"ვფიქრობ, ის მეთოდოლოგია და პრაქტიკა, რაც ამ კვლევის დროს არის გამოყენებული არასწორი და მცდარია. ხელისუფლება და "ნაციონალური პარტია" კი თავისი ნაციონალური ტელევიზიებით მანიპულირებს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს. ვფიქრობ, არჩევნებამდე ახალი ხედვა უნდა შემუშავდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მეთოდოლგია უფრო დაიხვეწოს. ეს კვლევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით შეფასებები არარეალისტურია. ჩვენ კოალიციის ფარგლებში ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის ამ წინადადებებეის შემუშავებაზე, რომ მეთოდოლოგია უფრო სამართლიანი გახდეს. ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს, რათა ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვიქტორ დოლიძე: "სასაცილოა ამ კვლევის შედეგები.
"თქვენ რომ მოისმინოთ სენატორ კარდინის, სხვა სენატორებისა და ამერიკის ახლად დანიშნული ელჩის განცხადებები, მიხვდებით, რომ აშშ-ში თანამშრომლობა სურთ დემოკრატიულ მთავრობასთან. ეს არის როგორც ოფიციალური ვაშინგტონის, ასვევ აშშ-ის წარმომადგენლების პოზიცია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მაგრამ კვლევები, რასაც ის ატარებს და ის მეთოდოლოგია, რაც არის გამოყენებული, ამ შემთხვევაში სულ სხვას ამტკიცებს. სურათი, რომელიც ბოლოს არის მოცემული, სულ მცირე, სასაცილოა - თითქოს 10% აქვს "ქართულ ოცნებას". "ქრისტიან-დემოკრატებზე" საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი. ეს კვლევა საზოგადოებისთვის სასაცილოც კია. ჩვენი მთავარი კვლევა, სიმართლე რომ გითხრათ, არის საზოგადოების დამოკიდებულება და შეფასება, რაც სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე. "ენდიაიმ კვლევების სრული დისკრედიტაცია მოახდინა. ალბათ, უხერხულად გრძნობს თავს ამ კვლევების დამკვეთიცა და შემსრულებელიც. მისი შედეგებით ქვეყანაში არსებული სურათი თავდაყირააა დაყენებული. შესაბამისად, ჩვენს უნდობლობას ვუცხადებთ არა ენდიაის, არამედ ორგანიზაციას, რომელიც ამ შეკვეთას ასრულებს. საუბარი მქონდა ლუის ნავაროსთან, რომელიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს და მე მას განვუმარტე, რომ ასე ხდება არა მარტო კვლევების ავტორიტეტის შელახვა, არამედ თავად ენდიაისაც", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ინგა გრიგოლიას ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს?! "ავუხსენი მექანიზმი, როგორ აყალბებს შემსრულებელი ორგანიზაცია შედეგებს. დიახ, ენდიაი ამას თავად არ აკეთებს - ამას აკეთებენ აქაური კომპანიები, რომლებიც მთლიანად მიბმული არიან ნაციონალურ მოძრაობაზე და მათ ხელისუფლების წარმომადგენლები კურირებენ. მეტიც, მე გეტყვით, რომ რამდენიმე ორგანიზაციაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს წილები აქვთ. ნაციონალების კომპანიები არიან ამ სოციოლოგიური გამოკითხვის ფირმების დამფუძნებლები. ისინი არა მარტო კვლევის შედეგებს ამახინჯებენ, მატერიალურ მოგებასაც იღებენ. მე ვურჩიე ნავაროს , რომელს შეუძლია უფრო ობიექტური კვლევების ჩატარება. არ გვინდა, გავაკრიტიკოთ ორგანიზაცია ენდიაი, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. მის მოღვაწეობას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, მაგრამ მათი მოღვაწეობის ეს კომპონენტი ატარებს ხარვეზებს, ხდება არა მხოლოდ კვლევების, არამედ მათი ავტორების რეპუტაციის შელახვაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია და შეკითხვას - "რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ენდიაის რეიტინგები სხვა თემაზე, სადაც საუბარი იყო, რომ 70% უჭერდა მხარს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას - ძალიან დიდი შუალედი ხომ არ გამოდის 70 და 10 პროცენტი?" - პასუხობს: "ამ შემთხვევაში გამოდის "ცნობილი არისტოკრატის" ნუგზარ წიკლაურის, აკო მინაშვილისა და გოკა გაბაშვილის ლოგიკა - რომ თურმე იმიტომ უჭერს მხარს მოსახლეობა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას, რომ მერე დაამარცხონ არჩევნებში. ვისაც ამისი სჯერა, გზა დამილოცნია ეკლიანი ვარდებით მოფენილ გზაზე..." "მოდით გამოვაცელკევოთ ერთმანეთისგან ენდიაის ამერიკის და თბილისის ოფისები. ეს არის ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული ინსტიტუტი და თუ ვინმეა სააკაშვილის კრიტიკოსი, ეს სწორედ ამერიკის დემოკრატიული პარტიაა, ადმინისტრაციის თამადობით. ამიტომ, როგორც ჩანს, თბილისშივე ხდება ამ საქმეების მოკვარახჭინება... ყველაზე დიდი კვლევა ოქტომბერში ჩატარდება, მაგრამ იცით, სად გადაამლაშეს? პირადად სააკაშვილის ხელი ჩანს ამ ციფრებში, ოღონდ გამწარებული მიშას ხელი - ვერა ქობალია ამ სიაში არ უნდა ჩაეწერა. თან არა წინ, სადმე სხვაგან, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინ. რა განწყობაც უნდა ჰქონდეს სააკაშვილს პირადად ქობალიასა და პირადად ივანიშვილის მიმართ, ეს დიდი შეცდომა მაინც არ უნდა დაეშვა. ამით ის ფსიქიტიპი გაიშიფრა. კარგია, ვერა რომ ჩაწერა, თორემ სხვა შემთხვევაში უფრო ვიღელვებდი. ახლა კი, ვერა რომ ვნახე იმ სიაში მივხვდი, რომ ეს ის გამოკითხვა ვერაა", - აცხადებს ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ენდიაის კვლევა - ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღი?! "გამოქვეყნებული შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილისთვისაც: "უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზეც, პოლიტიკურად მიუკერძოებელი თუ არის მკვლევართა ის ჯგუფი, ვინც კვლევა ჩაატარა. დღეს ქვეყანაში შექმნილია ისეთი ვითარება, როდესაც მოქალაქეებს პოლიტიკურ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებების გამხელა უჭირთ. თუ ინტერვიუერი მას მისამართს და ვინაობას არ ეკითხება, მაშინ გულახდილობის ხარისხი, შესაძლოა, გაიზარდოს," - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა, რომლის აზრით, "ამგვარი შედეგებიც გაყალბებულია, რადგან დაბალი პროცენტების დაფიქსირებისას რადიკალური შეხედულებები ნეიტრალდება", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით ვენდოთ ენ-დი-აის კვლევას? / "გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დგას და რაღაც პოლიტიკურ თამაშებში მონაწილედ გვევლინება" "სამწუხაროა რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ნაცმოძრაობის რეიტინგი მიზანმიმართულად მგონია გაზრდილი, ხოლო "ქართული ოცნებისა" - შემცირებული. გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დგას და რაღაც პოლიტიკურ თამაშებში მონაწილედ გვევლინება. ეს, უპირველესად, ამერიკის ინტერესებს და იმიჯს ლახავს ჩვენს ქვეყნაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას" - "ამ კვლევით სახელისუფლებო ძალის პოზიციები საკმაოდ მყარია, თუმცა ისინი ამის ზედმეტ აფიშირებას აშკარად მოერიდნენ, არადა, აქამდე სწორედ ასე იქცეოდნენ..." პასუხობს: "ის, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად მოეკიდა ამ მონაცემებისგან პიარის აგორებას, ერთადერთი რამით აიხსნება - მათ მშვენივრად იციან რეალური მონაცემები, იციან ხალხის განწყობა და მოერიდნენ საზოგადოების მეტად გაღიზიანებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაშიც" უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. ეს კოალიცია რომ უფრო აქტიური ყოფილიყო, ვერ გაბედავდნენ მისთვის 10%-ს დაწერას, უკმაყოფილებას მოერიდებოდნენ. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ეს პოლიტიკური ძალა არ ყოფილა ისეთი აქტიური, რომ ამას მავანთათვის პროცენტებით მანიპულირებაში შეეშალა ხელი" |