ინგა გრიგოლია - თუკი არსებობს რაღაც რეიტინგები, ჩემ შემთხვევაში ეს სატელევიზიო რეიტინგების დამსახურებაა

ინგა გრიგოლია - თუკი არსებობს რაღაც რეიტინგები, ჩემ შემთხვევაში ეს სატელევიზიო რეიტინგების დამსახურებაა

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი ოპოზიციონერი ლიდერი მოგწონთ/არ მოგწონთ, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ გიორგი თარგამაძე მოსწონს, ინგა გრიგოლია კი - 49%-ს; 
ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 47% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს; რესპონდენტთა 10%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება". მესამე ადგილს, გამოკითხულთა 3%-ის მხარდაჭერით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" იკავებს. 
ზოგადად ამ კვლევებისა და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ქდმ-ს ერთ-ერთ ლიდერს, ინგა გრიგოლიას ესაუბრა. 

ქალბატონო ინგა, ენ-დი-აის (NDI) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევებმა და პარტიების რეიტინგებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებდით ენ-დი-აის მორიგი კვლევის შედეგებს?
- ამ რეიტინგებიდან გამომდინარე დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ მომავალ პარლამენტში, სავარაუდოდ, სამი პოლიტიკური პარტია მოხვდება. სამწუხაროდ, "ნაცმოძრაობა, "ქართული ოცნება" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ერთი დეტალიც, სხვა გამოკითხვებში ქდმ-ს ყოველთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, აშკარაა გარკვეული პროცენტების დაკარგვა, მაგრამ თავისთავად მაჩვენებლები, რომელიც დაიდო, ქდმ-ს აძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან სერიოზული შედეგი ვაჩვენოთ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ თუ არა მე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ მე ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო და დავრჩე თბილისში, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ პარტია რომ მომავალ პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით იქნება, ეს უკვე სახეზეა. 

გამოკითხვის შედეგები მეტყველებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", დღიდან დაარსებისა, სწორი კურსი ჰქონდა არჩეული. ანუ, "მიშა წადის" იქეთ, რაც ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გვესმოდა, ქდმ იყო ის პარტია, რომელსაც თავისი არჩეული გზისთვის არ გადაუხვევია და მთავარ აქცენტებს ყოველთვის აკეთებდა სოციალურ საკითხებზე, სოფლის მეურნეობაზე, უმუშევრობასა და ჯანდაცვაზე. ამიტომ, ნებისმიერი გამოკითხვა, ენ-დი-აი ჩაატარებს, თუ ვინმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, ქდმ-ს რეიტინგი ყოველთვის მაღალი იქნება, ეს ის თემებია, რომელზეც ხელისუფლებასთან მუდმივ პოლემიკასა და ბრძოლაში ვართ, ხალხი ხედავს. საზოგადოება იმასაც ხვდება, რომ ეს პრობლემატიკა ქდმ-ს სამოქმედო გეგმაა და გამოკითხვის დროსაც შესაბამისად რეაგირებს. გამოკითხვით მოსახლეობის 40%-ს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს. თუ ჩვენ წინასაარჩევნოდ ძალიან სერიოზულად ვიმუშავებთ, გვაქვს იმის იმედი, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ძალიან სერიოზულ შედეგს დადებს. 

- კვლევებისადმი ნდობის პრობლემასა და გამოკითხის მეთოდოლოგიაზე არაერთმა სპეციალისტმა თუ პოლიტიკოსმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება. თქვენ მიიჩნევთ თუ არა, რომ კვლევას ნდობის პრობლემა აქვს?
- გამოკვლევების შედეგებისადმი ნდობის საკითხი იქედან გამომდინარე არ დგას, რომ გამოკითხულთა 40% ჯერ არჩევანი გაკეთებული არა აქვს. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ან უბრალოდ ვერ ბედავენ საკუთარი არჩევანის ხმამაღლა გაცხადებას. ჩვენ იმ ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაცხადების შემდეგ შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნათ - სამსახურიდან გაგიშვან, ან ბიზნესი წაგართვან და დევნა დაიწყონ. გამოკითხვა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ კითხვებზე 40%-ს პასუხი არა გვაქვს. თუკი რაიმე ბუნდოვანებაზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს 40% მაძლევს იმის იმედს, რომ საზოგადოების ამ ნაწილიდან ძალიან ბევრი მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ანდა სხვა მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. 

- შეგიძლიათ თქვათ, რომ გამოკითხვის შედეგები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს საკმაოდ კარგად ან მეტ-ნაკლებად კარგად ასახავს? 
- როცა 40%-ის მიერ დამოკიდებულების გაუმჟღავნებლობას ვახსენებ, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში შიში არსებობს. ეს გარკად ასახავს იმ რეალობას, რომელიც გვაქვს და, რომელშიც ვცხოვრობთ. თუ ჩვენ ამ 40%-ს დავუმატებთ "ქართული ოცნების" და ქდმ-სათვის გადანაწილებულ პროცენტებს, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი საიმისოდ, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობით ვერ მოვა. დღეისათვის არსებული ვითარება პირადად მე მაძლევს იმისი პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ ახალ პარლამენტში დღევანდელ ხელისუფლებას უმრავლესობა არ ეყოლება. 

- თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს გამოკითხვაში – "ოპოზიციური კანდიდატებიდან ვინ იმსახურებს თქვენს სიმპატია-ანტიპატიას" - გიორგი თარგამაძის - 54%, მაშინ როცა ქდმ-ს პარტიების რეიტინგში სულ რაღაც 3% აქვს?
- თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ გიორგი თარგამაძის ბეგრაუნდს და მისივე რეიტნგს, რომელიც მას მთელი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა, თუნდაც ტელევიზიიდან მოყოლებული და დღეს მისი პოლიტიკური გამოსვლებით, საშინაო თუ საერთასორისო ასპარეზზე, პიროვნულად გიორგი თარგამაძის რეიტინგი ჩემთვის ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება პარტიას ალბათ "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" აქვს სისუსტეები, რაც უნდა დაიძლიოს და ჩვენ იმედია, მოგვეცემა შანსი, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ეს სისუსტეები და ხვრელები ამოვავსოთ. შესაძლოა, ვინმეს პიროვნულად ლიდერი მოსწონდეს, მაგრამ მისი პარტიის სიძლიერე მაინცდამაინც მისაღები არ იყოს. ამიტომ, ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის შედეგი, რაც იგივე გიორგი თარგამაძის რეიტინგთან დაკავშირებით დაიდო. თავისთავად ის ფაქტი, რომ რეიტინგულ პოლიტიკოსთა ხუთეულში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სამი ლიდერი მოხვდა, არ გამკვირვებია. ძალიან ცხარე პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში და საკრებულოში რეიტინგზე მოქმედებს. გარდა ამისა, თითოეულ ჩვენგანს ტელევიზიაში საქმიანობიდან მოყოლებული გვაქვს გარკვეული რეიტინგი. მე ამას გიორგიზე ვერ ვიტყვი, ვინაიდან იგი თავიდანვე პოლიტიკური ფიგურა იყო. მაგრამ, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი მაყურებლისთვის უცხო სახელები და გვარები არ ყოფილა. ამიტომ გამოკითხვის ეს ნაწილიც ჩემთვის გასაკვირი არაფერი ყოფილა. 

როგორ შეხვდი იმას, რომ უკანასკნელი გამოკითხვით, პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილზე მეტი რეიტინგი გაქვთ პირადად თქვენ? 
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც რეიტინგები კეთდება, ნებისმიერ პიარტექნოლოგს რომ კითხოთ, პირდაპირ იმას გიპასუხებთ, რომ პოლიტიკაში ცნობადობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი პირადად ჩემზეა საუბარი, მე ალბათ ჯერ კიდევ მომყვება ტელევიზიიდან წამოყოლილი რეიტინგი. შესაძლოა, ხალხი ნაკლებად ხედავს, თუ რას ვაკეთებ თბილისის საკრებულოში, მაგრამ, საბედნიეროდ ხალხს ინგა გრიგილოა ტელევიზიიდან კიდევ ახსოვს, მითუმეტეს, რომ დღეს საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკურ თემებზე ცხარე პოლიტიკური მსჯელობისა და პირდაპირი ეთერების ნაკლებობაა. მე ვთქვი კიდეც, რომ თუ პირდაპირი ეთერები არ გაიხსნება, არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. თუკი არსებობს რაღაც რეიტინგები, ჩემ შემთხვევაში ეს სატელევიზიო რეიტინგების დამსახურებაა. რაც შეეხება გიორგი ახვლედიანს, მე შეგახსნებთ, რომ პარლამენტში ყველა მისი გამოსვლა პირადად ჩემში დიდ აღფრთოვანებას ყოველთვის იწვევდა. ამიტომ სრულებით არ გამიკვირდება, თუკი მოსახლეობის ძალიან მაღალ პროცენტს მის მიმართ დადებითი განწყობა აქვს. 

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის სამართლის დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ რადიო "პალიტრის" ეთერში სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა ინსტიტუტმა ენ-დი-აი-სა და აი-რაი-ს სოციოლოგიური კვლევების ერთობლივად ჩატარება შესთავაზა, მაგრამ ორივე ამ ორგანიზაციებისაგან უარი მიიღო. შესაძლოა, ამასაც უკავშირდებოდეს გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "შედეგები ნდობას არ იმსახურებს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცა". . . 
- ამგვარი შეთავაზების შესახებ პირველად თქვენგან მესმის. ამიტომ, ვერაფერს გეტყვით. ისე მართლაც საინტერესოა, თუ რა მოტივით უთხრეს უარი მათ კვლევების ერთობლივად ჩატარებაზე. ვიდრე არ ვიცი, თუ რატომ ეთქვა მათ უარი, ამის თაობაზე ვერანაიდ კომენტარს ვერ გავაკეთებ.