა მიქაიას დაკავების დეტალებს იხსენებს:
- სერგო ჩაჩიბაია პროფილაქტიკაში, მანქანის გამოსაყვანად ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ამ დროს მასთან უცნობი პირი, ვინმე ქეცბაია მივიდა და გინება დაუწყო, თან ყვიროდა - შენ ის სერგო არ ხარ, ცხოვრება რომ გამიმწარეო. ჩაჩიბაია მუდმივად პროვოკაციის მოლოდინში იყო, რადგან ის უშიშროების პოლკოვნიკია და 2004 წლამდე სამართალდამცავ ორგანოებშიც მუშაობდა. ერთ დღესაც, იგი, როგორც ძველი სისტემის გადმონაშთი არ მოეწონათ და გაასამართლეს. სერგომ სასჯელი პატიოსნად მოიხადა. ინციდენტისას, ჩაჩიბაიას ორმა მეგობარმა პროვოკატორი ქეცბაია გზის მეორე მხარეს გადაიყვანა, ამ დროს კი, პოლიციის პიკაპები გამოჩნდნენ და სერგოს სამმართველოში წაყოლა უბრძანეს. ისიც, აბსოლუტურად მშვიდად გაჰყვა და აგრესორს არ შეეპასუხა. სასამართლოზე კი გაირკვა, რომ სერგო ჩაჩიბაიას პოლიციის მანქანაში ერთ-ერთი თანამშრომლის წიხლებით ცემა ედებოდა ბრალად. ჩხრეკისას კი დანა ამოუღეს, რომელიც პროცესზე აბსოლუტურად განხვავებული, დიდი ზომის დანით ჩაანაცვლეს. სასამართლოზე სერგო საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა და საზოგადოებას მიმართა _ ჩემი დაპატიმრებით ნუ შეშინდებით, რათა დაწყებული პოლიტიკური პროცესი არ შეჩერდესო. განაჩენის გამოტანის შემდეგ, შენობა დავტოვეთ და მოპირდაპირე შენობის წინ გადავინაცვლეთ. ჩვენთან ერთად იყო კახა მიქაიაც, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ, მიზეზის განმარტების გარეშე დააპატიმრეს. კახა მიქაიას არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ახალაიების კლანს შეურაცხყოფა მიაყენა. კოდექსში კი არ არსებობს მუხლი, რომლითაც ეს ქმედება დასჯადია. ყველას აქვს, თუნდაც უცენზურო სიტყვებით, ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკის უფლება. როგორც ჩანს, მიქაიას დაკავებით სურდათ ზუგდიდელებისთვის ეჩვენებინათ, რომ ვითარებას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს. თუმცა, ზუგდიდში კარგად დავინახე, რომ მართალია, ადგილობრივი მოსახლოება სახლიდან არ გამოდის და ხმამაღლა პროტესტს არ გამოთქვამს, მაგრამ მოვლენებს ჯანსაღად აფასებს. ახლა მთავარია, ,,ქართული ოცნებისა'' და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, ადგილზე აქტიურად ვიმუშაოთ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ სააკაშვილის ალტერნატივა რეალურად არსებობს. სამეგრელოში ზეწოლა პარტიის კიდევ რამდენიმე წევრზე ხორციელდება _ ფარული ნომრიდან უცნობი პიროვნებები ურეკავენ და ემუქრებიან. აქციაზეც ჩვენ ერთ-ერთ აქტივისტსაც დაურეკეს და უთხრეს _ თუ ამ ადგილს არ მოშორდები, შენს ოჯახს მივაკითხავთო. საბედნიეროდ, ეს ადამიანი ბოლომდე ჩვენთან ერთად იდგა. იცით რა, საზოგადოება უკვე კაუჩუკის ბურთის მდგომარეობამდეა მისული _ შესაკუმში სივრცე აღარ დარჩა.
_ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე სამეგრელოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რეაგირებას არ მოახდენდა, შესაბამის ზომებს მიიღებდა. რა მექანიზმი შეიმუშავეთ ამ პროცესის შესაჩერებლად?
_ ირაკლი ალასანიას მიერ ინფორმაციიის გაჟღერებიდან მეორე დღესვე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სამეგრელოში ჩავიდნენ, კერძო სახლებში განთავსებული ბანდფორმირებები დაშალეს და დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს. გამოქვეყნებული მისამართები დღეს უკვე შეცვლილია, თუმცა ამ პრობლემას ჩვენ ბოლომდე მივყვებით. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ადგილობრივ დონეზე შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, ხელისუფლების ნებისმიერი უკანონო ქმედება სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ხელისუფლება ვერ შეძლებს რეგიონებში ფეოდალური მმართველობის ჩამოყალიბებას. ასლან აბაშიძის წასვლასთან ერთად, საქართველოში ეს პრაქტიკა სამუდამოდ აღმოიფხვრა. ასე რომ, ეს არც ახალაიებს გამოუვათ.