"ყველა შეტევა დასავლეთზე არის პირადად სააკაშვილის ხუშტური. სააკაშვილს შეუძლია დააშანტაჟოს "ნაციონალური მოძრაობა" მეტი არავინ"

"ამგვარი შეტევა უცხოელ ელჩებზე პირველად არ ხდება. როდესაც ხელისუფლებას უჩნდება პრობლემები, ასე ვთქვათ, დასავლეთის ფრონტზე, ის მაშინვე შეტევაზე გადადის. ბოლო ხანს მართლაც ნამეტანი ქნეს და იმდენს მიაღწიეს, რომ ყველაზე უწყინარი ადამიანი, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოუღია, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც კი აალაპარაკეს. მანაც კი საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა და თქვა, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს ყველასო", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველა შეტევა დასავლეთის მიმართულებით არის პირადად მიხეილ სააკაშვილის ხუშტური" / "ვაშაძეს ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან კარგად აქვს შეთვისებული, რომ უფროსი ყოველთვის მართალია".

"მოკლედ, კარგად ვიცით, სააკაშვილს როგორ არ მოსწონს კრიტიკა და შეტევაც სწორედ მან დაიწყო, განაცხადა, რომ თურმე საელჩოებში საქართველოს მოქალაქეებს ცუდად ექცევიან. თანაც ეს გააკეთა იმ დროს, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იწყებს მოლაპარაკებას. ამას მხარი აუბეს თქვენმა კოლეგებმა, რაც ძალიან საინტერესოა. ხელისუფლებამ კარგად იმუშავა და ამ პროცესში გაზეთები და ზოგიერთი ოპოზიციურ განწყობაზე მყოფი ჟურნალისტიც კი ჩართო. ყველა შეტევა დასავლეთის მიმართულებით არის პირადად მიხეილ სააკაშვილის ხუშტური. ამით ცდილობს დასავლეთს უთხრას, ჩვენ როგორ უნდა გაგვაკრიტიკოთ, როდესაც ასეთი მაგრები ვართო. სააკაშვილის ნათქვამი გაიმეორა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ. ეს დიპლომატისგან წარმოუდგენელია, მაგრამ დიპლომატ-ჩეკისტისგან - მოსალოდნელი. ვაშაძეს ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან აქვს შეთვისებული, რომ უფროსი ყოველთვის მართალია და მზად არის, თანამდებობის შესანარჩუნებლად ყველაფერი იკადროს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი. 

"საბოლოოდ ეს საკითხი "ჩამოკაკობობოხიძევდა". ფაქტობრივად, მან თქვა, ელჩები თუ კარგად არ მოიქცევიან, წავალ და ვცემო. ბობოხიძეს მეტი რა შეუძლია - მას ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ცემის მეტი არაფერი უკეთებია. ვწუხვარ, რომ ჯერ ვერავინ შეხვდა ისეთი, საკადრისი პასუხი რომ გაეცა. ბობოხიძე ხან პარლამენტარად რომ გვყავს და ხან _ გუბერნატორად, ეს საქართველოს სირცხვილია. მადლობა ღმერთს, რომ ელჩები მზად აღმოჩნდნენ ამგვარი შეტევისთვის და კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ. კონტრშეტევა ამგვარი შინაარსისაა - სააკაშვილს პირდაპირ სთხოვენ: აღუდგეს მოქალაქეობა ივანიშვილს, ყველას მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში და შეიქმნას სათანადო და კონკურენტული გარემო. ასეთივე იქნება ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის დამოკიდებულება უახლოეს მომავალშიც", - ამბობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სააკაშვილმა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკური კურსიც კი შეცვალოს, პროცესის ამგვარ განვითარებას გამოვრიცხავ. საქართველოს არ აქვს შანსი, შეიცვალოს კურსი. მიხეილ სააკაშვილს არც რესურსი აქვს და არც შანსი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეცვალოს. ამას არც აპირებს. ერთადერთი, შესაძლოა გამოაცხადოს, ჩვენ ვართ მსოფლიოს ჭიპი და ფეხზე მკიდია რუსეთიც და ამერიკაცო. ეს პასაჟი უკვე გაჩნდა ზოგიერთი ბნელი და გაუნათლებელი პოლიტიკოსის განცხადებებში, სადაც ითქვა, რა განსხავებაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და ა.შ. სააკაშვილი თუ ამ გზას დაადგა, ეს იქნება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდების მცდელობა, რაც კრახით დასრულდება. საქართველო არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და დასავლეთის ნაწილი", - განმარტავს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. 

"რიჩარდ ნორლანდის მიერ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დახარჯული ამერიკული ფინანსების ხსენება ეს არის დაახლოებით იმგვარი განცხადება, რომელიც ამას წინათ გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა - რუსეთში 200 მილიონი დოლარი დავხარჯეთ დემოკრატიისთვის, შედეგი კი არ ჩანსო. ამაზე რუსმა პოლიტიკოსებმა უპასუხეს - ამერიკამ 200 მილიონი ჩვენი ძირის გამოთხრაზე დახარჯაო. საქართველოშიც მოიძებნა ადამიანები, ვინც თქვა, ამერიკას ჩვენი ხელისუფლების ძირის გამოთხრა უნდა და არა დემოკრატიის აშენებაო. მოკლედ, სააკაშვილისა და პუტინის ხელისუფლებების წარმომადგენლები ხმაშეწყობილი ლაპარაკობენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი სძულთ. ნორლანდის ეს განცხადება პირველი სერიოზული განცხადებაა ოფიციალურ დონეზე", - განაგრძობს ლევან ბერძენიშვილი. 

"თუმცა მე შარშან ამერიკაში ყოფნისას, ძალიან წარმომადგენლობით ფორუმზე ვთქვი, რომ ამერიკელების ფული არასწორად იხარჯება საქართველოში და გავაკრიტიკე რამდენიმე ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის "ენდიაი". დიახ, ამერიკული ფული არ იხარჯებოდა სწორად, ეს ფული წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის ხელში აღმოჩნდა და ისე განკარგავდა, როგორც გაუხარდებოდა. მაგრამ გავიდა დრო და აშშ-მა გადაწყვიტა, დაითვალოს, რაში დაიხარჯა ეს ფული. აშშ გვარიანად შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი ვითარებით და სერიოზულად აპირებს აქ პროცესების მონიტორინგს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ თურმე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემადგენლობას არც კი იცნობენ, რომ რიგითი სენატორების აზრს მნიშვნელობა არა აქვს - მხოლოდ თავის მოტყუებაა. დავით დარჩიაშვილმა ისე მოიკატუნა თავი, ვითომ ისიც კი არ იცის, სენატორი შაჰინი ქალია თუ კაცი", - დასძენს რესპონდენტი.

"ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ დასავლეთს სააკაშვილი კი არა, რუსეთი ვერ აშანტაჟებს. დიახ, სააკაშვილი ცდილობს ამას, მაგრამ რას მიაღწევს, ამას მალე ვნახავთ. კარგად ვიცნობ დასავლეთის სტრუქტურას, ისეთი უმნიშვნელო ფიგურები, რომლებიც ბირთვული შეიარაღების სამიტებზე იმის გამო დარბიან, რომ სადმე გამოჩნდნენ და ვინმეს ხელი ჩამოართვან, ვერავის დააშანტაჟებენ. სააკაშვილს შეუძლია დააშანტაჟოს "ნაციონალური მოძრაობა", მეტი არავინ", - ახადებს ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "5 აპრილს იწურება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ვადა. რას ელით, გახდება ის საქართველოს მოქალაქე?", პასუხობს:

"ჩემი აზრით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფალი არ არის თავისუფალი თავის არჩევანში, მას აშკარად კარნახობენ, როგორ უნდა მოიქცეს. მგონია, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, დაემორჩილოს როგორც ქართველი საზოგადოების აზრს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ეს ზეწოლა ერთიორად გაიზრდება მანამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგება".