ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, რომ აშშ-სთან დიალოგი სხვა რეჟიმში გადავიდა და თამაშის იმ წესებით უნდა ითამაშონ, რომელსაც ვაშინგტონი აწესებს

ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, რომ აშშ-სთან დიალოგი სხვა რეჟიმში გადავიდა და თამაშის იმ წესებით უნდა ითამაშონ, რომელსაც ვაშინგტონი აწესებს

საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და პოლიტოლოგ გიორგი მარგველაშვილის შეფასების თანხვედრის მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ , როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში, თუ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინა, "ინტერპრესნიუსი" საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.

აშშ-ს სენატში გამოსვლისას, საქართველოში აშშ-ს მომავალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის დახასიათებისას გამოიყენა შეფასება - "მოსწორებული სათამაშო მოედანი". პრაქტიკულად, ანალოგიური შეფასება თქვენ მასზე ადრე გამოთქვით და არსებულ ვითარებას "დახრილი მოედანი" უწოდეთ და იქვე დასძინეთ, რომ პოლიტიკური სუბიექტები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. რას შეიძლება ნიშნავდეს ნორლანდისა და თქვენი შეფასებების თანხვედრა?
- ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში აშშ-ს მომავალმა ელჩმა იგივე ტერმინებით ისაუბრა, რაზეც მე ვსაუბრობდი. პრინციპში, აქ საქმე ძალიან მარტივადაა. საუბარია იმის თაობაზე, რომ პლურალისტურ საზოგადოებაში შესაძლებლობა უნდა მიეცეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, გამოხატოს თავისი შეხედულებები და თავისუფალი არჩევნების საშუალებით მივიდეს ხელისუფლებაში იმ წილით, რა წილითაც ქვეყნის მოსახლეობას ეს უნდა. 

ამის ალტერნატიული შეხედულება არის ის, რაც სამწუხაროდ, ჩვენი მმართველი ელიტის შიგნით ჩამოყალიბდა. საუბარია იმაზე, რომ ისინი არიან ქვეყნის მამოძრავებელი ძალა, რომ მათმა ნებამ უნდა გადაფაროს ჩვეულებრივი ამომრჩევლის ნება, რომ მათი ნება უფრო განათლებული და უფრო პროგრესულია. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება ისტორიის კალენდარიდან რეალურად ამოვარდნილია. ცუდი და კარგი მსოფლიოს ლოგიკა, მსოფლიოს ისტორიული განვითარება მიდის იქამდე, რომ სწორედ დემოკრატიისა და დემოკრატიული სისტემების მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნების მართვა. რაც არ უნდა პროგრესულად მიაჩნდეს თავისი თავი დღევანდელ ელიტას, ისინი რეალურად, კალენდრიდან ამოვარდნილნი არიან. ის აქცენტი, რომელსაც აშშ ასე მკვეთრად აკეთებს საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, ეს ჩვენთვის არანაირად ახალი და გასაკვირი არ უნდა იყოს. აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა კარგა ხანია სწორედ დემოკრატიის ვექტორზე ვითარდება. ამდენად, ეს არც აღმოჩენაა და არც გასაოცარი არაა. უბრალოდ, მისასალმებელია, რომ საქართველო ჩადგა იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც ამ ისტორიულ დინებას დღეს უნდა მიუერთდნენ. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს მართვის თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტები. აშშ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება საზოგადოებისა და ისტორიის ადეკვატური გახდეს. 

ნორლანდმა აშშ-ს სენატში ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი შემდეგი გამონათქვამი - "საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უკვე იციან, რომ ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან". თქვენი აზრით, რამდენად აქვს ჩვენს ხელისუფლებას გაცნობიერებული, რომ ვაშინგტონი მას გამადიდებელი შუშით აკვირდება და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს იგი ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის რეკომენდაციებზე? 
- არა მგონია, რომ ადეკვატურად რეაგირებდნენ. ხელისუფლებას არა აქვს გააზრებული, რომ აშშ-სთან დიალოგი სხვა რეჟიმში გადავიდა და მათ თამაშის იმ წესებით უნდა ითამაშონ, რომელსაც ვაშინგტონი აწესებს. ხელისუფლება ცდილობს თავისი ძალის დემონსტრირებით როგორი რეალობისს ჩამოყალიბებასაც მოახერხებენ, შემდგომ ის "მიჰყიდონ" ვაშინგტონს. ეს არ არის ის ენა, რომლითაც საქართველოს მსგავსი ხელისუფლება და სახელმწიფო ვაშინგტონს შეიძლება ელაპარაკოს. ანუ, პოლიტიკური სტატუს-კვოდან გამომდინარე, ვაშინგტონს ურთიერთობის თავისი პირობები წაუყენოს. 

ხელისუფლებას ქვეყანაში ვითარების გარკვეულ რეალობამდე მიყვანა კი შეუძლია, მაგრამ ის, რასაც აკეთებს პუტინი, ირანი, ჩინეთი, საქართველოსთვის სრულიად წარმოუდგენელია. ეს ქვეყნები სუპერსახელმწიფოები და რეგიონალური მასშტაბის ქვეყნები არიან. სტატუს-კვოდან გამომდინარე, საქართველოსნაირ ქვეყანას იმის არჩევანი, რომ ვაშინგტონს ევაჭროს, ნაკლებად გააჩნია. მით უმეტეს, რომ ეს დღის წესრიგი უკვე განსაზღრულია და იგი არ გახლავთ მოგონილი და საქართველო უკვე ორი ათწლეულია ამ დღის წესრიგზეა მიერთებული. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამას მიერთებულია საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტი. 

- ხშირად ამტკიცებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების აზრის გათვალისწინებას არ აპირებს. თქვენც ასე ფიქრობთ? 
- არა მგონია, რომ ასეთი არარეალისტური იყოს ხელისუფლება. ვფიქრობ, ხელისუფლებაში არიან ჯგუფები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილნი არიან თანამედროვე კონტექსტიდან, მაგრამ არიან ძალიან ჭკვიანი ადამიანებიც. რაც შეეხება პრეზიდენტს, ის უფრო შიდაჯგუფური მაკონსოლიდირებლის როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, მას საგარეო კონტექსტიც ესმის და ისიც ესმის, თუ რითი შეიძლება ივაჭროს და ამისთვის რა შესაძლებლობები გააჩნია. 

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი საერთაშორისო კონტექსტში ერკვევა, მაგრამ დღეს მის წინაშე პოლიტიკური გუნდის კონსოლიდაციის ამოცანა დგას. ანუ, მის წინაშე დგას თავისი გუნდის არდაშლის და არჩამოშლის ამოცანა და იგი ამას მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევს. ხელისუფლებაში არიან ოდიოზური ფიგურები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არსებობს საქართველოს გლობუსის ფენომენი და რომ საქართველო არაა ის ქვეყანა, რომელიც თავისი რესურსებით ძალიან მცირეა იმისთვის, რათა რეგიონალურ და მსოფლიო მასშტაბის ბირთვულ სახელმწიფოებს გამოუცხადოს თავისი პოლიტიკური დოქტრინა. მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და საინტერესოა ამ პროცესის შედეგად რა კრისტალიზდება ჩვენს მმართველ ელიტაში. 

- 5 აპრილს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ვადა იწურება. ბევრი მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო გამოკითხვით ივანიშვილის "ქართული ოცნებისთვის" 10%-იანი რეიტინგის დაფიქსირება მისთვის მოქალაქეობის არმიცემის პრელუდია იყო. თქვენი აზრით, აღუდგენს თუ არა ხელისუფლება ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას?
- ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას დიდი არჩევანი არ გააჩნია. მათ საერთოდ უნდა ამოაგდონ თავი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ პრაქტიკულად, საქართველოში არჩევნები გააუქმეს. მათ ეს გააკეთეს სრულიად ოდიოზური კანონებისა და სტრუქტურების შექმნით. მაგალითად, იმით, რომ ლიმიტი დააწესეს საარჩევნო ფონდების ხარჯვაზე, შექმნეს სრულიად ოდიოზური სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლად მიჩნეულ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფს ქვეყნის მასშტაბით იბარებს, აშიშვლებს და მათივე პოლიტიკურ აქტიურობაზე დაკითხვებზე შეჰყავს. კანონის 26 პრიმა მუხლი პრაქტიკულად აუქმებს ქვეყანაში პოლიტიკურ დისკურს, რამაც არასამთავრობოებში გამოძახილი ჰპოვა. 

ყოველივე ამის მიუხედავად, მთელი ამ პროცესის აქცენტი და ეპიცენტრი 5 აპრილს, ანუ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემის თარიღს უკავშირდება. ვიმეორებ, ხელისუფლება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემით ან ამოაგდებს თავის თავს პოლიტიკური კონტექსტიდან და ისინი დადგებიან იმ ქვეყნების ხელისუფალთა რიგში, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ისინი მსოფლიო დემოკრატიული პროცესის გარეთ დგანან და შესაბამისად, დაუპირისპირდებიან დემოკრატიულ სამყაროს, ან მისცემენ ივანიშვილს მოქალაქეობას და დემოკრატიული განვითარების შანსს დაუტოვებენ თავის თავსაც და ქვეყანასაც. 

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ ივანიშვილს მოქალაქეობა 5 აპრილს არ აღუდგინა და იმ შემთხვევაშიც, თუ მოქალაქეობა დაუბრუნა? 
- თუ მისცემენ მოქალაქეობას, ხელისუფლებას სათამაშოდ რესურსი კიდევ დარჩება. მოქალაქეობის მიცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების წევრები ჯეფერსონები და ვაშინგტონები გახდებიან და კონტროლის პალატაში ჰამილტონი გამოჩნდება. ბუნებრივია, ეს ასე არ მოხდება. 

მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა რადიკალური ნაბიჯი იქნება. ეს იქნება იმის დეკლარირება, რომ ისინი რეალურად უარყოფენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც მათ ხელისუფლებაში რეალურად მოსვლისას აიღეს. მე ისევ საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის ბატონ რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს დავესესხები - "მათ ვალდებულებები იმ სახსრების მიღებისას აიღეს, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში აძლევდა. 

ფაქტიურად, ეს დასავლეთის "გადაგდებას" ნიშნავს. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა იმ სახელმწიფოს ლიდერს, რომელმაც უკანასკნელ 50 წელის მანძილზე დასავლეთი "გადააგდო", კარგად დაემთავრებინოს კარიერა.