ეკონომიკის მინისტრს პრეზიდენტის უფლებები ენიჭება, თანაც საკუთრების ჩამორთმევის საკითხებში. შესაძლოა, ნორმალურ ქვეყანაში ეს ვინმეს დაუჯერებლადაც კი ეჩვენოს, მაგრამ პარლამენტის ინიციატივით უკვე მიღებულია კანონი და უახლოეს დღეებში შევა ძალაში, რომლის თანახმად ეკონომიკის მინისტრი სწორედ ქონების ჩამორთმევის უფლებით აღიჭურვება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ეს უფლება მხოლოდ პრეზიდენტს გააჩნია. რაც მთავარია, ამისთვის უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. სხვათა შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას საკუთრების დაცვის საკითხი საკმაოდ მწვავე კრიტიკის საგნად იქცა და სამომავლო კონსტიტუციაში დამატებითი მექანიზმები ჩაიდო საკუთრების უფლების დასაცავად.
ამასობაში კი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, ლაშა თორდიას და გიორგი მელაძის საკანონმდებლო ინიციატივაც დამტკიცდა. ეს ინიციატივა კი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხებს, პრეზიდენტის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გადაწყვეტს.
აქამდე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელებაზე ბრძანებას პრეზიდენტი გამოსცემდა, ახალი წესების თანახმად კი, ბრძანებას უკვეე კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს. ჯერჯერობით უცვლელად რჩება ის ნორმა, რომლის თანახმად, ექსპროპრიაციისთვის სასამართლოს თანხმობა იქნება საჭირო.
ამ გადაწყვეტილებას თავად ინიციატივის ავტორები იმით ხსნიან, რომ „ეს ეკონომიკის მინისტრის პრეროგრატივა უფროა, ვიდრე პრეზიდენტის“. საპარლამენტო ოპოზიციისთვის კი ეს არგუმენტი მიუღებელია.
„სააკაშვილი ფრენის ლიცენზიის გარეშე დაფრინავს აქეთ-იქით და რაღა ეს უფლება მოეჩვენათ პრეზიდენტისთვის შეუფერებლად? მაშინ ამ ლოგიკით შეწყალებას იუსტიციის მინისტრი უნდა ახორციელებდეს ან სასჯელაღსრულების მინისტრი, ან სახალხო დამცველი. ბარემ ესეც გავაკეთოთ, რატომ არ ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, მე ფორმალურ გადაწყვეტილებებსა და უფლებებზე ვსაუბრობ, თორემ ისე ვინ ვისი გავლენით რას აკეთებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
ექსპერტები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ყველა ქვეყანაში მთავრობის ხელმძღვანელი იღებს და წარმოუდგენელია, რომ ეს ერთ-ერთი რომელიმე მინისტრის პრეროგატივად იქცეს. ოპოზიცია კი იმ საშიშროებაზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ ნორმის ამოქმედებას მოჰყვეს.
„ჩემი აზრით, აქ რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი ის, რომ ეკონომიკის მინისტრი არ იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და კანონის თანახმად, ქონების ექსპროპრიაცია შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას მოხდეს. ახლა მე არ ვსაუბრობ, ექსპროპრიაციის მექანიზმზე. საუბარია გადაწყვეტილების მიმღებზე. ამიტომაც სრულიად გაუგებრად მიმაჩნია ის, რომ ეს უფლება ჰქონედს ერთ რომელიმე მინისტრს. როგორ შეიძლება, ასეთ საკითხს ერთი რომელიმე მინისტრი წყვეტდეს? პრეზიდენტსა და მინისტრს შორის ოფიციალურად მაინც ხომ არის რაღაც განხსვავება? ლამის არის ვიფიქრო, რომ სააკაშვილი პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ ეკონომიკის მინისტრობას აპირებს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, ეჭვს იწვევს თავად ის ფაქტიც, რომ ამ ინიციატივის მიღება მაინცდამაინც ახლა მოხდა და ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ეს ქობალიასთვის სააკაშვილის ერთ-ერთი საჩუქარი იყოს“.